KALADIOS! - კვირის პალიტრა

KALADIOS!

კალაძეს მეგობრები გააცილებენ

თქმა არ უნდა, რომ კვირის მთავარი სპორტული თემა კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩია. ქართული ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვან მოთამაშეს ფეხბურთიდან 31 მაისს გააცილებენ ყოფილი თანაგუნდელები, მეგობრები,  გულშემატკივრები... გულშემატკივრები, რომელთათვისაც მინისტრი ან ვიცე-პრემიერი კი არა, მხოლოდ ერთი კახა კალაძე არსებობს - ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი!

კარიერის საუკეთესო წლები "მილანში" გაატარა და ბუნებრივია, იტალიური კლუბი ფეხბურთიდან მისი გაცილების მატჩშიც მთავარ როლს შეასრულებს. ამიტომაც, "დინამო არენაზე" გასამართი მატჩის სახელის ("მილანი" VS "კალაძის მეგობრები". - ავტ.) მიუხედავად, ცხადია, ორივე გუნდში მხოლოდ  კალაძის მეგობრები იქნებიან და როგორც მსგავს მატჩებს სჩვევია, ანგარიშიც მეგობრული იქნება, თუმცა, ანგარიშზე მეტად, ქართველ ქომაგს შეხვედრის მონაწილეთა ვინაობა აინტერესებს... მიუხედავად იმისა, რომ ჩამომსვლელთა სია ჯერ არ დაზუსტებულა, ბილეთებისა და აკრედიტაციის მსურველთა რაოდენობა გვაფიქრებინებს, რომ 31 მაისს ქვეყნის მთავარ არენაზე სრული ანშლაგი იქნება.

კარლო ანჩელოტი, ანდრეი შევჩენკო, ფილიპო ინძაგი, რუი კოშტა, პაოლო მალდინი, ზვონიმირ ბობანი, კრისტიან ვიერი, სერჟინიო, ჯანლუკა ძამბროტა...

"მილანის" თბილისური შემადგენლობიდან ამ გვარების დასახელებაც კმარა. სანაკრებო მატჩის გამო, სავარაუდოდ, ვერ ჩამოვა კაკა. სამაგიეროდ, საქართველოში ჩამოსვლა ძალიან ნდომებიათ ჯენარო გატუზოს და კლარენს ზეედორფს...

არანაკლებ ვარსკვლავურია "კალაძის მეგობრების" შემადგენლობაც, რომელსაც მოედანზე ფათიჰ თერიმი და ალექსანდრე ჩივაძე გაიყვანენ. მთავარი გმირის გარდა, "დინამო არენაზე" კანავაროს, შუქურს, რებროვს, შოვკოვსკის, კობიაშვილს, იაშვილს, ქინქლაძეს, შოთა არველაძეს, მუჯირს, შელიას, დემეტრაძეს, ცქიტიშვილს, ასათიანს და სხვა ცნობილ ქართველ ფეხბურთელებსაც ვიხილავთ.

ყველაზე ტიტულოვან ქართველ ფეხბურთელს საუცხოო კარიერა ჰქონდა. იმედია, გაცილებაც ასეთივე იქნება, დანარჩენს კი 31 მაისს, 20.30 საათზე ვნახავთ...