პა-სპორტი - ანატოლი ბოისა - კვირის პალიტრა

პა-სპორტი - ანატოლი ბოისა

- ბავშვობაში რაზე ოცნებობდი?

- ვოვა (ანატოლის უფროსი ძმა - ვლადიმერ ბოისა. - ავტ.) ამბობს, რომ მინდოდა, მეხანძრე ვყოფილიყავი. :):)

- ვოვას ყველა იცნობს, ოჯახის დანარჩენი წევრები გაგვაცანი...

- ჩემი მშობლები - ალექსანდრე და ტატიანა ყოფილი ფრენბურთელები არიან. მყავს უმცროსი და ვიქტორია, მეუღლე თეა ჩიხრაძე და 8 თვის "ბოკვერი" - დათა ბოისა!

- კალათბურთელი რომ არა, ვინ იქნებოდი?

- ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი, სწავლას დიდ დროს ვუთმობდი და კალათბურთი რომ არა, ალბათ, ახლა რომელიმე კაბინეტში ვიქნებოდი. :)

- ნივთი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხარ...

- მგონი, მობილური ტელეფონის გარეშე სახლიდან უკვე აღარავინ გადის.

- ფრაზა ან სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ...

- თუ თეას დავუჯერებთ, ყველაზე ხშირად ვამბობ - "ზოგადად" და "ნონსენს". :)

- უცნაური თვისება თუ გაქვს?

- ისევ დავესესხები მეუღლეს, რომელიც ამბობს, რომ საერთოდ უცნაური ვარ. :)

- ქვეყანა, სადაც იცხოვრებდი...

- იტალიაში ვიცხოვრებდი დიდი სიამოვნებით...

- საყვარელი წიგნი, რეჟისორი, მუსიკოსი...

- მიყვარს დოსტოევსკის "იდიოტი", თანამედროვეებიდან კი თითქოს ძალიან მარტივი, მაგრამ თან აზრიანი - კოელიოს "ალქიმიკოსი"... არ მყავს გამორჩეული რეჟისორი, რომელზეც "must go" მემართება. :)  მუსიკაშიც მრავალფეროვნება მიყვარს, შემიძლია მოვუსმინო ყველაფერს - ჰიპ-ჰოპს, რეპს, მსუბუქ როკს, ქართულ რადიოარხებსა და რუსულ ესტრადასაც კი... :):)

- სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ღიღინებ...

- ნინო ქათამაძის "იები"...

- კალათბურთის გარდა რა გიყვარს?

- ძალიან მიყვარს ყველაფერი, რაც წყალს უკავშირდება - ცურვა, თევზაობა... წინათ მე, ვოვა და მამა ხშირად დავდიოდით სათევზაოდ, ახლა იშვიათად ვახერხებთ. სამაგიეროდ, კინოთეატრში დავდივარ ხშირად. :)

- საყვარელი კერძი და სასმელი...

- ხაჭაპური, "ოჯახური", ალუბლის წვენი.

- დაახასიათე საკუთარი თავი ერთი სიტყვით...

- სამართლიანი.

- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

- არაპუნქტუალურობა, მოუწესრიგებლობა, დანაპირების შეუსრულებლობა...

- მეტსახელი თუ გაქვს?

- ზოგი გვარით მომმართავს, სხვები სახელის შემოკლებული ვერსიებით - ტოლიკა, ტოლი... აი, მეუღლე კი, რატომღაც სულ ანატოლის მეძახის. :)

- ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე...

- ეს არის ჩემი ძმა, რომელმაც წარმატებას დაუღალავი შრომით მიაღწია!

- იდეალური ქალი შენთვის არის...

- ჩემი მეუღლე!

- საყვარელი სპორტსმენი...

- ჩემი თაობის კალათბურთელებისთვის, ალბათ, ეს ყოველთვის მაიკლ ჯორდანი იქნება...

- სოციალური ქსელით ხშირად სარგებლობ?

- სამწუხაროდ, სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდ დროს ვატარებ...

- ანატოლი ბოისა და ჰოროსკოპი...

- ჰოროსკოპით ქალწული ვარ, თუმცა, არ მჯერა, რომ ჩემს პიროვნებას ვარსკვლავები ახასიათებენ. :)

- მატჩი, როლითაც ყველაზე მეტად ამაყობ...

- ასეთი რამდენიმეა, მაგრამ ყველაზე მეტად ის ემოცია მახსოვს, პირველად რომ გავხდი საქართველოს ჩემპიონი...

- დაასრულე ფრაზა: "მჯერა, რომ"...

- ...ყველაფერი კარგად იქნება!

- ყველაზე უცნაური კითხვა, რაც ჟურნალისტს დაუსვამს...

- "ქართულად ლაპარაკობ?" :):)