"ზოგიერთი ფეხბურთელი ყველაფერს აკეთებს, ნაკრებში რომ არ ითამაშოს"
15-07-2013
"ზოგიერთი ფეხბურთელი ყველაფერს აკეთებს, ნაკრებში რომ არ ითამაშოს"
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორად არჩილ არველაძე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. ვეტერან ფეხბურთელს და 35-ე საფეხბურთო სკოლის ყოფილ დირექტორს სტამბოლში ველაპარაკეთ, სადაც მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მატჩებსაც დაესწრო და ქართველ 19-წლამდელებთან ლიტვაში გამგზავრებამდე, ტყუპისცალ შოთასთანაც "შეიარა"...

- ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორად მუშაობა ბატონმა ზვიად სიჭინავამ ლონდონში, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ორი დღით ადრე შემომთავაზა. თანხმობა იქვე ვუთხარი, მაგრამ... ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მაინც კარგა ხანს ვიფიქრე.

- წლებია, თქვენი
ძმა რევაზ არველაძე ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანია. გადაწყვეტილების მიღებისას თავს ამის გამოც ხომ არ იკავებდით?

- ვიფიქრე, რომ შესაძლოა, ეს სალაპარაკო გამხდარიყო, მაგრამ მე ხომ არც რეზი ვარ და არც შოთი? - რეზოს თავისი საქმე, სახელი აქვს და უკვე დიდი ხანია, გულიანად ემსახურება საყვარელ საქმეს.
მეც ჩემი ცოდნა, ფეხბურთისადმი საკუთარი მიდგომა და სიყვარული მაქვს. ცუდი არც ერთს არაფერი გაგვიკეთებია და შევეცდები, ამ თანამდებობაზე კიდევ მეტი გავაკეთო...

- ფედერაციის პრეზიდენტები იცვლებიან, რეზო კი სულ გენერალური მდივანია. ახლა კი მეორე არველაძეც დაემატაო... ამაზე რას იტყვით?
- რეზო იმიტომ არის ამდენი წელი ფედერაციაში, რომ კარგად მუშაობს. საგარეო მიმართულება მას აბარია და ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად, მისი დიდი დამსახურებაც არის, ბოლო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ტურნირის თუ მატჩის მასპინძლობის უფლება რომ მოგვცეს. 

- თქვენი ძირითადი ფუნქცია რა იქნება?
- ფეხბურთელის რანგში მოედანზე ვეღარ გავალ და სხვის ნაცვლად ვერ ვითამაშებ (იცინის). სხვა მხრივ კი ცდას არ დავაკლებ, რომ საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს საუკეთესო პირობები ჰქონდეთ. ზვიად სიჭინავა არც მერაბ ჟორდანიაზე ახლობელია ჩემთვის და არც ორივე ნოდარ ახალკაცზე, მაგრამ სიმართლე სიმართლეა - ასეთი გამართული, დალაგებული და ფუნქციური ფედერაცია მანამდე არასდროს ყოფილა. ასაკობრივ ნაკრებებს ასეთი პირობები აქამდე არასდროს ჰქონიათ. იყო დრო, ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს ამხანაგური მატჩი სანატრელი ჰქონდა, ფინეთსა და შვედეთში სათამაშოდ ავტობუსით დადიოდნენ(?!) და გზაში ორ კვირას ატარებდნენ. დღეს ჩვენს ახალგაზრდულ გუნდს 90-ზე მეტი ოფიციალური და ამხანაგური მატჩი აქვს ჩატარებული.

- დრომ რა გამოაჩინა - თავის დროზე, ქეცბაიას ნაკრების მწვრთნელად დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იყო?
- ყველაფერს თავისი დრო აქვს, მაგრამ დამეთანხმებით, რომ იმ დროს სიტუაცია ყოველმხრივ იყო მომზადებული, ეროვნული ნაკრები სწორედ თემურ ქეცბაიას ჩაებარებინა. გულშემატკივარიც, ფედერაციაც, მთავრობაც ერთ აზრზე იყო - ნაკრებს ქართველი, ენერგიული მწვრთნელი სჭირდებოდა, რომელიც ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებას შეძლებდა. ჯარისკაცისა და გენერლობისა არ იყოს, ისეთ მწვრთნელს რა ვუთხარი, საკუთარი ქვეყნის ნაკრების გაწვრთნაზე რომ არ ოცნებობსო... თემურიც დათანხმდა.

- და გარკვეულწილად, საკუთარი რეპუტაციაც შეაგდო სასწორზე...
- ფაქტია, რომ თემურმა ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფი ნაკრები ჩაიბარა და შეასრულა მთავარი მიზანი - ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბა. როგორც უნდა შევაფასოთ მისი მუშაობა, წაუგებელი მატჩების სარეკორდო სერიაც სწორედ ქეცბაიას ეკუთვნის.

- ბრძოლისუნარიანი გუნდი, რომელიც ამხანაგურ მატჩებშიც კი მხოლოდ თავდაცვაზე ფიქრობს?
- ამხანაგურ მატჩს ყველა მწვრთნელი ოფიციალური თამაშებისთვის მოსამზადებლად იყენებს და განსხვავებული სტილით როგორღა ათამაშებს? ქეცბაიას მატჩისწინა დარიგებას აქამდე არ დავსწრებივარ, მაგრამ არა მგონია, მწვრთნელი ყენიას, ანანიძეს, ოქრიაშვილს ან კობახიძეს უშლიდეს, არ შეუტიოთო... დავიჯერო, თემურ ქეცბაიას, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში სულ შეტევაზე ფიქრობდა, უცებ გადაუტრიალდა ტვინი და მთელ გუნდს დაცვაში დადგომას ავალებს?

მწვრთნელი რომც ავალებდეს, ცენტრის ხაზს იქით გადასული არ გნახოთო, მინდორზე ხომ ფეხბურთელია და ბურთიც მას აქვს? მოატყუე, შეუტიე, გაიტანე. თუ ხედავს, რომ კარგად გამოსდის, რომელი ჭკუათამყოფელი მწვრთნელი ეტყვის ფეხბურთელს, არ შეუტიოო? ბევრ ისეთ მოთამაშეს დამისახელებთ, ნაკრებში გამოძახებას რომ იმსახურებს და ქეცბაია არ იწვევს? ამას წინათ ლევან ყენიას ვუთხარი, რაც ფეხი იტკინე და აღარ თამაშობდი, სანაკრებო მატჩის დროს ფეხზე აღარ წამოვმხტარვარ-მეთქი... ლევანის გარდა კიდევ გვყავს ფეხბურთელები, არაორდინარული თამაში რომ შეუძლიათ...

- ფეხბურთელებისგან ქეცბაიას გაკრიტიკება "მოდად" რომ იქცა, უკმაყოფილო მოთამაშეების ბრალია თუ ნაკრების მწვრთნელს მართლაც აქვს შეგირდებთან ურთიერთობის პრობლემა?

- ურთიერთობა ორმხრივი რამ არის. ქეცბაიამ აღიარა კიდეც, რომ კობიაშვილსა და იაშვილთან არასწორად მოიქცა. ახალგაზრდა მოთამაშეებს კი, რომლებსაც ნაკრებში თამაშიც სურთ და თემურის ემოციური ხასიათის ამბავიც იციან, მეტი დიპლომატია, მოთმინება და პატივისცემა მართებთ. ფეხბურთელი ისეა მოწყობილი, მწვრთნელზე მეტს ვერ ინერვიულებს. ნაკრებში თუ ვერა, მომდევნო მატჩს კლუბში მაინც ითამაშებს კარგად და მარცხი მალე დაავიწყდება, ნაკრების მწვრთნელი კი... შესაძლოა, რომელიმე მოთამაშეს ზედმეტად დაუყვირა ან შენიშვნა მისცა, ამის გამო ცხვირი არავინ უნდა ჩამოუშვას. ნაკრები ცოცხალი ორგანიზმია და თუ ყველა წვრილმანი საქვეყნოდ გამოიტანე, რა გამოვა? ჩემს დროს ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ვთამაშობდით და ნაკრებში გამოძახება ჩვენთვისაც უდიდესი პატივი იყო, ახლანდელ მოთამაშეებს კი ბევრად მეტი მოტივაცია უნდა ჰქონდეთ. თუ რაღაცებს ანგარიშს არ უწევ, ნაკრებში თამაში არ გნდომებია. მე ყველაფერს ვაკეთებდი, ნაკრებში რომ მეთამაშა, ზოგიერთი კი ყველაფერს აკეთებს, ეროვნულ გუნდში რომ არ ითამაშოს!

- "დინამოს" აკადემიის გახსნაზე შევჩენკოს და კრიშტიანუ რონალდუს ჩამოსვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა...
- მინდა, "დინამოს" ხელმძღვანელობას აკადემიის გახსნა მივულოცო და წარმატება ვუსურვო. სამწუხაროდ, თბილისში არ ვიყავი და ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას ვერ დავესწარი. შევჩენკოს ვიზიტები აღარ გვიკვირს, რონალდუს ჩამოსვლა კი ნამდვილად არ არის პატარა საქმე. მით უმეტეს, საცოლესთან ერთად ჩამოვიდა. ირინა შეიკმა მარტო რომ არ გამოუშვა, ე. ი. მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო (იცინის).
maia
17 სექტემბერი 2013 12:43
დზალიან კარგი გააკეთეთ ასაკობრივი ნაკრებები რო გააკეთეთ თავიდანვე შეეცვევიან და იქნებ ეშველოს საქართველოს ნაკრებს. დზალიან ბევრს მუშაობს ავსაჯანიშვილი პატარებთან დზალიან კარგი გუნდი შეკრიბა გმერთმა მშვიდობით დააბრუნოთ ჰოლაანდიიდან. იქნებ 35სკოლასაც მიხედოთ კველას დზალიან გვიკვარს თქვენ გვართან ასოცირდება
tato
08 სექტემბერი 2013 16:08
თქვენი სიკვარულით მივიკვანე შვილი 35სკოლაში და დამხვდა მანდატური დირეკტორი ეს როდემდე იკნება მიხედეთ მაგ სკოლას კარგი სახელი ქონდა იქნებ აგუდგინო სპორტული სახელი მანდ კარგი პეგბურთელები გაიზრდებიან
mako
08 სექტემბერი 2013 15:59
35სკოლის დირეკტორი აგარ იკნებით? ისევ მანდატური იკნება?ცუდია იკნებ ნაკრებში დარეკვით და ნაცნობობით არ მიცვიონ ბავშვები ვისაც არავინ კავს ხო ცოდვაა ვინც კარგად თამაშობს მისცენ საშუალება ითამაშონ მერე გული უცრუვდება მოდი მიხედეღთ ამას ასაკობრივ ნაკრებში

რედაქტორის რჩევით