პირველი ვიქტორია - კვირის პალიტრა

პირველი ვიქტორია

ვიქტორ სანიკიძემ სლოვენიამდე რომი დაიპყრო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ზაზა ფაჩულია კი დააკლდება, მაგრამ სამაგიეროდ, მოახლოებულ ევრობასკეტს გუნდის სხვა წევრები ხვდებიან კარგი განწყობით: გიორგი შერმადინმა "ოლიმპიაკოსთან" ერთად ევროლიგა მოიგო, მანუჩარ მარკოიშვილი თურქეთის ჩემპიონი გახდა, გიორგი ცინცაძე - უკრაინის, ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკიმ" იტალიის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა... სიენელებისთვის, რომლებმაც ფინალურ სერიაში "რომას" იოლად აჯობეს, ეს ზედიზედ მეშვიდე სკუდეტოა, სანიკიძისთვის კი პირველი ჩემპიონის ტიტული გახლავთ! დიახ, რაც უნდა საკვირველი იყოს, ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი კალათბურთელი, რომელსაც "მონტეპასკის" გარდა "დიჟონში", "ესტუდიანტესში", "ტარტუ როკსა" და "ვირტუსში" უთამაშია, ჩემპიონი პირველად გახდა. ვიქტორს მაშინ დავურეკეთ, როცა სიენელ ფანებთან ერთად ჩემპიონობის აღსანიშნად მიდიოდა.

- ბედნიერი ვარ, პირველივე ჩემპიონის ტიტული ასეთ ძლიერ ჩემპიონატში რომ მოვიგე. რაკი შარშანდელთან შედარებით, "მონტეპასკის" ბიუჯეტიც დააკლდა და რამდენიმე წამყვანი მოთამაშეც, სეზონის დაწყებამდე ბევრს ეგონა, რომ კლუბი ტიტულის შენარჩუნებას ვეღარ შეძლებდა. მით უმეტეს, რეგულარული პირველობაც მხოლოდ მეხუთე ადგილზე დავასრულეთ. სიენელთა მორიგმა ტიტულმა ყველა გააკვირვა. ჩემპიონობასთან ერთად, იტალიის თასიც მოვიგეთ და განვლილ სეზონს დადებითად ვაფასებ...

- ფინალურ სერიაში "რომას" საკმაოდ იოლად - 4:1 აჯობეთ..

- რომაელებს ნამდვილად არ ჰყავთ ისეთი ძლიერი გუნდი, როგორებიც "მილანი", "ვარეზე" და სხვები არიან. "რომასთვის" ფინალში გასვლაც დიდი წარმატება იყო.

- სეზონის შუაში "მონტეპასკის" კრიზისული პერიოდი ჰქონდა - ევროლიგასაც გამოეთიშეთ და მოგებას ვერც სერია A-ში ახერხებდით. ტრავმებთან ერთად, ამის მიზეზად მაშინ გადაღლილობაც დაასახელე...

- სიენაში აეროპორტი არ არის და ყოველი გასვლითი მატჩისას რომის აეროპორტამდე მიღწევა ავტობუსით სამსაათიანი მგზავრობის ფასად გვიწევდა. ხშირი და მომქანცველი მგზავრობა გუნდის თამაშზეც აისახა. ევროლიგიდან გამოვარდნის შემდეგ კი მთლიანად იტალიის ჩემპიონატზე გადავერთეთ და ფლეი-ოფს სხვებზე უკეთ მომზადებული შევხვდით...

- "მონტეპასკი" ზედიზედ მეშვიდედ გახდა ჩემპიონი. სიენელებისთვის სკუდეტო ჩვეული ამბავია, შენთვის კი... ალბათ, გამარჯვება ყველაზე ემოციურად აღნიშნე...

- არა მხოლოდ მე (იცინის). ჩემპიონობის აღნიშვნა რომიდან წამოსვლისთანავე, ავტობუსში დავიწყეთ და ერთ-ერთი კალათბურთელის სახლში გავაგრძელეთ. კლუბის ფანებთან ოფიციალური შეხვედრა კი დღეს გვქონდა და ახლა მათთან ერთად რესტორანში მივდივართ.

- საკუთარი თამაშით მთლად კმაყოფილი ვერ იქნები, არც ისე ბევრი სათამაშო დრო გქონდა...

- გული მაინც არ მწყდება, რადგან ჩემთვის სადებიუტო ევროლიგაზე კარგად ვითამაშე და როცა მწვრთნელი მენდობოდა, თავი არც იტალიის ჩემპიონატში შემირცხვენია.

- აქამდე, ჩემპიონობის შანსი არ გქონია?

- "ესტუდიანტესში" ნამდვილად არა... "დიჟონში" საფრანგეთის თასი მოვიგე, ესტონეთის ჩემპიონატის ფინალშიც მითამაშია, თუმცა, ყველაზე მეტად შარშანდელმა სეზონმა დამწყვიტა გული - ბოლონიის "ვირტუსს" ჩინებული სეზონი ჰქონდა და ბოლო წამებზე წაგებული მატჩები რომ არა, ფინალში გასვლაც შეგვეძლო...

- "მონტეპასკისთან", კონტრაქტით, კიდევ ერთი წელი უნდა დარჩე... მომავალ სეზონსაც სიენაში გაატარებ?

- კლუბის მთავარმა სპონსორმა, ბანკმა "მონტეპასკიმ" ფინანსური პრობლემები უკვე მოაგვარა, მაგრამ ჯერ მაინც გაურკვეველია, როგორ დაკომპლექტდება ახალი სეზონისთვის "სიენა". მწვრთნელმა გუნდი უკვე დატოვა, შემადგენლობის საკითხი კი უახლოეს მომავალში გაირკვევა. შემოთავაზებები სხვა კლუბებისგანაც მაქვს და ვნახოთ.

- ევროპის ჩემპიონატის წინ ქართველი ლეგიონერების წარმატება ნაკრებისთვისაც უმნიშვნელოვანესია...

- თუ ძლიერი მოთამაშე არ ხარ, საჩემპიონო გუნდში არც მიგიწვევენ... ეს გამარჯვებები გამოცდილების მომტანიც არის და ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესია. ევროპაში ბევრი ნაკრები გეგულებათ, შემადგენლობაში ეროვნული პირველობების ამდენი ჩემპიონი რომ ჰყავდეს? ზაზას არყოფნის მიუხედავად, სწორედ ეს ყველაფერი განმაწყობს იმედიანად...

- ცნობილია, რომ ნაკრების ხელმძღვანელობა კიდევ ორი ნატურალიზებული მოთამაშის ძიებაშია...

- ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ მიმაჩნია, რომ უკვე გვაქვს იმდენი გამოცდილება და რესურსი, წარმატებას მათ გარეშეც მივაღწიოთ. გამოცდილი კალათბურთელებიც გვყავს და ჩინებული ახალგაზრდა მოთამაშეებიც. თანაც, უკვე იმდენ ამერიკელ მოთამაშეს მივეცით ქართული პასპორტი, ხვალ-ზეგ, შესაძლოა, ქართული პასპორტის მქონე ამერიკელები ევროპულ კლუბებშიც გახდნენ ჩვენი გამთამაშებლების კონკურენტები...