პა-სპორტი - თორნიკე შენგელია - კვირის პალიტრა

პა-სპორტი - თორნიკე შენგელია

- კალათბურთელი რომ არა, ვინ იქნებოდი?

- არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია...

- რა იყო შენი ბავშვობის ოცნება?

- მინდოდა, NBA-ში მეთამაშა... ეს ოცნება ცოტა ხნის წინ ავისრულე!

- შენი ოჯახი გაგვაცანი...

- ერთი დიდი საკალათბურთო ოჯახი ვართ: დედაჩემი და მამაჩემი, კახა და ქეთევან შენგელიები, ყოფილი კალათბურთელები არიან. თავის დროზე, კალათბურთს ჩემი და სოფოც თამაშობდა...

- დაახასიათე საკუთარი თავი ერთი სიტყვით...

- არასდროს ვნებდები (ორი სიტყვით ვთქვი)! :):)

- კალათბურთის გარდა, რა გიყვარს?

- ბევრი რამ: მეგობრებთან ყოფნა, კინოში სიარული, ავტომანქანები...

- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

- სიყალბე.

- უცნაური თვისება თუ გაქვს?

- შესაძლოა, ჩემთვის უცნაური სხვისთვის ნორმალური იყოს და პირიქით... ასე რომ, არ ვიცი. :)

- ნივთი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხარ...

- ჩემი გულსაკიდი ჯვარი სულ მიკეთია...

- ფრაზა ან სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ...

- "ბაბულიკ". :)

- საყვარელი კერძი, სასმელი...

- ხაჭაპური და ცივი ჩაი. :)

- ყველაზე ეგზოტიკური კერძი, რაც გიჭამია...

- უჩვეულო კერძების მოყვარული არა ვარ.  ყველაზე ეგზოტიკური, რაც კი მიჭამია, რვაფეხაა. :)

- ადამიანი, რომელმაც დიდი ზეგავლენა მოახდინა შენზე...

- მამაჩემი, კახა შენგელია! კალათბურთის თამაშიც მისი ხათრით დავიწყე 9 წლის ასაკში...

- საყვარელი წიგნი, ფილმი, მუსიკოსი...

- ძალიან მიყვარს "დათა თუთაშხია"; ფილმებიდან - "ნაიარევი სახე", "როკი"; მუსიკოსებიდან ბარი უაითი...

- ქვეყანა, სადაც იცხოვრებდი...

- საქართველოს გარდა, ვერსად წარმომიდგენია ცხოვრება!

- მატჩი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ...

- ბევრია ასეთი... რომელიმეს გამოყოფა გამიჭირდება.

- ყველაზე უცნაური ჭორი, რაც შენ შესახებ გაგიგია...

- ორიოდე წლის წინ მიმტკიცებდნენ, ვიცით, რომ დაქორწინდი, რატომ არ ამხელ, როდემდე უნდა დამალოო?! :):)

- სოციალური ქსელით ხშირად სარგებლობ?

- საკმაოდ ხშირად. განსაკუთრებით, როცა საზღვარგარეთ ვარ...

- შინაური ცხოველი თუ გყავს?

- ძალიან მიყვარს ძაღლები და მყავს კიდეც ჰასკი "პელიტო".

- პერსონაჟი, რომელსაც ყველაზე მეტად გამსგავსებენ...

- "ბრუკლინის" კალათბურთელები "როკი ბალბოას" მამსგავსებენ... მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმი ძალიან მიყვარს, პარალელის გავლება მიჭირს. :)

- მეტსახელი თუ გაქვს?

- თოკო.

- იდეალური ქალი შენთვის არის...

- ჩემთვის იდეალური ქალი უკვე ნაპოვნი მყავს. ასე რომ, დახასიათებას აღარ დავიწყებ...

- ყველაზე უცნაური კითხვა, რაც ჟურნალისტს დაუსვამს...

- თამაშის წინ მკითხეს, დღევანდელი მატჩი რა ანგარიშით დასრულდებაო?  :):)

- დაასრულე ფრაზა: "მჯერა, რომ"...

- ...ივერია გაბრწყინდება!