"ვფიქრობ, ჩემპიონი ჩვენს წყვილში გამარჯვებული გახდება"
22-04-2013
"ვფიქრობ, ჩემპიონი ჩვენს წყვილში გამარჯვებული გახდება"
"დარწმუნებული ვარ, მოსკოვის "დინამოსთან" მატჩში სპორტის სასახლის ტრიბუნები ბოლომდე გაივსება და გულშემატკივრის დახმარებით შეუძლებელს შევძლებთ..."

კვირის ბოლოდან ფეხბურთი ჩვენთვის ორი დღით დარბაზში გადაინაცვლებს: 26-28 აპრილს თბილისის სპორტის სასახლეში უეფას ფუტსალის თასის ოთხთა ფინალია. ამ რანგის მატჩები საქართველოს დედაქალაქში აქამდე არ ჩატარებულა. თანაც, ჩემპიონობის მაძიებელ ოთხეულში ქართული კლუბიც არის - თბილისის "იბერია სტარი"! მასპინძელთა გარდა, ჩემპიონთა თასის მოსაგებად თბილისში მოსკოვის "დინამო", ალმათის "ქაირათი" და თასის ამჟამინდელი მფლობელი - "ბარსელონაც" იბრძოლებენ. ნახევარფინალური
წყვილები 27 მარტს, "რადისონ ბლუ ივერიაში" გამართული წილისყრისას გაირკვა: "იბერია სტარი" ფინალში გასვლას მოსკოვის "დინამოს" გავლით შეეცდება, მეორე ნახევარფინალში კი "ბარსელონა" და "ქაირათი" ითამაშებენ. გავრცელებული ინფორმაციით, სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, თბილისს უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინიც უნდა ეწვიოს, ოთხთა ფინალის
მატჩების ტრანსლირებას კი "ევროსპორტი" გეგმავს. უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ რამდენიმე ბრაზილიელი ახალწვეულით გაძლიერებულმა "იბერია სტარმა" რუსეთსა და აზერბაიჯანში ხუთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. თითო მოგება და ფრე და სამი წაგება - ასეთია საკონტროლო მატჩების შედეგები. თუმცა, კლუბის პრეზიდენტი ვახტანგ წერეთელი ამბობს, რომ ოფიციალურ შეხვედრებში ყველაფერი სხვაგვარად იქნება.


- ჩემპიონთა ლიგის ფინალური ოთხეულის საგზურისთვის ევროპის 49 ქვეყნის ჩემპიონები იბრძვიან. ამიტომაც ოთხ საუკეთესო კლუბს შორის "იბერია სტარის" მოხვედრა უდიდესი წარმატებაა. ასეთი შედეგი არც ერთ ქართულ კლუბს არ ჰქონია. ამხანაგურ მატჩებში ანგარიშს მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, მოგებას არც მოთამაშეებს ვთხოვთ - მიზანი ხარვეზების დანახვა და მათი აღმოფხვრაა. მთავარია, რომ ოფიციალურ მატჩებში "იბერია სტარს" დიდი ხანია აღარ წაუგია. დარწმუნებული ვარ, მოსკოვის "დინამოსთან" მატჩში სპორტის სასახლის ტრიბუნები ბოლომდე გაივსება და გულშემატკივრის დახმარებით შეუძლებელს შევძლებთ... პრინციპში, შეუძლებელი არაფერია - ამდენი რამ გამოვიარეთ და ჩემპიონთა ლიგის მოგებამდეც მხოლოდ ორი ნაბიჯი გვაშორებს. ოთხთა ფინალში გასულ ყველა გუნდს თანაბრად აქვს ჩემპიონობის შანსი.

- ტურნირის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის მზადება გეგმის მიხედვით მიდის?

- საორგანიზაციო საკითხები მთლიანად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ითავა და დიდი შრომაც გასწია. უეფას წარმომადგენლები წილისყრის ცერემონიალის ორგანიზებითაც ძალიან კმაყოფილი დარჩნენ. არაერთხელ ვყოფილვარ ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალზე და ასეთი ორგანიზება არსად მინახავს - არც ბარსელონაში, არც მოსკოვში... ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე, მოედნის საფარიც უმაღლესი დონის უნდა იყოს. ამიტომაც, სფფ-ს მიერ შეძენილ ახალ საფარს უცხოელი სპეციალისტები დაამონტაჟებენ. მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას გეგმავს ეუროსპორტ-ი, რომლის მაუწყებლობაც ჩვენი პლანეტის ნახევარზე მეტს მოიცავს.

- ახალ ლეგიონერებზე რას იტყვით? ბრაზილიელი ახალწვეულები კლუბიდან წასულ თანამემამულეებს სრულფასოვნად შეცვლიან?

- ამას "დინამოსთან" მატჩი გვიჩვენებს. ახალი მოთამაშეები ბრაზილიის წამყვან კლუბებში თამაშობდნენ და შესაბამისად, არც კვალიფიკაცია დაეწუნებათ. დავიმატეთ სერბეთის ნაკრების წევრი მარკო პერიჩიც.

- თბილისში უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინიც ჩამოვა?
- რეგლამენტის თანახმად, პლატინი უნდა ჩამოვიდეს. სხვა საპატიო სტუმრებიც იქნებიან. ქართველებს ყველაფრის გაკეთება ბოლო წუთს გვიყვარს, მაგრამ ნახევარზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია. ბილეთის ფასი 5-10 ლარია და მათი მფლობელი იმ დღეს გასამართ ორივე მატჩზე დასწრებას შეძლებს.

P. S. შაბათს ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, "იბერია სტარის" ბრაზილიელი მწვრთნელი სერჟიო ბენატი სამშობლოში დაბრუნდა და მის ნაცვლად, ოთხთა ფინალში გუნდს ბენატის ასისტენტი ალიკ სარქისიანი უთავკაცებს.
26 აპრილს, "იბერია სტარი" - "დინამო" 18.00 საათზე დაიწყება, "ბარსელონა" - "ქაირათი" კი 20.30 საათზე.
a
28 აპრილი 2013 22:36
ეს პოიონელი, პოლონეთის ჩიორა თაქთაქიშვილია.

რედაქტორის რჩევით