პა-სპორტი - ვარლამ ლიპარტელიანი
10-06-2013
პა-სპორტი - ვარლამ ლიპარტელიანი
- ბავშვობაში რაზე ოცნებობდი?
- სხვა ბავშვების მსგავსად, მეც მინდოდა ცნობილი ადამიანი გავმხდარიყავი. თუმცა, ძიუდოისტობაზე ნამდვილად არ მიოცნებია...

- აბა, ვინ იქნებოდი, ძიუდოისტი რომ არა?
- არ ვიცი, ამაზე არასდროს მიფიქრია... თუმცა, დღეს ძიუდოს გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ძიუდო ჩემთვის მხოლოდ სპორტი არ არის, ეს არის საქმე, რომელიც უზომოდ მიყვარს და რომლითაც ვცხოვრობ!

- ოჯახის წევრები გაგვაცანი...
- მყავს მშობლები, ორი უფროსი და და მეუღლე,  რომელიც სექტემბერში შვილს მაჩუქებს.

-
რატომ ხდება, რომ ხან ვარლამს გეძახიან და ხან ვალერის?

- ბაბუას სახელი - ვარლამი მქვია, თუმცა, უმეტესობა ვალერის მეძახის... უფრო ბევრი კი - ლიპოს. :)

- ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე...
- ჩემი მეუღლე! მე-5 კლასში მასწავლა, რა არის სიყვარული და დღემდე უზომოდ
მიყვარს...

- ძიუდოს გარდა რა გიყვარს?

- ძალიან მიყვარს თხილამურებით სრიალი და ძიუდო რომ არა, ალბათ, ამ სახეობას ავირჩევდი. თუ დრო გამოვნახე, ვცდილობ, ხშირად ვესტუმრო ხოლმე გუდაურს და ვისრიალო... მიყვარს ფეხბურთის თამაში, ფილმების ყურება, სათევზაოდ წასვლა არაგვზე, ჩემს დედულეთში, სადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ...

- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

- არ მიყვარს საქმისადმი უპასუხისმგებლო მიდგომა და ადამიანები, რომლებიც იტყუებიან!

- ფრაზა ან სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ...

- "მიყვარხარ!" ჩემს მეუღლეს ყველაზე ხშირად ვეუბნები ხოლმე ამ სიტყვას...

- შეხვედრა, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ...
- სპორტული თვალსაზრისით, ასეთი ბევრი ყოფილა... თუმცა, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო იყო დღე, როცა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს შევხვდით და ჩვენი სახელობის სპორტის სასახლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ეს უდიდესი პატივია ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის...

- უცნაური თვისება თუ გაქვს?
- არა მგონია. :) ისე კი, ამ კითხვაზე ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები უკეთ გიპასუხებენ.

- საყვარელი წიგნი, რეჟისორი, მუსიკოსი...
- ძალიან მიყვარს ლექსების კითხვა! გალაკტიონი, ვაჟა, ლადო ასათიანი, შექსპირი... საყვარელი რეჟისორი და მუსიკოსიც ბევრი მყავს, მაგრამ ქართული სიმღერა ჩემთვის ყველაფერია. მიმაჩნია, რომ უნიკალური სიმღერები გვაქვს, რომელსაც ყველა ქართველი უნდა უსმენდეს...

- ქვეყანა, სადაც იცხოვრებდი...

- საქართველო! დროებით შემიძლია ნებისმიერ ქვეყანაში ვიცხოვრო, მაგრამ ჩემი სახლისა და ქვეყნის გარეშე დიდხანს ვერსად გავძლებ...

- საყვარელი კერძი და სასმელი...

- კუბდარი, როგორც სვანს, და ხინკალი, როგორც დედით მთიულს. :)

- სოციალური ქსელით ხშირად სარგებლობ?
- დიახ, ძალიან ხშირად. ძირითადად, Facebook-ით...

- შენი საყვარელი სპორტსმენი...

- ძიუდოისტი, რომელმაც სპორტის ეს სახეობა შემაყვარა - იაპონელი კოსეი ინუე... ძალიან მიყვარს ლიონელ მესი, მაიკ ტაისონი, მაიკლ ჯორდანი...

- დაახასიათე საკუთარი თავი ერთი სიტყვით...
- უბრალოდ, ლიპო! :)

- იდეალური ქალი შენთვის არის...
- ჩემი მეუღლე - გიული ჭკუასელი!

- დაასრულე ფრაზა: "მჯერა, რომ...
- ...მიზანს აუცილებლად მივაღწევ!
nika
13 ივნისი 2013 10:21
გთხოვთ დადე შემდეგი პა-სპორტი ლუკა ზარანდიზე :)

რედაქტორის რჩევით