პა-სპორტი
- ფეხბურთელი რომ არა, ვინ იქნებოდი?
- ვერ გეტყვით... ჩემთვის, ფეხბურთი მხოლოდ სპორტის სახეობა არ არის, ცხოვრების წესად იქცა და მის გარეშე ყოფნა ვერ წარმომიდგენია. ამიტომაც არც მიფიქრია, რა გზას ავირჩევდი, ეს თამაში რომ არა...
- სპორტის გარდა, რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
- რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები - მშობლები, ცოლ-შვილი, ჩემი ძმა და მისი ოჯახი... კიდევ, მეგობრები, რომლებთან ერთადაც გავიზარდე. ძალიან მაკლია ეს ხალხი...
- ნივთი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხარ...
- ასეთი ნივთი არ არსებობს.
- ლევან მჭედლიძე და ჰოროსკოპი...
- ჰოროსკოპით ვერძი ვარ. ინტერესის გამო, რამდენჯერმე წავიკითხე ჰოროსკოპი და რაღაცები დაემთხვა კიდეც. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი დიდი სისულელეა...
- უცნაური თვისება თუ გაქვს?
- უცნაურის რა გითხრათ, მაგრამ არის თვისებები, რომლებიც ხანდახან მაფიქრებს... ყველაზე მეტად ჩემი სიფიცხე არ მომწონს.
- ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე...
- ერთი ადამიანის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა ნაცნობის ან თუნდაც უცნობის საქციელს დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია... ასეთ ხალხს ძალიან ვაფასებ და საკუთარ თავში ყველა მათ საქციელს ვინახავ...
- ქვეყანა, სადაც იცხოვრებდი...
- დავასრულებ თუ არა საფეხბურთო კარიერას, მაშინვე დავბრუნდები საქართველოში, რომელიც ყველაზე ძვირფასია ჩემთვის. ყველა ჩემიანმა კარგად იცის, როგორ მიყვარს ჩემი სამშობლო, რომ საქართველოს გარდა, ცხოვრებას არსად ვაპირებ!
- საყვარელი წიგნი, რეჟისორი, მუსიკოსი...
- ძალიან მიყვარს მამა გაბრიელის წიგნები. რაც შეეხება რეჟისორს და მუსიკოსს, რომელიმეს ვერ გამოვყოფ - რაც კარგია, ყველაფერი მომწონს. :)
- ფეხბურთის გარდა რა გიყვარს?
- მიმაჩნია, რომ ჩოგბურთი და კალათბურთი სპორტის საუკეთესო სახეობებია... რაგბი კი ქართველმა მოთამაშეებმა შემაყვარეს. ჩემს მეგობრებს შორის ბევრი მორაგბეა...
- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
- ადამიანი, ვინც "ნიღბით" ცხოვრობს - გიცინის, ამ დროს კი იცი, რომ არაგულწრფელია...
- მატჩი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ...
- ასეთი ბევრია, მაგრამ ყველაზე სასიამოვნოდ საქართველო-შოტლანდიის თამაში მახსენდება. ეროვნულ ნაკრებში პირველი გოლი სწორედ იმ მატჩში გავიტანე და უბედნიერესი ვიყავი... საოცარი გრძნობაა, როცა შენი ხალხისთვის თამაშობ...
- სოციალური ქსელით ხშირად სარგებლობ?
- საკმაოდ ხშირად, რადგან მეგობრები ძალიან მენატრებიან და ვცდილობ, ამ გზით მაინც მქონდეს ურთიერთობა.
- დაახასიათე საკუთარი თავი ერთი სიტყვით...
- გამიჭირდება, რადგან ამაზე არ მიფიქრია. :)
- იდეალური ქალი შენთვის არის...
- დედა, რომელმაც გამაჩინა და ჩემი მეუღლე, რომელმაც უსაყვარლესი შვილი მაჩუქა. :)
- დაასრულე ფრაზა: "მჯერა, რომ"...
- ...მივაღწევთ გამარჯვებას!
- შენი საყვარელი ფეხბურთელი...
- ბრაზილიელი რონალდო, რომელიც მეტსახელს ამართლებდა და ჩემი აზრით, მართლაც "ფენომენი" იყო...
- პერსონაჟი, რომელსაც ყველაზე მეტად გამსგავსებენ...
- ჩემ შესახებ, მსგავსი არაფერი გამიგია. :)
- მეტსახელი თუ გაქვს?
- საკმაოდ ბევრი, მაგრამ უმეტესობა მჭედლოს მეძახის...