პა-სპორტი - ლევან ცაგურია - კვირის პალიტრა

პა-სპორტი - ლევან ცაგურია

- რას ნიშნავს შიკონა (ანუ სახელი, რომლითაც ასპარეზობს ესა თუ ის სუმოისტი. - ავტ.) "კოკაი"?

- "კოკაი" იაპონურად "შავ ზღვას" ნიშნავს. რადგან წარმოშობით სოხუმიდან ვარ, ეს სახელი ამიტომ შემირჩიეს.

- ბავშვობაში, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდი, იაპონიაში თუ მოხვდებოდი...

- პატარაობიდანვე მინდოდა, წარმატებული სპორტსმენი ვყოფილიყავი. თუმცა, თავისუფალ ჭიდაობაში ვვარჯიშობდი და ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, წლების შემდეგ სუმოს სამყაროში თუ აღმოვჩნდებოდი.

- სუმოისტი რომ არა, ვინ იქნებოდი?

- ალბათ, ჭიდაობას გავაგრძელებდი... ოღონდ იაპონურის ნაცვლად, თავისუფალი სტილით. :)

- თავისუფალ ჭიდაობაში ვარჯიში მამის "ხათრით" დაიწყე?

- დიახ, თავისუფალი სტილით მოჭიდავე იყო მამაჩემი, მერაბ ცაგურიაც. სამწუხაროდ, 2006 წელს გარდაიცვალა... მეც და ჩემი ძმა - გიორგიც მის კვალს გავყევით. ოთხი წლის განმავლობაში გიორგი სუმოსაც ჭიდაობდა "ცუკასაუმის" შიკონათი, თუმცა, ტრავმის გამო ნაადრევად მოუხდა სპორტისთვის თავის დანებება. მყავს დედა, ციცინო ცაგურია, მეუღლე თამარ საამიშვილი და 9 თვის ვაჟიშვილი - მერაბი...

- რის გარეშე ვერ წარმოგიდგენია ცხოვრება?

- მიუხედავად იმისა, რომ აქტიური კარიერა უკვე დავასრულე, სპორტის გარეშე ცხოვრება მაინც ვერ წარმომიდგენია.

- ნივთი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხარ...

- მობილური ტელეფონი და საათი.

- ფრაზა ან სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ...

- "გამბარიმაშო" ("გამაგრდი").

- უცნაური თვისება თუ გაქვს?

- ავტომანქანას ყოველდღე ვრეცხავ. :):)

- ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა შენზე...

- მამაჩემი - მერაბ ცაგურია!

- ქვეყანა, სადაც იცხოვრებდი...

- მხოლოდ საქართველო! და როგორც ხედავთ, კარიერის დასრულებისთანავე დავბრუნდი კიდეც...

- საყვარელი წიგნი, რეჟისორი, მუსიკოსი...

- ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძელი", მარტინ სკორსეზე, ფრედი მერკური...

- სუმოს გარდა რა უყვარს ლევან ცაგურიას?

- ფეხბურთი.

- რა აღიზიანებს ყველაზე მეტად?

- უსაქმურობა და აფერისტობა. :)

- საყვარელი კერძი და სასმელი...

- ჩაქაფული. სასმელებიდან კი იაპონური ვისკი - "იამაზაკი" მიყვარს.

- სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ღიღინებ...

- ჩემი მოგვარის, თემურ ცაგურიას სიმღერა - "მივალ, მივყვები"...

- რით მოგხიბლეს იაპონელებმა?

- უპირველესად, ტრადიციებით. ასევე, უდიდესი შრომისმოყვარეობით.

- სოციალური ქსელით ხშირად სარგებლობ?

- საკმაოდ ხშირად.

- დაახასიათე საკუთარი თავი ერთი სიტყვით...

- შეუპოვარი! :)

- იდეალური ქალი შენთვის არის...

- დედა და მეუღლე.

- შენი საყვარელი სპორტსმენი...

- სუმოისტებიდან - "იოკოძუნა" (დიდი ჩემპიონი) ჰაკუჰო, მოჭიდავეებიდან - ალექსანდრ კარელინი...

- პერსონაჟი, რომელსაც ყველაზე მეტად გამსგავსებენ...

- ჯერჯერობით, არავისთვის მივუმსგავსებივარ. :)

- ყველაზე უცნაური კითხვა, რაც ჟურნალისტს დაუსვამს შენთვის...

- "გაქვთ თუ არა სურვილი, იაპონიის მოქალაქეობა მიიღოთ?" :))

- დაასრულე ფრაზა - "მჯერა, რომ"...

- ...ცხოვრებაში სწორი გზა მაქვს არჩეული!