ქართული ტრიუმფი ბუდაპეშტში - კვირის პალიტრა

ქართული ტრიუმფი ბუდაპეშტში

ბევრი მტკიცება აღარ უნდა, რომ ქართული ძიუდოს სათავეში მომხდარი ცვლილებები შედეგებზეც პირდაპირპროპორციულად აისახა. ნაკრები სწორი გზით მიდის და გუნდშიც ბოლო წლებისთვის უჩვეულოდ ჯანსაღი გარემოა. ბოლო თვეების სხვა შედეგებთან ერთად, ამ ყველაფრის დასტურად გასული კვირის მიწურულს ბუდაპეშტში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატიც გამოდგება. ტურნირის საწყის ორ დღეს ტატამზე გასული ექვსი ქართველიდან ხუთმა მედალი აიღო. ჩემპიონები ამირან პაპინაშვილი (60), ლაშა შავდათუაშვილი (66) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) გახდნენ. 73 კგ-ში მოჭიდავე ნუგზარ ტატალაშვილმა და ზებედა რეხვიაშვილმა კი, შესაბამისად, ვერცხლი და ბრინჯაო მოიგეს. შაბათს საღამოს ვალერი ლიპარტელიანმა და ადამ ოქრუაშვილმა საქართველოს კიდევ ორი ვერცხლი მოუტანეს. ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საქართველოს ნაკრებმა ამდენი უმაღლესი სინჯის მედალი (სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო) პირველად მოიპოვა.