"მალდინი-ნესტა-კალაძის ტრიო საუკეთესო იყო"
10-06-2013
"მალდინი-ნესტა-კალაძის ტრიო საუკეთესო იყო"
ექსკლუზიური ინტერვიუ "მილანის" კომუნიკაციების მენეჯერთან

კალაძის გაცილების მატჩის დაწყებამდე "დინამო არენას" მედიაოთახში მაღალი, შავგვრემანი იტალიელი მომხვდა თვალში. იტალიურად საუბრის პრაქტიკის არქონის მიუხედავად, გადავწყვიტე, მივსალმებოდი: ბონ ჯორნო-მეთქი, ვუთხარი. არ შეიმჩნია და ვიფიქრე, რომ ლაპარაკში გართულმა ვერ გაიგონა, მაგრამ როცა საუბარი დაამთავრა, მოტრიალდა და მისალმებისთვის მადლობა გადამიხადა. მალე დანარჩენი იტალიელებიც გამაცნო. მათ შორის, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფურიო ფედელეც... თავად კი ჯუზეპე საპიენცა აღმოჩნდა - საფეხბურთო კლუბ "მილანის"“ კომუნიკაციების მენეჯერი. დამშვიდობებისას ჯუზეპემ
სავიზიტო ბარათი გამომიწოდა, თან დაამატა, ყველა შეკითხვაზე გიპასუხებო და პირობა შეასრულა კიდეც: მართალია, იტალიელთა დელეგაცია თბილისიდან იმავე ღამეს გაფრინდა, მაგრამ საპიენცას რამდენიმე დღის შემდეგ მილანში დავუკავშირდი...

- სენიორ ჯუზეპე, კახა კალაძის გაცილების საღამოს რომელიმე მსგავს საფეხბურთო მოვლენას ხომ ვერ შეადარებდით?
- თამაში, სტადიონი და ატმოსფერო
გასაოცარი იყო. ამ მატჩს მადრიდის "რეალისა"“და "მილანის"“ვეტერანების თამაშს შევადარებდი, რომელიც 2010 წელს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა და 75 000 მაყურებელი ესწრებოდა. ფეხბურთის ძლიერი სიყვარული ქართველ გულშემატკივრებს აშკარად ეტყობოდათ.

- თავად კალაზე რას გვეტყვით?  რა შეგიძლიათ თქვათ მისი და იტალიელი გულშემატკივრის ურთიერთობის შესახებ?
- კახა დიდი ადამიანია. იმ წლების განმავლობაში, რაც „მილანში“ გაატარა, ფანებთან თუ მედიასთან შეხვედრაზე უარი არც ერთხელ არ უთქვამს,  ყოველთვის ღირსეულად იქცეოდა. კეთილშობილი, გულისხმიერი ადამიანი და ნამდვილი პროფესიონალია. ჩემი აზრით, "მილანის"“ დაცვა, რომელიც მალდინისგან, ნესტასა და  კალაძისგან შედგებოდა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო იტალიური ფეხბურთის ისტორიაში.

- როგორ შეაფასებთ წვეულებას, რომელიც მატჩის შემდეგ მთაწმინდაზე გაიმართა?
- წვეულება ძალიან კარგი იყო, ადგილი - ფანტასტიკური. ყველაფერში იგრძნობოდა ქართული ადათ-წესები. ძალიან სასიამოვნო გამოვიდა: დაუვიწყარი!

- ე. ი. თბილისი, ქართველები და საზოგადოდ, საქართველო მოგეწონათ?
- თბილისი ლამაზი, პროგრესირებადი ქალაქია, სადაც მხიარული და ახალგაზრდული სულისკვეთების მქონე ხალხი ცხოვრობს. ქართული სამზარეულოც მომეწონა. მართალია, ისეთი არ არის, როგორიც იტალიური, მაგრამ ძალიან გემრიელია. თქვენს დედაქალაქში სიამოვნებით გავატარებდი კიდევ რამდენიმე დღეს... 

- ბევრი მითქმა-მოთქმა იყო "მილანის" მწვრთნელთან დაკავშირებით...
- მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი, კლუბში რჩება. ბატონ ბერლუსკონისა და გალიანის ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ. სანამ ეს ორი საოცარი ადამიანი "მილანშია", გუნდი და მისი გულშემატკივრები მშვიდად უნდა იყვნენ.

ეკა აბაშიძე
გიორგა
11 ივნისი 2013 16:09
მართლა ძაან მაგარი ტრიო იყო უძლიერესი დაცვა ყავდა ამ მილანს, კაფუ დაავიწყდათ

რედაქტორის რჩევით