პა-სპორტი - გიორგი შერმადინი - კვირის პალიტრა

პა-სპორტი - გიორგი შერმადინი

- კალათბურთელი რომ არა, ვინ იქნებოდი?

- ფრენბურთელი. :)

- ბავშვობაში რაზე ოცნებობდი?

- სიმაღლიდან გამომდინარე, მინდოდა, ძლიერი სპორტსმენი ვყოფილიყავი...

- ნივთი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხარ...

- მობილური ტელეფონი.

- ფრაზა ან სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ...

- ოჯახის წევრებს ხშირად ვეუბნები: "დილიდანვე ნუ ხართ დაღლილები!" :))

- უცნაური თვისება თუ გაქვს?

- უცნაური და იშვიათი ნამდვილად არ არის - არ მიყვარს ლოდინი!

- ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა შენზე...

- ჯამლეტ ხუხაშვილი!

- ბევრ ქვეყანაში გითამაშია. საცხოვრებლად რომელია საუკეთესო?

- ყველა ქვეყანა თავისებურად ლამაზია, მაგრამ ჩემთვის საქართველოს არაფერი შეედრება!

- საყვარელი წიგნი, რეჟისორი, მუსიკოსი...

- "დათა თუთაშხია", ფილმებიდან უბერებელი "ხარება და გოგია", მომღერლებიდან - მადონა...

- კალათბურთის გარდა, რა გიყვარს?

- "ჯოკერის" თამაში, როცა სანაკრებო შეკრებაზე ვართ. :))

- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

- ისევ და ისევ ლოდინი! :)

- შინაური ცხოველები თუ გყავს?

- შინაური ცხოველები მიყვარს, ოღონდ შორიდან და არა  ჩემს სახლში. :)

- შეხვედრა, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ...

- სპორტული ასეთი ბევრი ყოფილა... ისე კი, აშშ-ში ყოფნისას, "პირზე კოცნით" შევხვდი შერონ სტოუნს. :))

- მატჩის წინ რაიმე ჩვევა თუ გაქვს?

- ცრუმორწმუნე არა ვარ და შესაბამისად, არანაირი!

- სოციალური ქსელით ხშირად სარგებლობ?

- სოციალური ქსელი სხვა ქვეყანაში მცხოვრებ მეგობრებთან ურთიერთობის ყველაზე იოლი გზაა და საკმაოდ ხშირადაც ვიყენებ...

- მეტსახელი თუ გაქვს?

- შერმო.

- იდეალური ქალი შენთვის არის...

- ბეიონსე. :))

- საკალათბურთო დარბაზის გარდა, სად შეიძლება ყველაზე ხშირად გიორგი შერმადინის ნახვა?

- სახლში. :)

- შენი საყვარელი სპორტსმენი...

- კახი კახიაშვილი და ჯარჯი ზვიადაური!

- პერსონაჟი, რომელსაც ყველაზე მეტად გამსგავსებენ...

- მისტერ ბინი. :)

- სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ღიღინებ...

- Red Hot Chili Peppers-ის "Californication"...

- ყველაზე ხშირად გავიწყდება...

- დილის ლოცვების წაკითხვა.

- ყველაზე უცნაური ჭორი, რაც საკუთარ თავზე გაგიგია...

- ჭორებს ყურადღებას არ ვაქცევ.

- ყველაზე უცნაური კითხვა, რომელიც ჟურნალისტს დაუსვამს...

- ერთხელ ნაკრებთან ერთად აეროპორტში ყოფნისას ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩამომართვა. ათწუთიანი საუბრის შემდეგ მკითხა, შენ ხომ თორნიკე შენგელია ხარო? :)))

- დაასრულე ფრაზა: "მჯერა, რომ"...

- ...კიდევ არაერთხელ გავხდები ჩემპიონი!

- რომ არ ყოფილიყავი გიორგი შერმადინი, იქნებოდი...

- მადლობა უფალს, რომ გიორგი შერმადინი ვარ!