როსონერი და ბედნიერი
03-06-2013
როსონერი და ბედნიერი
ვარსკვლავი ვარსკვლავებმა გააცილეს

"კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორ ვყვარებივარ ქართველ ხალხს"


იტალიურ ენაზე "როსონერი" "წითელ-შავს" ნიშნავს და "მილანის" მეტსახელია. "მილანის", სადაც კახა კალაძემ კარიერის საუკეთესო წლები გაატარა; სწორედ იმ "მილანის", რომელიც ქართველ მცველს ოჯახური ტრაგედიის დროსაც გვერდით დაუდგა (ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობითაც. - ავტ.) და არც კარიერის ბოლო მატჩში მიუტოვებია...

ოღონდ კალაძე მხოლოდ "როსონერი" არ ყოფილა და თეთრი მაისურითაც არაერთი მატჩი უთამაშია - თბილისისა და კიევის "დინამოში", ეროვნულ ნაკრებში... ამიტომაც სიმბოლურია,
რომ საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კარიერის ბოლო მატჩშიც ორივე ფერის მაისურით ითამაშა - პირველ ტაიმში შავ-წითლების გუნდში იყო, მეორეში - თეთრების კრებულში... რაც მთავარია, მოლოდინი "მილანი"-"კალაძის მეგობრების" მატჩმა სრულად  გაამართლა: შეხვედრის მობერებულ-მოსუქებული მონაწილეებისა და შესაბამისი ტემპის მიუხედავად, შოუ მაინც გამოვიდა - ქართულ-უცხოური ვარსკვლავთცვენით, სევდიანი და
ლამაზი დასასრულით... ორგანიზატორებსაც მხოლოდ საქებარი სიტყვები ეკუთვნით - ასეთი წესრიგი ქართულ სტადიონებზე ოფიციალური მატჩებისას რომ იყოს, რაღა გვიჭირს...

ბოლოს როდის ნახეთ ქვეყნის მთავარ არენაზე ამდენი ხალხი? ყველამ ვიცით, რომ ბევრი მათგანი სტადიონზე ლეგენდარული ფეხბურთელების "ეშხით" მივიდა, მაგრამ ასეთი თამაშებიც ხომ სწორედ ამიტომ იმართება? და კიდევ იმიტომ, რომ ღირსეულ სპორტსმენებს საკადრისი პატივი მივაგოთ... ამიტომაც, ვინც რას უნდა მიეყვანა 31 მაისს სტადიონზე, მატჩის შემდეგ "მილანის" სპორტულმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ ყველა მათგანის სათქმელი თქვა: "კახა კალაძემ ეპოქა შექმნა და ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ. ასეთი მატჩი კი ყოველთვის გულისამაჩუყებელია"... ასეცაა - ის საღამო მთლიანად ემოცია იყო - თბილისური სტადიონისთვის უჩვეულოდ სავსე ტრიბუნებით, ქართულ-ამერიკული რეპით, ცეცხლოვანი ქართულით, ულამაზესი ფოიერვერკით...

ყველაზე ამაღელვებელი კი მაინც ის წუთები გამოდგა, დღის მთავარმა გმირმა უკანასკნელად რომ შემოუარა მშობლიურ სტადიონს და ბიძინა ივანიშვილისა და ადრიანო გალიანის შემდეგ, მიკროფონთან თავადაც მივიდა. "ისე გავიზარდე, დედაჩემი ერთხელაც არ ყოფილა სტადიონზე ჩემი თამაშის სანახავად, დღეს კი აქ არის და მინდა, მადლობა ვუთხრა... სევდიანი დღეა, ფეხბურთს ვემშვიდობები, მაგრამ თან ძალიან ამაყი ვარ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორ ვყვარებივარ ქართველ ხალხს. დიდი მადლობა ყველას..." - კახა კალაძემ ეს სიტყვები ცრემლებს ამოაყოლა...

...ვუსურვებ, პოლიტიკიდანაც ასეთივე ტაშით გაგვეცილებინოსო - ეს უკვე ბიძინა ივანიშვილის ნათქვამია. ჩვენ კი ვიტყვით - გულშემატკივრისთვის მინისტრი ან ვიცე-პრემიერი კი არა, მხოლოდ ერთი კახა კალაძე არსებობს - ეროვნული ნაკრების კაპიტანი და საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი! რაკიღა, ყოფილი მინისტრი ბევრი გვინახავს, ჩემპიონთა ლიგის ორგზის ტრიუმფატორი კაპიტნით კი ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის...

და რადგან მნიშვნელობა არც მატჩის ტემპს ჰქონია და მით უმეტეს - არც ანგარიშს, ოთხივე გოლს ტრიბუნების ერთნაირი ოვაცია მოჰყვა. არც მონაწილეთა გვარების ჩამოთვლას აქვს აზრი - ისედაც ყველამ იცის, რომ გასულ კვირას "დინამო არენადან" ვარსკვლავი ვარსკვლავებმა გააცილეს...
მერე რა, რომ 31 მაისი გაზაფხულის და საფეხბურთო კარიერის ბოლო დღეა? თურმე შეიძლება, ასეთ სევდიან დღესაც იყო ბედნიერი.

როცა ხედავ, რომ ყველა შენს გვერდით არის. არის ამაყი და ბედნიერი - "როსონერი" და მთელი ერი...
zaza
11 ივნისი 2013 12:55
ის 2 ი ავტოგოლი ვერ შეცვლისო წინა კომენთარში წავიკიტხე,ძაანაც შეჩვალა კალაძის ჩხოვრება თამაში გაყიდა Dა მილიონები იშოვა Dა მოღალათეებიჩ გვერდით შემოაგროვა.
ვაკო
09 ივნისი 2013 10:45
ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელია, ყველაზე მეტს ამან მიაღწია და ის ორი ავტოგოლი ვერაფერს შეცვლის მის წარმატულ კარიერაში, რაც არ უნდა იძახონ ვიღაც ვიღაცეებმა, მე პირადად დიდ პატივს ვცემდი როგორც ფეხბურთელს, მის მინისტრად საქმიანობის შეფასებისგან კი თავს შევიკავებდი, რადგან არ ვიცნობ მის საქმიანობას
ele
06 ივნისი 2013 16:59
რა დალევს თინასნაირ ბოღმა ადამიანებს :) ალბათ რამე პირადი ბოღმაა თორე შეუძლებელია ასეთ სტატიაზე ასე მწარედ წერდე :)

რედაქტორის რჩევით