"ქართული კალათბურთი "ცეკას მდივნების" ეპოქაშია დარჩენილი"
10-06-2013
"ქართული კალათბურთი "ცეკას მდივნების" ეპოქაშია დარჩენილი"
კალათბურთელთა კავშირის" თავმჯდომარე, ვეტერანი კალათბურთელი მიხეილ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ეროვნული ნაკრების ცალკეული წარმატებების მიუხედავად, ქართულ კალათბურთში უმძიმესი ვითარებაა. პრობლემის მიზეზებისა და მოგვარების გზების შესახებ საკუთარი მოსაზრება კავშირის დამფუძნებლებმა წერილის სახით ჩამოაყალიბეს, რომელსაც შემოკლებული სახით გთავაზობთ.

ჩვენი მიზანი არ არის წარსულის ქექვა - გვინდა, გამოვიყვანოთ ქართული კალათბურთი კრიზისიდან და დავსახოთ სამომავლო პერსპექტივები. ამისთვის წარსულის გაანალიზება და სწორი დასკვნების გამოტანაა აუცილებელი.

ის, რასაც კალათბურთის განვითარებად წარმოგვიდგენენ, მხოლოდ ეროვნული ნაკრების ცალკეული წარმატებაა, რაც
შესანიშნავი თაობის მოსვლასთან ერთად, ევროპირველობაზე გუნდების რაოდენობის გაზრდის დამსახურებაც არის. გაგვიმართლა, რომ გვყავს მსოფლიო კლასის რამდენიმე მოთამაშე, რომელსაც კონკრეტული თამაშის შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლია. თუმცა, ნაკრების ბოლო 2 წლის მიღწევები არსებული რეალობიდან სრულიად ამოვარდნილია. ქართულ კალათბურთში არაფერი იცვლება, ის "სპეციალისტები" კი, რომლებიც ამბობენ, ყველაფერი კარგად
მიდისო, არსებულ პრობლემებზე თვალს ხუჭავენ. ფიბას მსოფლიო რეიტინგში 118 ქვეყნიდან 93-ე ადგილზე ვართ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ყირგიზეთი ჩამოგვრჩება.

დიდი შეცდომაა, როცა ცალკეულ სანაკრებო წარმატებას მხოლოდ კალათბურთისა და საერთოდ სპორტის მესვეურთა დამსახურებად მივიჩნევთ. კალათბურთელების გარდა, უმთავრესი წვლილი ამაში მშობლებსა და ბავშვთა მწვრთნელებს მიუძღვით.

მიგვაჩნია, რომ ნატურალიზებულმა ლეგიონერებმა ქართველი მოთამაშეების ადგილი კი არ უნდა დაიკავონ მოედანზე, მათ კლასის ამაღლებაში უნდა დაეხმარონ. ასე ფიქრობს ნაკრების კაპიტანი და ლიდერი ზაზა ფაჩულიაც.

საკალათბურთო მმართველობა დღეს სრულიად ჩაკეტილია, წარმოჩენილი ლამაზი სურათის მიღმა კი მძიმე ვითარებაა. არ არსებობს კალათბურთის განვითარების თუნდაც რამდენიმე წელიწადზე გათვლილი დეტალური გეგმა, რისთვისაც არსებულ ფედერაციას 12 წელი ჰქონდა; საკალათბურთო ოჯახის კუთვნილი ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია, ან სულ აღარ არსებობს. ქართულ კალათბურთს საფუძველი მოშლილი აქვს, რადგან ბავშვთა კალათბურთი თვითდინებაზეა მიშვებული. ნებისმიერს შეუძლია გახდეს მწვრთნელი ყოველგვარი კვალიფიკაციისა და სტანდარტების გარეშე. სერიოზული პრობლემებია მსაჯობაშიც.

სახელმწიფოს მიერ ქართული კალათბურთის სოლიდური დაფინანსება სისტემურ მიდგომაზე, მკაფიო სტრატეგიისა და განვითარების კონკრეტული გეგმების დასახვაზე ვერ აისახა. ამას დღევანდელი სუპერლიგაც ამტკიცებს და ასაკობრივი ჩემპიონატებიც.

რაც კალათბურთში ხდება, ფედერაციის ბრალია და ამის მიზეზი გარკვეული ჯგუფების პოლიტიკური და ფინანსური ინტერესებია. ფედერაციის გამგეობის წევრები იყვნენ ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია, ყოფილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად - პარლამენტის წევრი გიორგი მელაძე, დელეგატთა შორის იყო გიორგი უდესიანი და ა.შ. გვეეჭვება, ამ ადამიანებს ბავშვობაში ეზოს კალათბურთი მაინც ჰქონდეთ ნათამაშები.
გაუგებარია ფედერაციის დელეგატთა დანიშვნის კრიტერიუმები. დიახ, ფედერაციის მესვეურები, სპორტის სხვა ჩინოვნიკებთან ერთად, სწორედაც რომ "ნიშნავდნენ" დელეგატებს არჩევნებში სასურველი რაოდენობის ხმის მისაღებად.

უნდა გავთავისუფლდეთ პოლიტიზებისგან, კლანურობისაგან და გზა მივცეთ პროფესიონალებს, კალათბურთზე შეყვარებულ ხალხს. კალათბურთი ეკუთვნის კალათბურთელებს და გულშემატკივრებს! დღევანდელი რეალობა გვაძლევს იმედს, რომ სახელმწიფო უხეშად აღარ ჩაერევა საკალათბურთო ოჯახის გადაწყვეტილებებში და ნებისმიერ ჯანსაღ ძალას ექნება თავისი სიტყვის თქმის საშუალება. რამდენიმე ათწლეულია, კალათბურთის ერთპიროვნული მმართველობის მოწმენი ვართ და "კალათბურთი ცეკას მდივნების" ეპოქაშია დარჩენილი. ასეთი მიდგომა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. დღეს, მაიკლ ჯორდანმა რომ გადაწყვიტოს არჩევნებში მონაწილეობა, მოქმედი წესდებითა და საარჩევნო წესით, ისიც კი უეჭველად დამარცხდება დღევანდელ ხელმძღვანელობასთან. რეფორმა აუცილებელია, ფედერაციის პრეზიდენტი უნდა აირჩეს ოთხი წლით და მაქსიმუმ ორი ვადით.
7 თვის წინ ჩვენ დავიწყეთ კონკრეტულ, 4-8 წელიწადზე გათვლილ პროექტზე მუშაობა, რომლის მთავარი პრიორიტეტი მასობრიობა, კალათბურთის მთელი საქართველოს მასშტაბით პოპულარიზებაა. ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის განვითარებისთვის, საკალათბურთო ბიუჯეტის 40-50% უნდა გაიხარჯოს. აუცილებელია ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური ღონისძიებების ჩატარება, როგორც ასაკობრივი, ასევე პროფესიული კლუბების მწვრთნელების, ასევე მსაჯების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. უმნიშვნელოვანესია ქალთა კალათბურთის აღორძინებაც, რომელსაც დიდი ტრადიციები ჰქონდა, დღეს კი საერთოდ აღარ არსებობს.

სუპერლიგის მატჩებს სპორტის სასახლეში 100-200 მაყურებელი ესწრება და მათი უმრავლესობა მოთამაშეთა ნათესავ-მე\გობრია; ფედერაციის ხელმძღვანელებს კი, დამსწრეთა შორის ფლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩების დროსაც ვერ აღმოაჩენთ. სამაგიეროდ, ნახავთ სატელევიზიო გადაცემებში, სადაც ქართული კალათბურთის დღევანდელ "ოქროს" ხანაზე გვესაუბრებიან.
ვაპირებთ საფუძველი ჩავუყაროთ ქართული კალათბურთის შემდგომ, 10-15-წლიან გეგმაზომიერ განვითარებას. უნდა შეიქმნას ისეთი სტაბილური სისტემა, როგორიც მოწინავე საკალათბურთო ქვეყნებშია, ამაღლდეს საშუალო კალათბურთელის დონე, რათა არ ველოდოთ, კიდევ როდის გაჩნდებიან ახალი ვარსკვლავები.

მადლობელი ვართ იმ ხალხის, ვინც წლების მანძილზე იშრომა ქართული კალათბურთის განვითარებისთვის, მაგრამ იწყება ახალი, უფრო რთული ეტაპი. საფუძველს ვუყრით ახალ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, ახალ თაობებს, მოწინავე იდეებს უნდა დაეთმოს გზა. ყველას უნდა ვაჩვენოთ, როგორ ხდება სასპორტო მმართველობაში სამართლიანი არჩევნების შედეგად მოსვლა და ასევე ღირსეულად წასვლა. სწორედ ეს გახდება სათავე ქართული კალათბურთის განვითარებისთვის. ამიტომაც გთხოვთ ყველას თანადგომას და მონაწილეობას ქართული კალათბურთის უკეთესი მომავლისათვის შრომაში.
Lasha Chelidze
15 ივნისი 2013 19:08
ბატონო მიხეილ, დზალიან გთხოვთ დააზუსტოთ საქართველოს ადგილი მსოფლიო რეიტინგში...სულ არის 82 გუნდი, გთხოვთ იხილოთ FIBA-ს ოფიციალური საიტი, იქ საქრთველო არის 50-ე ადგილზე, უსწრებს ლიტვა, რომელსაც ორივე მატჩი მოუგეთ შესარჩევბში...მემგონი პრობლემა ჩვენი ეროვნული ნაკრები ფეხბურტში და არა ჯვაროსნები კალათბურთელები
Lasha Chelidze
15 ივნისი 2013 19:03
Hი
irakli
11 ივნისი 2013 21:24
ვეთანხმები ბატონ მიხეილს, უკვე ოცი წელია ბავშვთა კალათბურთს ვემსახურები, მეც ყოფილი კალათბურთელი გახლავართ და როცა ვადარებ ახლანდელ მდგომარეობას გასული საუკუნის 70-80-იან წლებს აშკარად მაშინ უკეთესი მდგომარეობა იყო ბავშვთა კალათბურთის განვითარების მხრივ. ამჟამად რეგიონებში საერთოდ მოშლილია ინფრასტრუქტურა, მაგალითად ჩემს რაიონში საერთოდ სპორტული კომპლექსი გაიყიდა იმ ხელისუფლების დროს.დღეს ბაზა არ გვაქვს რომ ბავშვთა კალათბურთი განვავითაროთ. არადა ამჟამად დაახლოებით 150 ბავშვია ჩაბმული საკალათბურთო სექციებში. ტარდებოდა ზონალური პირველობები, სადაც ბევრი რაიონის ახალოგაზრდობა მონაწილეობდ, ამჟამად კი მარტო თბილისით, რუსთავით, ქუთაისით და სხვა დიდი ქალაქებით შემოიფარგლებიან. მაგალითად მოგიყვანთ ქალაქ ფოთს სადაც ისევ დიდი ენთუზიაზმით მუშაობს ყოფილი დინამოელი როლანდ გარუჩავა, მაგრამ ბაზა არ გააჩნია.

რედაქტორის რჩევით