ორგზის ევროპელი - კვირის პალიტრა

ორგზის ევროპელი

გიორგი შერმადინი პირველია ქართველ კალათბურთელებს შორის, ვინც ევროლიგის მოგება ორჯერ მოახერხა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში საქართველოს ნაკრების ცენტრმა 2009 წელს ათენის "პანათინაიკოსთან" ერთად იმარჯვა. ახლახან კი კიდევ ერთი ბერძნული კლუბის - პირეოსის "ოლიმპიაკოსის" შემადგენლობაში გაჩემპიონდა. პირველი თასი ისე მოიგო, ფინალურ მატჩში არ უთამაშია. ამჯერად კი მადრიდის "რეალის" ძლევაში თავადაც შეიტანა წვლილი. ზაზა ფაჩულიას არყოფნაში, ნაკრების ძირითადი ცენტრი სწორედ გიორგი შერმადინი იქნება. ამიტომაც, ევროლიგის გარდა, 24 წლის კალათბურთელს საქართველოს ნაკრებზეც ველაპარაკეთ.

- ოთხი წლის წინ ევროლიგის თასი ისე მოვიგე, ფინალში არ მითამაშია. ამჯერად კი გამარჯვებას უშუალოდ მოედანზე გავუგე გემო და დამერწმუნეთ, საოცარი გრძნობაა. ამ წარმატებით ძალიან ვამაყობ და ბედნიერი ვარ. "ოლიმპიაკოსმა" ნახევარფინალსა და ფინალში საუცხოოდ ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ასეთი დონის მატჩებში თითოეულ ბურთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ დაკარგო, შეიძლება, თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს ვერც გადაურჩე (იცინის).

- პირველი მეოთხედის შემდეგ, "რეალთან" 17-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა რის ხარჯზე მოახერხეთ?

- თავიდან მადრიდელებს ყველაფერი გამოსდიოდათ. შვიდი სამქულიანი ისროლეს და აქედან ექვსი ზუსტად მოათავსეს კალათში... თუმცა, შესვენებისას მწვრთნელმა "გამოგვაფხიზლა", დაცვაში თამაში გამოვასწორეთ და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. საერთოდაც, "რეალსა" და მოსკოვის ცსკა-სთან რომ დაცვა ვითამაშეთ, ასე მაგრად არასდროს გვითამაშია.

- ჩანს, "ოლიმპიაკოსს" ადვილად შეეწყვე...

- დიახ, და პირეოსში ჩინებულად ვგრძნობ თავს. სპანულისსა და პერპეროღლუს ჯერ კიდევ "პანათინაიკოსიდან" ვიცნობდი, სხვა მოთამაშეებმაც თბილად მიმიღეს. მეგობრული, კარგად დაკომპლექტებული გუნდია, მაღალი კლასის მწვრთნელიც გვყავს...

- წლევანდელი ევროლიგის  MVP  სწორედ ვასილის სპანულისი გახდა, საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედაც შენი თანაგუნდელი კოსტას პაპანიკოლაუ დაასახელეს... "ოლიმპიაკოსში" გამოცდილება და ახალგაზრდული ენერგია ერთადაა შერწყმული?

- "ოლიმპიაკოსის" პლუსი ის არის, რომ გადამწყვეტ მატჩებში ყველა მობილიზებულია და ბოლომდე იხარჯება. ძლიერი მოთამაშეები საკმაოდ გვყავს, მაგრამ სპანულისი გუნდის აშკარა ლიდერია და ძალიან გვეხმარება თამაშის დროსაც და ვარჯიშებზეც.

-  "პანათინაიკოსისა" და "ოლიმპიაკოსის" შუღლის შესახებ ყველას მოეხსენება. მართალია, პირეოსში სლოვენიის, იტალიისა და ისრაელის "გავლით" მოხვდი, მაგრამ ათენური კლუბის ქომაგი, ალბათ, მაინც "მოღალატედ" მიგიჩნევს...

- ეს მაშინ გამოჩნდება, ათენის დარბაზში რომ ვითამაშებთ - თუ ჩემს "პატივსაცემად" სიმღერა დაიწყეს, ე.ი. საქმე ცუდად არის (იცინის). "პანათინაიკოსიდან" წამოსვლის შემდეგ, პირეოსში მოხვედრამდე, სამი კლუბი გამოვიცვალე. ამიტომაც, არა მგონია, ისეთივე "მოღალატედ" მიმიჩნევდნენ, როგორც სპანულისს ან პერპეროღლუს. ამათ კი მართლაც ძალიან ემტერებიან... მით უმეტეს, გაუთავებელი ყვირილი, გინება და რაღაცების სროლა ათენის დარბაზში ჩვეულებრივი ამბავია. რაც პირეოსში გადმოვბარგდი, "პანათინაიკოსთან" ათენში ჯერ არ მითამაშია. თუმცა, ეს "სიამოვნება" საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალში ნამდვილად არ ამცდება... ისე, წინა წლებთან შედარებით, ბერძენი ფანები შედარებით "დაჭკვიანებულან" (იცინის).

- ამ ორიდან, რომელი უფრო დიდი კლუბია - ინფრასტრუქტურით, საქმისადმი მიდგომით, ტიტულებით...

- ტიტულებით "პანათინაიკოსი" ბევრად სჯობს. სხვა მხრივ კი დაახლოებით ერთი დონის კლუბებია. წინა წლების მსგავსად, საბერძნეთის ჩემპიონატში წელსაც ეს ორი გუნდი ითამაშებს და დანარჩენი იქ გამოჩნდება...

- ზაზა ფაჩულია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. მის არყოფნაში ძირითადი ცენტრის ფუნქცია შენ დაგეკისრება. პასუხისმგებლობა ფსიქოლოგიურ ტვირთად ხომ არ დაგაწვება?

- არა მგონია. ნაკრებს სარგებელი რომ მოვუტანო, რაც შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ. ზაზას არყოფნა ნაკრებისთვის უდიდესი დანაკლისია, მაგრამ შევეცდებით, როგორმე შევცვალოთ და ფონს მის გარეშე გავიდეთ. ფაჩულიას არყოფნაში ნაკრების მწვრთნელი, ალბათ, სხვა ტაქტიკას აირჩევს. ჭკვიანი თავკაცი გვყავს, დარწმუნებული ვარ, ოპტიმალურ გამოსავალს მოძებნის და ქართველ ქომაგს კიდევ ერთხელ გავახარებთ...

- ხშირად ისმის კითხვა, ნაკრებში რატომ ვერ თამაშობს გიორგი შერმადინი ისეთივე წარმატებით, როგორც კლუბშიო?

- ამჯერად მეტი სათამაშო დრო მექნება და ვფიქრობ, ნაკრებშიც ისევე ვითამაშებ, როგორც კლუბში. კალათბურთი გუნდური თამაშია და როცა ამას მოედანზეც დაამტკიცებ, შედეგი აუცილებლად იქნება.