შესანიშნავი სამეული
08-04-2013
შესანიშნავი სამეული
"ერთს ფეხბურთის პროფესორს ეძახდნენ, მეორეს - ფინტების ჯადოქარს, მესამეს - აკადემიკოსს..."

გასულ კვირას საფეხბურთო სამყაროში დიდმა ბატალიებმა ჩაიგრიალა, აქეთ - ჩემპიონთა ლიგაო, იქით - ევროპის ლიგაო. ჩვენთან ფეხბურთმა საღათას ძილით დაიძინა და სხვა რა გზაა, როგორც ერთხელ ოტია იოსელიანმა ბრძანა:
- ქე მიჩერებია ეს პირდაფჩენილი ხალხი  ევროპას.

არადა, არცთუ შორეულ წარსულში, გაზაფხულის დადგომა თუნდაც იმიტომ გვიხაროდა, რომ თბილისის "დინამო" ახალ სეზონს იწყებდა და ხუტა უფროსივით, ევროპას თვალებს უყენებდა. ღმერთო, რა
გუნდი გვყავდა! მართლაც ვარსკვლავთკრებული!

ამ ფოტოს დახედეთ, ამ შესანიშნავ სამეულს, ოდესღაც ტრიუმფით რომ მოიარეს "სანტიაგო ბერნაბეუ" თუ "ეპტონ პარკი", "ენფილდი" თუ "სან სირო", მქუხარე სახელის მქონე სხვა არაერთი საფეხბურთო არენა და ისეთი ნატერფალი დატოვეს ევროპის მწვანე მინდვრებზე, დღემდე დინოზავრის ნაკვალევივით რომ ატყვია.

ჩივაძე, გუცაევი, ყიფიანი...
თითო სახელის უკან მდიდარი ისტორიაა, ისეთი მდიდარი, რომ გაზეთის ფურცლები ვერ დაიტევს. პირველს ფეხბურთის პროფესორს ეძახდნენ, მეორეს - ფინტების ჯადოქარს, მესამეს - აკადემიკოსს... სამივეს კი ერთი რამ აერთიანებდათ - დიდოსტატები იყვნენ და მორჩა...

საშა საბჭოეთის ნაკრებს კაპიტნობდა წლების მანძილზე. როგორია, ქართველი კაცი რომ მიუძღვის 15 რესპუბლიკის რჩეულთა კრებულს! მაინც ჩასაფრებულნი იყვნენ, სხვებზე მკაცრად სთხოვდნენ პასუხს. გახსოვთ, ესპანეთის მუნდიალზე, შოტლანდიასთან საშას ფეხი რომ დაუცდა და მეტოქემ გოლად აქცია მისი უნებლიე შეცდომა? არ გაჩერდა ოზეროვი მთელი მატჩის მანძილზე: - კაპიტნის შეცდომა და დასანანი მარცხიო, ეს როგორ მოუვიდა ჩივაძესო...აი, სწორედ მაგ კაპიტანმა ხმა ჩააწყვეტინა ყველას მეორე ტაიმის ბოლოს და მარტომ გატეხა შოტლანდიელი ლომების დაცვის ბასტიონი. ასეთი რამ ნამდვილ კაპიტანს შეეძლო მხოლოდ...

ვოვაც საოცრება იყო. რაც მან გაუკეთა მადრიდის "რეალს" და მიუნხენის "ბავარიას", იშვიათად თუ ვინმეს მოუხერხებია. აკი მოუტანა "რეალის" პრეზიდენტმა გამზადებული კონტრაქტი, სადაც ანაზღაურების გრაფა ცარიელი იყო და გუცაევს სთხოვდა, რამდენიც გინდა ჩაწერე, ოღონდ დარჩი და "რეალში" ითამაშეო(!). ვინ დატოვებდა, თორემ... ვოვა დღესასწაულებს მართავდა! დღეს ერთი კაცის მოტყუება არ შეუძლიათ, გუცაევისთვის კი 2-3 მცველი "კანფეტი" იყო და მნიშვნელობა არ ჰქონდა, მის წინააღმდეგ მანფრედ კალტცი იდგა თუ სეილდა ბაიშაკოვი - ყველას ერთნაირად აწყევლინებდა თავ-ბედს. მისი დონის გარემარბი მას შემდეგ აღარ ღირსებია არა მარტო საქართველოს - ევროპასაც კი ცალი ხელის თითები ეყოფა მათ ჩამოსათვლელად...

დათო კი... დათო ყიფიანი... ჭაბუა ამირეჯიბის პერიფრაზს მოვიშველიებ: ის სანთელივით ჩაიღვენთა მინდორზე თუ მინდვრის გარეთ და ისეთი შუქი დატოვა, რომელსაც წყვდიადის შემანგრეველი ძალა აქვს! იწვოდა თამაშის დროს, თავს აკლავდა ეს შემოქმედი კაცი საქმეს, რადგან არ შეეძლო, ნახევრად შესრულებული როლი შეეთავაზებინა მაყურებლისთვის. როცა ყიფო იყო მოედანზე, ის უნდა ყოფილიყო მთავარი ვიოლინო იმ ორკესტრში, თანაც უბადლო ოსტატობითა და დახვეწილი არისტოკრატული მანერებით.

ერთხელ კადისის ოთხთა ტურნირზე ზიკომ თავზე გადაუტარა ბურთი, ამან ქუსლური ამოურტყა და ბრაზილიელი ჯადოქარი ტაბისონაშვილივით პირღია დატოვა. ზიკო კიდევ ერთხელ გაგიჟდა, როცა 1982 წელს, ესპანეთის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის მატჩში საბჭოთა ნაკრების პირისპირ დადგა და ვიდრე მსაჯი თამაშის დაწყების ნიშანს მისცემდა, გავრილოვს თუ ბალტაჩას ჟესტებით ანიშნა: - ის ულვაშა სად არის, ვერ ვხედავ თქვენ შორისო... ამათაც უთხრეს, ნაკრებში ვერ მოხვდაო... სწორედ მაშინ მიიღო შოკი ბრაზილიელთა ათიანმა: - ის თუ ნაკრებში ვერ მოხვდა, აბა, თქვენ ყოფილხართ, რაც ყოფილხართ და ვაი ჩვენს თავსო!.. "თავო ჩვენო" კი” ბესკოვმა წაიღიღინა, როცა შინ ნაადრევად დაბრუნდა მისი ნაკრები... ნაკრები, რომელშიც არ იყვნენ ყიფიანი და გუცაევი...
ანდა, 1976 წელს კარდიფში რომ ჩაუტარა საფეხბურთო ხელოვნების ლექცია ბრიტანელებს, მარტო ეგ ისტორია რად ღირს.

მისულა თამაშის მერე დათოსთან სასტუმროში უელსის წამყვანი ჟურნალის რედაქტორი, ინტერვიუ უნდოდა თუ უბრალოდ, ვირტუოზის ცოცხლად ნახვა, არ ვიცი, მაგრამ თავისი ჭკუით, გამოცდა მოუწყვია "გაჭირვებული საბჭოთა ფეხბურთელისთვის": საუბრის ბოლოს ასფუნტიანი უჩუქებია ყიფიანისთვის - სახსოვრად თუ რაღაც ედო გულში, მიდი და გაიგე ახლა. დათომ ის რედაქტორი ზიკოსავით გააოგნა: ბანკნოტზე ავტოგრაფი წაუწერა და ისევე გენიალურად უპასა, როგორც ამას მინდორზე აკეთებდა... მერე ღიმილით გამოემშვიდობა და თვალებგადმოკარკლული უელსელის წინ ვესტიბიული მეფური სიდარბაისლით გაიარა.

ისე, თუ ის ბრიტანელი ცოცხალია და ჭკუა შემორჩა, ყიფოს ავტოგრაფიანი ასფუნტიანი დღეს მისი ფასდაუდებელი რელიკვია უნდა იყოს...

ამ ნდობადაკარგულ ქვეყანაში ეს ისტორიები უნდა იკითხო, რომ თაობები ზნეობრივ იდეალებზე გაზარდო. ამიტომ ვიხსენებთ ასე ხშირად იმ თბილისის "დინამოს,” იმ ლეგენდარულ ბიჭებს და მათი ზღაპრული თამაშის თანამდევ ცხოვრებისეულ ისტორიებს, მინდვრის მიღმა რომ იწერებოდა ნამდვილი კაცობის სახელმძღვანელოდ...
აი, დახედეთ ამ ფოტოს... საშა, ვოვა, დათო... შესანიშნავი სამეული... როტერდამშია გადაღებული თუ ლონდონში, "ვესტ ჰემთან" თუ "ფეიენოორდთან", გრანდებთან შერკინების წინ - არ გაინტერესებს კაცს... მთავარი სხვა რამეა: მათი სილაღე, საკუთარი თავის რწმენა და ხაზგასმული ღირსება...

და კიდევ, ის შთამბეჭდავი ნატერფალი, მოუშორებლად რომ დაამჩნიეს და შეატოვეს ევროპას...  
ალექსანდრე
29 მაისი 2017 12:28
ავტორს არ ეხება. დამისახელეთ. მსოფლიოში ერთი გუნდი მაინც დინამოს გარდა, რომელსაც. დიდი მიუნხენის ბაიერნი გაქცევია მოედნიდან ,ისიც პირველ ტაიმში, მაშინ როცა ბაიერნს მანამდე ორჯერ ქონდა მოგებული ის ტურნირი. ნუ რეალთან რა მოხდა ფინალში აღარაა. სალაპარაკო
ავტორი
13 აპრილი 2013 22:09
უკაცრავად,მეც დავასრულე ეს თემა.მე და თქვენ სხვადასხვა პოლუსზე ვართ ამ საკითხში აშკარად...ქართულად ვწერ,დიახაც,ქართულად!!!...და რაც აქ ფაქტები ჩამოვთვალე,საკუთარი თვალით მაქვს ნანახი..არ ვიცი,გუნდრუკს გვიკმევემნ დასავლეთში თუ არა,მაგრამ ის ვიცი,რომ ბეუნოს-აირესის გადაჭედილი სტადიონი მესხსა და მეტრეველს სკანდირებდა...ისიც ვიცი,რომ თბილისის "დინამომ" ლეგენდარული "ლივერპული" ქართულად მოსვა თავის ადგილზე და თანაც ისე,რომ დასავლეთი ერთხმად(!) ალაპარაკდა ქართული ფეხბურთის ზეობაზე...რაც შეეხება საბჭოთა კავშირის ჩემპიონატს და იმის თქმას,რომ თბილისის "დინამო" აქ არ იყო უძლიერესი გუნდი,არც ეს მიმაჩნია სწორ შეფასებად...ახალკაცის ფორმაციის "დინამო" (1976-81) ნამდვილად იყო უძლიერესი გუნდი,რომელსაც უწევდა უმძაფრესი კონკურენციის დაძლევა: პირველობისთვის ებრძოდა რუსეთის და უკრაინის 5-5 გუნდს,ტენდენციურ მსაჯებს და ფედერაციას, და მაინც ყველა აღიარებდა,რომ ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა ჩვენი გუნდი...ეს ისტორიაა,რომელიც იყო და ფაქტებს გადახედეთ...
aaa
13 აპრილი 2013 06:24
ავტორს:

ჩვენი საუბარი მე მგონი ჩიხში შევიდა. მიზეზი ის არის რომ თქვენი არგუმენტები სუფთა ქართულია - იმან ეს თქვაო და ამან ეს თქვაო...
აქ სადაც მე ვცხოვრობ, ცუდს არ ამბობენ. ცუდიც რომ იყოს კარგ ერთ წერეთილს მოიძიებენ და იმას გეტყვიან (სქარტველოს-ესპანეთი კომენტარები უცხოეთში ამის კარგი მაგალითია).

თუ კარგი არის - მაშინ შექებაში უფრო გულუხვცი იქნებიან - რაც მენოტიმ გააკეტა. რაც მაიორინიონ გააკეთა მაგალითად როცა თქვა რომ ძლიერი გუნდი დამარცხდაო (მანჩესტერს რომ მოუგეს ამასჭინ).

ახლა შემეკითხები - მაშინ როგორ უნდა გაიგო სიმართლეო? როგორ და საქმით. აქ ასე იგება ვინ ვინ არის. და საქმით რომ გადახედავ ნმიხვდები რომ დინამო არა თუ ევრიპაშჰი - საბჭოთა კავშირშიც არ იყო ერთპირევნულად ძლიერი.

თუ ფაქტებს არ დავინახავთ და მარტო ვინ რა თქვა იმაზე დავაყრდნობთ - ეს სერიოზულად არ განიხილება დასავლეთში.

რედაქტორის რჩევით