პა-სპორტი - ირაკლი მაჩხანელი - კვირის პალიტრა

პა-სპორტი - ირაკლი მაჩხანელი

- მორაგბე რომ არა, ვინ იქნებოდი?

- ალბათ, მსახიობი. ისე, ახლაც არ ვიტყოდი მსახიობობაზე უარს. :)

- ბავშვობაში რაზე ოცნებობდი?

- ძალიან მინდოდა, ველოსიპედი მქონოდა, მაგრამ... წლების წინ მამაჩემის თვალწინ ველოსიპედით მიმავალ ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა და მას შემდეგ მამა სულ შიშობდა, რომ თუ ველოსიპედს მიყიდდა, მეც რამე დამემართებოდა. ასე რომ, ჩემი ოცნება ოცნებად დარჩა...

- შენი ოჯახი გაგვაცანი...

- ჯერჯერობით, ჩემი ოჯახი მხოლოდ ჩემგან და ჩემი მეუღლისგან შედგება. :)

- რის გარეშე ვერ წარმოგიდგენია ცხოვრება?

- რწმენის გარეშე!

- ნივთი, რომელსაც არ იშორებ...

- სხვების მსგავსად, მობილური ტელეფონის გარეშე სახლიდან არც მე გავდივარ.

- ირაკლი მაჩხანელი ჰოროსკოპს თუ აქცევს ყურადღებას?

- ასეთი რაღაცების ოდნავადაც არ მჯერა. ისე, ჰოროსკოპით კირჩხიბი ვარ.

- ფრაზა ან სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ...

- "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"...

- უცნაური თვისება თუ გაქვს?

- უცნაურის რა გითხრათ, მაგრამ საკმაოდ ცვალებადი ხასიათი მაქვს.

- ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე...

- ჩემი მეუღლე.

- ქვეყანა, სადაც იცხოვრებდი...

- საქართველოს გარდა, დიდი ხნით ვერსად ვიცხოვრებდი.

- საყვარელი წიგნი, რეჟისორი, მუსიკოსი...

- რომელიმე წიგნის გამორჩევა გამიჭირდება, მწერლებიდან კი ყველაზე მეტად შტეფან ცვაიგი მიყვარს. მელ გიბსონი კარგი მსახიობიც არის და რეჟისორობასაც კარგად გაართვა თავი. მომღერლებიდან ლენი კრავიცს გამოვყოფდი...

- რაგბის გარდა, რა გიყვარს?

- კინო.

- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

- უსამართლო ადამიანები...

- საყვარელი სასმელი და კერძი...

- ღვინო და ქაბაბი. :)

- საყვარელი სპორტსმენი.

- ლიონელ მესი.

- მატჩი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ...

- 2007 წლის მსოფლიო თასის მატჩი - საქართველო-ირლანდია!

- მეტსახელი თუ გაქვს?

- მაჩხო. :)

- სოციალური ქსელით ხშირად სარგებლობ?

- ძალიან იშვიათად. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად, არ ვსარგებლობ.

- დაახასიათე საკუთარი თავი ერთი სიტყვით...

- უცნაური. :)

- იდეალური ქალი შენთვის არის...

- ქალი, რომელიც გიყვარს!

- პერსონაჟი, რომელსაც ყველაზე ხშირად გამსგავსებენ...

- არ ვიცი. :)

- დაასრულე ფრაზა: "მჯერა, რომ"...

- ...საქართველო გაბრწყინდება!

- დასასრულ, მხიარული ამბავი ან ანეკდოტი გაიხსენე...

- ანეკდოტს მოვყვები: საქათმეში ახალგაზრდა მამალი გამოჩნდა და დედლებს მოსვენებას არ აძლევს, გადაუარ-გადმოუარა. ბებერმა, გამოცდილმა მამალმა ურჩია, ცოტა დაისვენე, თორემ ხომ მიყურებ, რა დღეშიც ვარ, შენც იგივე დაგემართებაო. ვინ დაუჯერა?! მეორე დილით, როცა ბებერი მამალი საქათმიდან გამოვიდა, დაინახა, რომ ახალგაზრდა ცოცხალ-მკვდარი აგდია მიწაზე. ხომ გითხარი, დაგერხევაო? - ნიშნი მოუგო. ახალგაზრდა მამალმა კი თავი წამოსწია და უთხრა: ჩუმად იყავი, ქორს ვიტყუებო... :):)