"პირველად ქართული ავტოსპორტის ისტორიაში" - კვირის პალიტრა

"პირველად ქართული ავტოსპორტის ისტორიაში"

საქართველოში FIA-ს სემინარები ჩატარდა

დიდია ალბათობა, რალიში აღმოსავლეთ ევროპის თასის ერთერთი ეტაპის მასპინძლობის უფლება საქართველომ წელსვე დაიბრუნოს. ეს საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება, მანამდე კი ქართული ავტოსპორტის ისტორიაში პირველად, 26-28 აპრილს, თბილისმა FIA-ს (ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია) სემინარებს უმასპინძლა. სპეციალურ სერტიფიკატებთან ერთად, მსაჯთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარების მონაწილეებმა საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრებებზე მსაჯობის უფლებაც მიიღეს. საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი მამუკა მიქიაშვილი ამბობს, რომ თანამედროვე ტენდენციის გათვალისწინებით აქცენტს ქართველებიც რალიზე აკეთებენ.

- ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია ამ სახეობის განვითარებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში სემინარებს პერიოდულად ატარებს. თბილისური მასტერკლასიც FIA-ს ხელშეწყობითა და დაფინანსებით ჩატარდა. ერთ-ერთი, ვისაც მსგავსი სემინარების ჩატარების უფლება აქვს, არაბთა გაერთიანებული საამიროების საავტომობილო ფედერაციის ჯგუფია. ამავე ქვეყნიდან არის FIA-ს ვიცე-პრეზიდენტი სპორტის დარგში. ტრენერთა ჯგუფი თბილისშიც მისი პატრონაჟით ჩამოვიდა. სემინარების შემდეგ ქართველი მსაჯები სპეციალურ სერტიფიკატებსა და ლიცენზიებს მიიღებენ, რომლის გარეშეც საქართველოში სპორტის ამ სახეობაში მსაჯობის უფლება არავის ექნება. ამიერიდან მათ არა მხოლოდ საქართველოში, საზღვარგარეთ ჩატარებულ მაღალი დონის ტურნირებზეც შეეძლებათ მუშაობა.

- ტრენერები მხოლოდ არაბეთიდან ჩამოვიდნენ?

- ხუთივე სტუმარი უმაღლესი დონის პროფესიონალია. მათ შორის, იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატის, ჭღჩ-ს რალის ორგანიზატორი, აბუ-დაბის ცნობილი ტრეკის მენეჯერი და სხვ. საქართველოში მაღალი დონის ტურნირის ჩატარებით საერთაშორისო ფედერაციაც დაინტერესებულია და ყველანაირ დახმარებას დაგვპირდნენ, რათა საქართველომ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპის მასპინძლობის უფლება დაიბრუნოს. FIA-ში მოსწონთ, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას აქცენტი რალიზე რომ აქვს გადატანილი.

- რას გულისხმობთ?

- ავტოსპორტი სხვადასხვა სახეობას აერთიანებს, თითოეულ მათგანს თავისებური ხიბლიც აქვს და არსებობის უფლებაც, მაგრამ საქართველოში FIA პრიორიტეტს რალის ანიჭებენ, საერთაშორისო ფედერაციის ინიციატივას გვერდს ვერც ჩვენ ავუვლით. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა სახეობებს ყურადღება მოაკლდება.

- ევროპის ჩემპიონატის ეტაპის მასპინძლობის უფლებას წელსვე მოგვცემენ?

- FIA-ს უკვე მივმართეთ თხოვნით, ამის უფლება მიმდინარე წელსვე მოეცა. წინასწარი დასტურიც მივიღეთ, თუმცა, საბოლოო პასუხს მაისის ბოლომდე გვეტყვიან. წელს თუ არა, გაისად ყველა შემთხვევაში მოგვცემენ აღმოსავლეთ ევროპის თასის ერთ-ერთი ეტაპის მასპინძლობის უფლებას.

- საქართველოს გზები ამის შესაძლებლობას იძლევა?

- რა თქმა უნდა. ბოლო წლებში საქართველოში გზის დიდი მონაკვეთები დაიგო და შეკეთდა, თანაც, რალისთვის სწორედ მთაგორიანი გზებია საჭირო.

- საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციისთვის 2013 წელიც შარშანდელივით დატვირთული იქნება?

- მალე ოფიციალურად გაიხსნება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება როგორც რალისა და სამთო რბოლის, ასევე მოყვარულთა შეჯიბრებების რამდენიმე ეტაპი.