პა-სპორტი - ანა ტატიშვილი - კვირის პალიტრა

პა-სპორტი - ანა ტატიშვილი

- ჩოგბურთელი რომ არა, ვინ იქნებოდი?

- 4 წლის ასაკიდან ჩოგბურთს ვთამაშობ და სერიოზულად სხვა არაფერზე მიფიქრია... ამიტომაც ნამდვილად არ ვიცი, ვინ შეიძლება ვყოფილიყავი. :)

- მაშინ აღარ გკითხავ, რის გარეშე ვერ წარმოგიდგენია ცხოვრება...

- მართალია - ჩოგბურთისა და ოჯახის წევრების გარეშე!

- ოჯახის წევრები გაგვაცანი...

- კარიერის სწორად წარმართვაში ყველაზე მეტად მამაჩემი, დიმიტრი ტატიშვილი მეხმარება, ყველგან ჩემ გვერდით არის; დედა - მანანა ჩემი საუკეთესო მეგობარია და ჩვენს პატარა ოჯახს შესანიშნავად უვლის; მყავს ორი წლით უფროსი და, თამთა. ბავშვობაში ჩოგბურთს ისიც თამაშობდა, ამჟამად კი ფლორიდაში ჩვენთან ერთად ცხოვრობს, სწავლობს და თან მუშაობს. ჰო, კიდევ მყავს უსაყვარლესი ძაღლი "კასი". როცა ტურნირებზე მივდივარ, სიგიჟემდე მენატრება ხოლმე. :)

- ნივთი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხარ...

- მობილური ტელეფონი.

- ფრაზა ან სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ...

- ჩოგბურთი. :)

- ადამიანი, რომელმაც შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა...

- ჩემი ბაბუა...

- ქვეყანა, რომელიც საცხოვრებლად ყველაზე მეტად მოგწონს...

- ასეთ ადგილას უკვე ვცხოვრობ. :) სახლი ფლორიდაში, ქალაქ ბოკა-რატონში გვაქვს, იქაურობა ძალიან მომწონს და მიყვარს... თუმცა, იტალიაშიც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი.

- საყვარელი წიგნი, რეჟისორი, მუსიკოსი...

- ძალიან ბევრს ვკითხულობ, შესაბამისად, არაერთი საყვარელი წიგნიც მაქვს და რომელიმეს გამორჩევა გამიჭირდება. თუმცა, ცვაიგი, ტოლსტოი და დოსტოევსკი ჩემი ფავორიტი მწერლებია... რეჟისორებიდან ვუდი ალენს დავასახელებ, მუსიკოსი კი... ძალიან ბევრი მომწონს და ვერ გამოვარჩევ...

- ჩოგბურთის გარდა რა გიყვარს?

- კითხვა, მუსიკა, ფოტოგრაფია...

- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

- ტყუილი!

- საყვარელი კერძი და სასმელი...

- მამაჩემის მიერ შემწვარი კარტოფილი. :) სასმელებიდან - წყალი...

- ჰოროსკოპის თუ გჯერა?

- დიდად არ მჯერა. ზოგჯერ გასართობად თუ წავიკითხავ ხოლმე. ისე, ჰოროსკოპით მერწყული ვარ.

- ანა ტატიშვილი და სოციალური ქსელი...

- ხშირად ნამდვილად არ ვსარგებლობ. გააჩნია, რამდენი თავისუფალი დრო მაქვს...

- შენი საყვარელი სპორტსმენი...

- როჯერ ფედერერი!

- პერსონაჟი, რომელსაც ყველაზე მეტად გამსგავსებენ...

- ბავშვობაში ძალიან მამსგავსებდნენ ჯენიფერ კაპრიატის.

- მატჩი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ...

- არასოდეს დამავიწყდება WTA-ს (ქალ ჩოგბურთელთა ასოციაცია. - ავტ.) ტურნირზე მოგებული პირველი მატჩი: 16 წლის ვიყავი და ცნობილი ინდოელი ჩოგბურთელი სანია მირზა დავამარცხე. ის შეხვედრა ცენტრალურ კორტზე გაიმართა და ღამის 2 საათამდე გაგრძელდა...

- დაახასიათე საკუთარი თავი ერთი სიტყვით...

- დადებითი. :)

- იდეალური მამაკაცი შენთვის არის...

- იდეალური ადამიანი არ არსებობს... :)

- სახალისო სიტუაციაში ხშირად აღმოჩენილხარ?

- საკმაოდ ბევრჯერ... ერთხელ ბრაზილიაში ჩატარებული იუნიორთა შეჯიბრებიდან ვბრუნდებოდით და სან-პაულუს აეროპორტის ნაცვლად, თვითმფრინავი... სხვაგან დაფრინდა. მოგვიანებით გავარკვიეთ, რომ ერთ-ერთ მგზავრს პილოტი დაუთანხმებია, სან-პაულუში ჩაფრენამდე ჩვენს თვითმფრინავს "გზად" სხვა ქალაქში "შეევლო"... :):)

- დაასრულე ფრაზა: "მჯერა, რომ"...

- ბედნიერი ვარ და ვიქნები...