დევ-დარიანი დილის მოლოდინში
17-06-2013
დევ-დარიანი დილის მოლოდინში
პატარა გორი დიდი ევროპისთვის ემზადება

გიორგი დევდარიანმა ახალი გამოწვევა მიიღო - ამიერიდან, 17-წლამდელთა ნაკრების თავკაცი ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის, გორის "დილას" მთავარ მწვრთნელადაც იმუშავებს. უმაღლესი ლიგა დევდარიანისთვის წარმატებასთან ნამდვილად არ ასოცირდება. თბილისის "დინამოში" გატარებული ხანმოკლე პერიოდი ისეთი ვერ გამოდგა, თავად და კლუბის ხელმძღვანელობას რომ ეიმედებოდათ, მაგრამ... პოზიტივის დანახვა ყველა საქმეშიI შეიძლება და ახალგაზრდა მწვრთნელისთვის უკვალოდ არც ქართული ფეხბურთის ფლაგმანში გატარებულ დროს ჩაუვლია. "დილა" კი... გასულ წელს, გორელებს გამორჩეული გუნდი ჰყავდათ - ფინანსურად,
შემადგენლობით, თამაშით... მას შემდეგ შიდა ქართლის მთავარ გუნდში ბევრი რამ შეიცვალა - მნიშვნელოვნად შემცირდა ბიუჯეტი, გუნდი დატოვა რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა, თუმცა, გიორგი დევდარიანისთვის სხვა ფაქტორები უფრო მნიშვნელოვანია - კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს, რომ "პატარა გორიც დიდია" და არც თავად არის მხოლოდ პატარების მწვრთნელი...


- არ
მსურს, მხოლოდ ბავშვთა მწვრთნელად დავრჩე, დიდ ფეხბურთში მუშაობის ამბიციაც მაქვს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ 17-წლამდელებს თავს ვანებებ. სანაკრებო მატჩებამდე დიდი პაუზაა, ასე რომ, დროც მქონდა და მორალური უფლებაც, საკლუბო კარიერაზეც მეფიქრა. მით უმეტეს, გორში ბავშვთა გუნდები და მწვრთნელებიც ისეთი ჰყავთ, მათ ნახვას არაფერი სჯობს. მაგალითისთვის გიორგი ტუღუშის დასახელებაც კმარა, რომელიც ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. გადაწყვეტილების მიღებამდე "დილას" მწვრთნელებს და ფეხბურთელებსაც ველაპარაკე. ამ ხალხს თამაში  ფინანსური პრობლემების დროსაც არ შეუწყვეტია და სანახაობრივ ფეხბურთსაც აჩვენებდნენ. შემოთავაზებას სწორედ საქმისადმი მათი დამოკიდებულების, გუნდში არსებული ატმოსფეროს ნახვის შემდეგ დავთანხმდი.

- ევროპის ლიგის მატჩებამდე ბევრი აღარ დარჩა...

- ჯგუფურ ეტაპზე გასვლას ამოცანად არავინ მისახავს, მაგრამ ყველას გვაქვს იმედი, რომ გორის "დილა" სანახაობრივ, შედეგიან ფეხბურთს ითამაშებს. ასეთ ჯანსაღ და საქმიან ატმოსფეროს "დილაში" ნამდვილად არ ველოდი. მოზარდებთან მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ ეს ზრდასრული, ბევრისმნახველი ფეხბურთელებიც ისე გულიანად, თავმდაბლად და დიდი სიყვარულით მომყვებიან, რომ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ.

- მიუხედავად იმისა, რომ "დილა" რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა?
- წავიდნენ ბრაზილიელი ლეგიონერები, გოგუა, მამალაძე, ბეჭვაია... ამ ფეხბურთელებმა გუნდისთვის ბევრი გააკეთეს, მათზე მოთხოვნაც იყო და არც ჩვენი ბიუჯეტი იძლევა შესაძლებლობას, დავაკავოთ. თუმცა, ძირითადი ბირთვი დარჩება, დავიმატებთ რამდენიმე ახალ ფეხბურთელს და შევეცდებით, ევროპის ლიგაზე ღირსეულად ვითამაშოთ. ოღონდ, ახალწვეულთა გვარების დასახელებას ჯერ ნუ მომთხოვთ...

- დიდი აჟიოტაჟია ატეხილი ქართული კლუბების დაფინანსების წესთან დაკავშირებით. თქვენ როგორ ფიქრობთ, მუნიციპალურ და კერძო კლუბებს სახელმწიფო თანაბრად უნდა დაეხმაროს?
- ვფიქრობ, ყველა უნდა დაფინანსდეს, ვინც წარმოადგენს დეტალურად გათვლილ პროგრამას, სადაც ყველა ნაბიჯი გათვლილია, ყოველი თეთრის დახარჯვაა გაწერილი, სადაც ჩანს, საით მიდის კლუბი. თანაც, გეგმა მინიმუმ 5 წელიწადზე გათვლილი უნდა იყოს... ისე კი, მიმაჩნია, რომ ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს. მოზარდები ამ ყველაფრისგან იზოლირებული უნდა იყვნენ და მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობდნენ. შეკრება მხოლოდ ფიზიკურ და ტაქტიკურ მზადებას არ ემსახურება, ამ დროს მოზარდები ჯანსაღ გარემოში არიან, მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობენ და საქმისადმი მათი დამოკიდებულებაც შეცვლილია...

- ნანობთ, თავის დროზე თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად მუშაობას რომ დათანხმდით?
- მჯერა, რომ რაც ადამიანის ცხოვრებაში ხდება, მისი განვითარებისთვის ყველაფერი კარგია. მიუხედავად იმისა, რომ ის პერიოდი არც ჩემთვის და არც კლუბისთვის წარმატებული არ ყოფილა, მაინც ბედნიერად მივიჩნევ თავს, ოდესღაც "დინამოს" მწვრთნელი რომ ვიყავი. წარმატების მისაღწევად თავი არ დამიზოგავს, მაგრამ ნერგი ყველა ნიადაგში ერთნაირად არ ხარობს. მნიშვნელობა აღარ აქვს, რატომ და როგორ მოხდა, რაც მოხდა. "დინამოს" გულშემატკივრად ვრჩები და მინდა, მთელ კლუბს მადლობა ვუთხრა. ამ კლუბმა ისეთი გამოცდილება მომცა, რისთვისაც წლებია საჭირო, რასაც წიგნებით ვერ ისწავლი.

- რომ ისეთი მიდგომა, როგორიც ბავშვებთან ჭრის, სახელიან და გამოცდილ მოთამაშეებთან არ გამოდგება...
- ადამიანებს გააჩნია. ამ მხრივ, "დილაში" იდეალური ვითარება დამხვდა. თუმცა, ახლანდელი "დინამოც" უფრო შეკრული და ერთიანი გუნდია, ვიდრე ჩემს დროს. ალბათ, მეც დავაკელი რაღაც, ვერ დავინახე ბევრი რამ, რასაც ბავშვებში ვამჩნევ...

- თუმცა, ამიერიდან, ბევრი რამის დამტკიცება "დინამოსთან" მატჩებშიც მოგიწევთ...
- რევანშს გულისხმობთ? შესაძლოა, ქვეცნობიერად ასეც იყოს... მწვრთნელის საქმეც ხომ ის არის, წინ მიდიოდეს, რაღაცები დაამტკიცოს... მეტოქისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რათა ჩემმა გუნდმა "დინამოს" ალალ, ნაღდ ბრძოლაში აჯობოს...
karaleteli tipi
09 ივლისი 2013 15:08
გორის "დილას" წარმატებებს უსურვებ.
alexsandre
18 ივნისი 2013 23:12
მართლაც ძლიერი მწვრთნელია შერჩეული გიორგის სახით, კარგი იქნება თუ გორელი გულშემატკივრების თხოვნასაც გაითვალისწინებს და გუნდში ბოლო დროის ერთ-ერთ საუკეთესო გორელ ფეხბურთელს ნოდარ ნოზაძესაც მისცემს თ, ჩავის გამოჩენის შანსს,ჩვენ ამის იმედი ნამდვილად გვაქვს!!

რედაქტორის რჩევით