შესანიშნავი სამეული - კვირის პალიტრა

შესანიშნავი სამეული

"ერთს ფეხბურთის პროფესორს ეძახდნენ, მეორეს - ფინტების ჯადოქარს, მესამეს - აკადემიკოსს..."

გასულ კვირას საფეხბურთო სამყაროში დიდმა ბატალიებმა ჩაიგრიალა, აქეთ - ჩემპიონთა ლიგაო, იქით - ევროპის ლიგაო. ჩვენთან ფეხბურთმა საღათას ძილით დაიძინა და სხვა რა გზაა, როგორც ერთხელ ოტია იოსელიანმა ბრძანა:

- ქე მიჩერებია ეს პირდაფჩენილი ხალხი  ევროპას.

არადა, არცთუ შორეულ წარსულში, გაზაფხულის დადგომა თუნდაც იმიტომ გვიხაროდა, რომ თბილისის "დინამო" ახალ სეზონს იწყებდა და ხუტა უფროსივით, ევროპას თვალებს უყენებდა. ღმერთო, რა გუნდი გვყავდა! მართლაც ვარსკვლავთკრებული!

ამ ფოტოს დახედეთ, ამ შესანიშნავ სამეულს, ოდესღაც ტრიუმფით რომ მოიარეს "სანტიაგო ბერნაბეუ" თუ "ეპტონ პარკი", "ენფილდი" თუ "სან სირო", მქუხარე სახელის მქონე სხვა არაერთი საფეხბურთო არენა და ისეთი ნატერფალი დატოვეს ევროპის მწვანე მინდვრებზე, დღემდე დინოზავრის ნაკვალევივით რომ ატყვია.

ჩივაძე, გუცაევი, ყიფიანი... თითო სახელის უკან მდიდარი ისტორიაა, ისეთი მდიდარი, რომ გაზეთის ფურცლები ვერ დაიტევს. პირველს ფეხბურთის პროფესორს ეძახდნენ, მეორეს - ფინტების ჯადოქარს, მესამეს - აკადემიკოსს... სამივეს კი ერთი რამ აერთიანებდათ - დიდოსტატები იყვნენ და მორჩა...

საშა საბჭოეთის ნაკრებს კაპიტნობდა წლების მანძილზე. როგორია, ქართველი კაცი რომ მიუძღვის 15 რესპუბლიკის რჩეულთა კრებულს! მაინც ჩასაფრებულნი იყვნენ, სხვებზე მკაცრად სთხოვდნენ პასუხს. გახსოვთ, ესპანეთის მუნდიალზე, შოტლანდიასთან საშას ფეხი რომ დაუცდა და მეტოქემ გოლად აქცია მისი უნებლიე შეცდომა? არ გაჩერდა ოზეროვი მთელი მატჩის მანძილზე: - კაპიტნის შეცდომა და დასანანი მარცხიო, ეს როგორ მოუვიდა ჩივაძესო...აი, სწორედ მაგ კაპიტანმა ხმა ჩააწყვეტინა ყველას მეორე ტაიმის ბოლოს და მარტომ გატეხა შოტლანდიელი ლომების დაცვის ბასტიონი. ასეთი რამ ნამდვილ კაპიტანს შეეძლო მხოლოდ...

ვოვაც საოცრება იყო. რაც მან გაუკეთა მადრიდის "რეალს" და მიუნხენის "ბავარიას", იშვიათად თუ ვინმეს მოუხერხებია. აკი მოუტანა "რეალის" პრეზიდენტმა გამზადებული კონტრაქტი, სადაც ანაზღაურების გრაფა ცარიელი იყო და გუცაევს სთხოვდა, რამდენიც გინდა ჩაწერე, ოღონდ დარჩი და "რეალში" ითამაშეო(!). ვინ დატოვებდა, თორემ... ვოვა დღესასწაულებს მართავდა! დღეს ერთი კაცის მოტყუება არ შეუძლიათ, გუცაევისთვის კი 2-3 მცველი "კანფეტი" იყო და მნიშვნელობა არ ჰქონდა, მის წინააღმდეგ მანფრედ კალტცი იდგა თუ სეილდა ბაიშაკოვი - ყველას ერთნაირად აწყევლინებდა თავ-ბედს. მისი დონის გარემარბი მას შემდეგ აღარ ღირსებია არა მარტო საქართველოს - ევროპასაც კი ცალი ხელის თითები ეყოფა მათ ჩამოსათვლელად...

დათო კი... დათო ყიფიანი... ჭაბუა ამირეჯიბის პერიფრაზს მოვიშველიებ: ის სანთელივით ჩაიღვენთა მინდორზე თუ მინდვრის გარეთ და ისეთი შუქი დატოვა, რომელსაც წყვდიადის შემანგრეველი ძალა აქვს! იწვოდა თამაშის დროს, თავს აკლავდა ეს შემოქმედი კაცი საქმეს, რადგან არ შეეძლო, ნახევრად შესრულებული როლი შეეთავაზებინა მაყურებლისთვის. როცა ყიფო იყო მოედანზე, ის უნდა ყოფილიყო მთავარი ვიოლინო იმ ორკესტრში, თანაც უბადლო ოსტატობითა და დახვეწილი არისტოკრატული მანერებით.

ერთხელ კადისის ოთხთა ტურნირზე ზიკომ თავზე გადაუტარა ბურთი, ამან ქუსლური ამოურტყა და ბრაზილიელი ჯადოქარი ტაბისონაშვილივით პირღია დატოვა. ზიკო კიდევ ერთხელ გაგიჟდა, როცა 1982 წელს, ესპანეთის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის მატჩში საბჭოთა ნაკრების პირისპირ დადგა და ვიდრე მსაჯი თამაშის დაწყების ნიშანს მისცემდა, გავრილოვს თუ ბალტაჩას ჟესტებით ანიშნა: - ის ულვაშა სად არის, ვერ ვხედავ თქვენ შორისო... ამათაც უთხრეს, ნაკრებში ვერ მოხვდაო... სწორედ მაშინ მიიღო შოკი ბრაზილიელთა ათიანმა: - ის თუ ნაკრებში ვერ მოხვდა, აბა, თქვენ ყოფილხართ, რაც ყოფილხართ და ვაი ჩვენს თავსო!.. "თავო ჩვენო" კი” ბესკოვმა წაიღიღინა, როცა შინ ნაადრევად დაბრუნდა მისი ნაკრები... ნაკრები, რომელშიც არ იყვნენ ყიფიანი და გუცაევი...

ანდა, 1976 წელს კარდიფში რომ ჩაუტარა საფეხბურთო ხელოვნების ლექცია ბრიტანელებს, მარტო ეგ ისტორია რად ღირს.

მისულა თამაშის მერე დათოსთან სასტუმროში უელსის წამყვანი ჟურნალის რედაქტორი, ინტერვიუ უნდოდა თუ უბრალოდ, ვირტუოზის ცოცხლად ნახვა, არ ვიცი, მაგრამ თავისი ჭკუით, გამოცდა მოუწყვია "გაჭირვებული საბჭოთა ფეხბურთელისთვის": საუბრის ბოლოს ასფუნტიანი უჩუქებია ყიფიანისთვის - სახსოვრად თუ რაღაც ედო გულში, მიდი და გაიგე ახლა. დათომ ის რედაქტორი ზიკოსავით გააოგნა: ბანკნოტზე ავტოგრაფი წაუწერა და ისევე გენიალურად უპასა, როგორც ამას მინდორზე აკეთებდა... მერე ღიმილით გამოემშვიდობა და თვალებგადმოკარკლული უელსელის წინ ვესტიბიული მეფური სიდარბაისლით გაიარა.

ისე, თუ ის ბრიტანელი ცოცხალია და ჭკუა შემორჩა, ყიფოს ავტოგრაფიანი ასფუნტიანი დღეს მისი ფასდაუდებელი რელიკვია უნდა იყოს...

ამ ნდობადაკარგულ ქვეყანაში ეს ისტორიები უნდა იკითხო, რომ თაობები ზნეობრივ იდეალებზე გაზარდო. ამიტომ ვიხსენებთ ასე ხშირად იმ თბილისის "დინამოს,” იმ ლეგენდარულ ბიჭებს და მათი ზღაპრული თამაშის თანამდევ ცხოვრებისეულ ისტორიებს, მინდვრის მიღმა რომ იწერებოდა ნამდვილი კაცობის სახელმძღვანელოდ...

აი, დახედეთ ამ ფოტოს... საშა, ვოვა, დათო... შესანიშნავი სამეული... როტერდამშია გადაღებული თუ ლონდონში, "ვესტ ჰემთან" თუ "ფეიენოორდთან", გრანდებთან შერკინების წინ - არ გაინტერესებს კაცს... მთავარი სხვა რამეა: მათი სილაღე, საკუთარი თავის რწმენა და ხაზგასმული ღირსება...

და კიდევ, ის შთამბეჭდავი ნატერფალი, მოუშორებლად რომ დაამჩნიეს და შეატოვეს ევროპას...