ALEX FERGUSOFF - ანუ ეპოქის დასასრული - კვირის პალიტრა

ALEX FERGUSOFF - ანუ ეპოქის დასასრული

26 (!) წელიწადია, "მანჩესტერ იუნაიტედი" სწორედ ლოყებღაჟღაჟა სქოთთან ასოცირდება

"ეშმაკების მომთვინიერებელი" მანჩესტერიდან მიდის

"წლების წინ მეტ ბასბიმ მირჩია, გაზეთები არ წამეკითხა. დიდებული რჩევა იყო. მას შემდეგ, ასეც ვიქცევი", - სერ ალექს ფერგიუსონი...

...შესაძლოა, აქამდე მართლაც არ კითხულობდა, მაგრამ ბოლო დღეებია, ყველა გაზეთი მის შესახებ წერს. გასულ კვირას ფერგიმ ოფიციალურად გამოაცხადა, სამწვრთნელო კარიერას ვასრულებო. მის წასვლაზე აქამდეც არაერთხელ ყოფილა ლაპარაკი. მით უმეტეს, უკვე 71 წლის არის, ვერც "ცას გამოეკერებოდა" და ვერც "ოლდ ტრაფორდს", მაგრამ... მის გადაწყვეტილებას მაინც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ყველა ხვდება, რომ სერ ალექსის წასვლით ფეხბურთი ბევრს დაკარგავს, რომ ლეგენდარული შოტლანდიელის გარეშე ფეხბურთი ისეთივე აღარ იქნება, როგორიც მასთან ერთად... 26 (!) წელიწადია, "მანჩესტერ იუნაიტედი" სწორედ ლოყებღაჟღაჟა სქოთთან ასოცირდება და იმის მიუხედავად, რომ ფერგის შემცვლელის ვინაობა უკვე ცნობილია, ფეხბურთის გურმანებისთვის მაინც ძნელი წარმოსადგენია "მანჩესტერ იუნაიტედი" ჭარმაგი რაინდის გარეშე. რაინდისა, საოცარი საფეხბურთო ალღოთი, ფრთიანი გამონათქვამებითა და განუყრელი საღეჭი რეზინით...

"მანჩესტერიდან" მის წასვლაზე ჯერ კიდევ 1999 წელს დაიწყეს ლაპარაკი - "ბაიერნთან" ბოლო ორ წუთში მოგებული ჩემპიონთა ლიგის საოცარი ფინალის შემდეგ. "მოხუცმა უკვე მიაღწია ყველაფერს, რაც სურდა", - ამბობდნენ მაშინ. არადა, იმ დროს "მოხუცი" სამოცი წლისაც არ იყო და მას შემდეგ "წითელ ეშმაკუნებს" ("მანჩესტერ იუნაიტედის" მეტსახელია. - ავტ.) კიდევ არაერთი ჯილდო მოაგებინა. ორიოდ კვირის წინ "იუნაიტედი" მეოცედ გახდა ინგლისის ჩემპიონი. აქედან 13 ტიტული მანჩესტერელებმა სწორედ ფერგის ხელმძღვანელობით მოიგეს. გარდა ამისა, "ოლდ ტრაფორდზე" გატარებული 26 სეზონის განმავლობაში ფერგი ორჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ხუთჯერ მოიგო ქვეყნის თასი, ათჯერ - ინგლისის სუპერთასი, თითოჯერ დაეუფლა თასების მფლობელთა და სუპერთასს, მოიგო საკონტინენტთაშორისო თასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონის ტიტული, არაერთხელ დასახელდა საუკეთესო მწვრთნელად. 1999 წელს ელისაბედ II-ისგან რაინდის წოდება მიიღო... უკვე დიდი ხანია, სერ ალექსი  ბრიტანული ფეხბურთის ლეგენდად იქცა. ლეგენდად, რომელსაც "ოლდ ტრაფორდის" წინ ძეგლი სიცოცხლეშივე დაუდგეს.

19 მაისს "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩში ფერგი "მანჩესტერს" უკანასკნელად გაიყვანს მოედანზე და ეს მატჩი 1500-ე იქნება შოტლანდიელის ბრიტანულ კარიერაში. ინგლისის ჩემპიონის მეოცე ტიტული, 1500 მატჩი - ვერაფერს იტყვი, მსუყე და ლამაზი რიცხვებია. თუმცა, ალექს ფერგიუსონისთვის მთავარი "მრგვალი სტატისტიკა" არ ყოფილა: "ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, "მანჩესტერი" სწორედ ახლა, პიკზე მყოფი დავტოვო", - ამბობს ლეგენდარული მწვრთნელი.

რა თქმა უნდა, ის ხომ ძალზე ჭკვიანია და არ სურს, კარიერა ისეთი მწვრთნელის რანგში დაასრულოს, გუნდში მხოლოდ წარსული დიდების ხათრით რომ აჩერებენ. დიახ, ფერგი ისტორიას შემორჩება როგორც "ეშმაკების" საუკეთესო მომთვინიერებელი და ინგლისის ყველაზე წარმატებული მწვრთნელი!

P. S. ალექს ფერგიუსON  მანჩესტერში 26 წლის განმავლობაში "ენთო"... მართალია, ამიერიდან, სერ ალექსი OFF-რეჟიმში გადადის, მაგრამ "იუნაიტედის" ქომაგები ლეგენდას არასდროს დაივიწყებენ. თანაც, "იღბლიანი ჯენტლმენების" გმირისა არ იყოს, "ვერსადაც ვერ წავა, ის ხომ ძეგლია"...