პა-სპორტი - ალექსანდრე იაშვილი - კვირის პალიტრა

პა-სპორტი - ალექსანდრე იაშვილი

- რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?

- პატარაობიდანვე ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი. თუმცა, მხოლოდ ოცნება საკმარისი არ არის... წარმატების მისაღწევად თავდაუზოგავი შრომა და ბრძოლაა საჭირო. ფეხბურთის გამო ბევრ რაღაცაზე უნდა თქვა უარი!

- ფეხბურთელი რომ არა, ვინ იქნებოდი?

- ალბათ, ექიმი, რადგან ჩემი ოჯახის წევრების უმეტესობა ექიმი იყო... სხვათა შორის, სანამ თბილისში ვცხოვრობდი და ვთამაშობდი, სამედიცინო უნივერსიტეტში მეც ვსწავლობდი.

- ოჯახის წევრები გაგვაცანი...

- მყავს მეუღლე და სამი შვილი... მეტის თქმა საჭიროდ არ მიმაჩნია, რადგან ჩემთვის პირადი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია.

- მეტსახელი თუ გაქვს?

- ბავშვობაში ჩემმა ძმამ "აკუნა" დამიძახა და მას შემდეგ ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები ასე მომმართავენ.

- ვის ან რის გარეშე ვერ წარმოგიდგენია ცხოვრება?

- ოჯახის წევრების, ჩემთვის მნიშვნელოვანი და საყვარელი ადამიანების გარეშე!

- ნივთი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხარ...

- საფულე, საათი და მობილური ტელეფონი.

- ჰოროსკოპის თუ გჯერა?

- ასეთი რაღაცები ოდნავადაც არ მაინტერესებს და არც ყურადღებას ვაქცევ. ისე, ჰოროსკოპით ხან "სასწორი" ვარ, ხანაც - "მორიელი". :):)

- ფრაზა ან სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ...

- ასეთი არაფერი მახსენდება. :)

- საყვარელი კერძი და სასმელი...

- ჭამის მხრივ მრავალფეროვნება მიყვარს, ჩემი საყვარელი სასმელი კი გაზიანი წყლით გაზავებული ვაშლის წვენია. :)

- ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა შენზე...

- რა თქმა უნდა, ჩემი მშობლები!

- ქვეყანა, სადაც იცხოვრებდი...

- საქართველო! ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ კარიერის დასრულების შემდეგ საცხოვრებლად აუცილებლად სამშობლოში დავბრუნდებოდი...

- საყვარელი მწერალი, რეჟისორი, მუსიკოსი...

- ნოდარ დუმბაძე ჩემი საყვარელი მწერალია, მომღერლებიდან კი ნიაზ დიასამიძეს დავასახელებდი... კინოც ძალიან მიყვარს, ბევრი რეჟისორის ნამუშევრები მომწონს და რომელიმეს გამოყოფა გამიჭირდება.

- ფეხბურთის გარდა რა გიყვარს?

- იყო დრო, ძალიან მომწონდა ავტომანქანები, რომლებიც მაღალ სიჩქარეს ავითარებენ, თუმცა, იმ ასაკიდან უკვე "გამოვედი". :) უკვე ვთქვი, რომ კინო ძალიან მიყვარს...

- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

- უსამართლო და მატყუარა ადამიანები.

- მატჩი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ...

- საბედნიეროდ, ჩემს კარიერაში ასეთი ბევრი ყოფილა, ამიტომ რომელიმეს გამორჩევა გამიჭირდება...

- სოციალური ქსელით ხშირად სარგებლობ?

- რა თქმა უნდა. დღეს სოციალური ქსელის გარეშე წარმოუდგენელია. :)

- დაახასიათე საკუთარი თავი ერთი სიტყვით...

- ერთი სიტყვა საკმარისი არ იქნება. :)

- იდეალური ქალი შენთვის არის...

- დედაჩემი და ჩემი მეუღლე!

- შენი საყვარელი სპორტსმენი.

- მაიკლ ჯორდანი.

- პერსონაჟი, რომელსაც ყველაზე მეტად გამსგავსებენ...

- პერსონაჟის რა გითხრათ, მაგრამ ძალიან მამსგავსებენ მამაჩემს და ეს ყველაზე მეტად მსიამოვნებს!

- დაასრულე ფრაზა: "მჯერა, რომ..."

- ...საბოლოოდ, ყველა იმას მიიღებს, რასაც იმსახურებს!