პა-სპორტი: ”ხიზანა”
29-04-2013
პა-სპორტი: ”ხიზანა”
- ფეხბურთელი რომ არა, ვინ იქნებოდი?
- არშემდგარი ფეხბურთელი. :) ან - "ძალით ეკონომისტი". :):)

- ბავშვობაში რაზე ოცნებობდი?
- როგორც ყველა ბავშვი - კოსმოსში გაფრენაზე. :)

- მამაშენს - ნოდარ ხიზანიშვილს ფეხბურთის ყველა მოყვარული იცნობს. ოჯახის დანარჩენი წევრები გაგვაცანი...
- დედა - ბაია კალმახელიძე, ძმა - გიორგი და ტყუპი დები - ნინო და მარიამი. მყავს მეუღლე სალომე ღვინიაშვილი და სამი შვილი - დათუნა, ტასუნა და ნიტა...

- რის გარეშე
ვერ წარმოგიდგენია ცხოვრება?

- ოჯახის და, რა თქმა უნდა, ფეხბურთის გარეშე.

- ნივთი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხარ...
- გულსაკიდი ჯვარი, რომელსაც მხოლოდ თამაშის დროს ვიხსნი.

- ფრაზა ან სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ...
- "გენაცვალე" და "შეჩემა". :)

- უცნაური თვისება თუ გაქვს?

-
როცა ქუჩაში მესალმებიან და მეხუტებიან, მეც ისე გულიანად გადავეხვევი ხოლმე, თავადაც ვიჯერებ, რომ ვიცანი. :) ერთ-ერთმა ასეთმა "ნაცნობმა" მკითხა, ხომ გახსოვარო. როცა დავეთანხმე, აბა, საიდანო? აი, მაშინ "დამერხა". :):)

- ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე...
- ბავშვობაში მამა ხშირად აკრიტიკებდა ხოლმე ჩემს თამაშს, რამაც ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა... ევროპაში სათამაშოდ წასვლის შემდეგაც ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვედრივარ...

- ქვეყანა, სადაც იცხოვრებდი...
- საქართველო, უფრო ზუსტად კი - თბილისი...

- საყვარელი წიგნი, რეჟისორი, მუსიკოსი...
- სხვადასხვა ჟანრის ბევრი წიგნი წამიკითხავს, თუმცა, რომელიმეს გამორჩევა გამიჭირდება. რეჟისორებიდან კვენტინ ტარანტინო და გიგა ლორთქიფანიძე მიყვარს. მუსიკოსი... ბევრია, გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ.

- ფეხბურთის გარდა რა გიყვარს?
- ავტომანქანები, კიდევ - კინოთეატრში წასვლა, შვილებთან თამაში...

- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
- არაფერი. :)

- მატჩი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ...
- 1981 წლის 13 მაისს გამართული ფინალი... მეამაყება, რომ ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვების მონაწილე მამაჩემიც იყო...

- სოციალური ქსელით ხშირად სარგებლობ?
- ძალიან ხშირად. სოციალური ქსელით მეგობრებს ვეხმიანები. ძალიან სასიამოვნოა, როცა წლობით უნახავი ყოფილი თანაგუნდელი "დაგელაპარაკება"...

- დაახასიათე საკუთარი თავი ერთი სიტყვით...
- მაქსიმალისტი!

- იდეალური ქალი შენთვის არის...
- იდეალური არც ქალია და არც კაცი... ამიტომაც ასე გიპასუხებთ: გვერდით მყავს ჩემი ოცნების ქალი, რომელზეც შეყვარებული ვარ.

- დაასრულე ფრაზა: "მჯერა, რომ"...
- ...ქართველი ვარ.

- შენი საყვარელი სპორტსმენი...
- ყველა ის სპორტსმენი, ვინც ჩვენი ქვეყნის სახელი მთელ მსოფლიოს გააცნო - მნიშვნელობა არა აქვს, სპორტის რომელი სახეობის წარმომადგენელია. 

- პერსონაჟი, რომელსაც ყველაზე მეტად გამსგავსებენ...
- მგონი, არავის... :)

- სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ღიღინებ...

- ამინდსა და განწყობას გააჩნია. :)

- საყვარელი კერძი?
- ქართული სამზარეულოდან - ხინკალი. :)

- ყველაზე უცნაური კითხვა, რაც ჟურნალისტს დაუსვამს.
- მწვრთნელად რობერტ პროსინეჩკი დაგინიშნეს, ამხელა ფეხბურთელი იყო და როგორ გგონია, გათამაშებსო?! :):)

რედაქტორის რჩევით