"გამოსათხოვარ მატჩს თავად ჩავატარებ" - კვირის პალიტრა

"გამოსათხოვარ მატჩს თავად ჩავატარებ"

"...გამოვხატავთ გულწრფელ მადლიერებას ყველა იმ ფეხბურთელის მიმართ, ვინც წლების განმავლობაში ერთგულად იცავდა ეროვნული ნაკრების ღირსებას"... "2013 წლის ნოემბერში, როცა ეროვნული ნაკრები საშინაო ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს, მოეწყობა იმ ფეხბურთელების ოფიციალური, საზეიმო გაცილება, რომლებმაც მიმდინარე სეზონში საკუთარი სურვილით განაცხადეს ხანგრძლივი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ", - ეს არის ამონარიდები ოფიციალური განცხადებიდან, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ლევან კობიაშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადეს...

ეროვნული გუნდის წინაშე ამ ფეხბურთელებს დიდი დამსახურება აქვთ, 100 მატჩით კობიაშვილი სულაც ნაკრების რეკორდსმენია... "გამომიძახებს თუ არა, ეს მხოლოდ  მწვრთნელის გადასაწყვეტია. ამის გამო პრეტენზია არასდროს მქონია. თუმცა, იმას მაინც ვიმსახურებდით, ეთქვათ, რომ ნაკრებსI აღარ ვჭირდებით და გულშემატკივართან გამომშვიდობების შესაძლებლობა გვქონოდა", - სფფ-ის განცხადება სწორედ ლევან კობიაშვილის ამ სიტყვებს მოჰყვა. თუმცა, 35 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ  გამოსათხოვარ მატჩს საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, თავად გამართავს.

- მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა: გაცილების მატჩის ან მსგავსი ღონისძიების ჩატარება არასოდეს მომითხოვია. უბრალოდ, გულისტკივილი და სურვილი გამოვხატე, რომ დამსახურებულ ფეხბურთელებს მომავალში მაინც დაემშვიდობონ ღირსეულად. სფფ-ს კი დიდ მადლობას ვეუბნები განცხადებისთვის, რომელშიც ვეტერანებისადმი პატივისცემასა და დაფასებას რამდენიმე თბილი სიტყვით გამოხატავენ. ჩათვალონ, რომ ჩემგან მათი ეს განცხადება და თანადგომა მიღებულია... რაც შეეხება განცხადებაში ნახსენებ ნოემბერში გასამართ მატჩს, თუ საჭიროდ ჩათვლიან, შეუძლიათ ჩაატარონ. თუმცა, ვიმეორებ - არც ვალდებული არიან, ასეთი შეხვედრის ჩატარება არც მითხოვია და არც მჭირდება... როცა საფეხბურთო კარიერას დავასრულებ, გამოსათხოვარ მატჩს თავად გავმართავ ჩემი ორგანიზებითა და სახსრებით!

- სფფ ამბობს, ნოემბერში იმ ფეხბურთელებს გავაცილებთ, ვინც ნაკრებიდან მიმდინარე სეზონში საკუთარი სურვილით წავიდაო...

- განცხადება წავიკითხე, თუმცა, ფედერაციიდან არავინ შემხმიანებია. თუ ჩვენს გაცილებას ნოემბერშიI მართლაც აპირებდნენ, კარგი იქნებოდა, ამ ყველაფრის ორგანიზება აქამდე მომხდარიყო და ასეთ ლაპარაკამდე აღარ მივიდოდით. თანაც, თუ გეგმავდნენ და ახლაღა განაცხადეს, მიუღებელი არც ჩემი მოსაზრება ყოფილა. ამიტომაც გაუგებარია, რატომ გამოიწვია ჩემმა გულახდილმა განცხადებამ ასეთი გაღიზიანება.

- ანუ ზემოაღნიშნულ ამხანაგურ მატჩში  მონაწილეობას არ მიიღებ?

- ეროვნულ ნაკრებში ბოლოს საბერძნეთთან მატჩში ვითამაშე და როგორც ნაკრების ფეხბურთელი მოედანზე აღარ დავბრუნდები... ფედერაციის თანადგომას ვაფასებ, მაგრამ ვიმეორებ - როცა კარიერას დავასრულებ, გამოსათხოვარ თამაშს თავად ჩავატარებ...