"სპარტაკს" ჩემი გაყიდვა არ უნდა და ხომ არ გავიპარები?!" - კვირის პალიტრა

"სპარტაკს" ჩემი გაყიდვა არ უნდა და ხომ არ გავიპარები?!"

"ჯერ "სპარტაკში" არაფერი დამიმტკიცებია და ევროპაში ვის ვუნდივარ?!"

"მათამაშე მთელი მატჩი და მერე მისაყვედურე!"

რამდენიმე წელიწადია, ჯანო ანანიძეს ქართველ ჟურნალისტთან აღარ ულაპარაკია. საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს ახალი კონტრაქტი უკვე აღარ უკრძალავს მასმედიასთან ურთიერთობას და... მოსკოვის "სპარტაკის" 20 წლის ფეხბურთელთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საკლუბო ამბებზეც ვისაუბრეთ (შეგახსენებთ, ივლისის დასაწყისში "სახალხო გუნდმა" ჯანო "როსტოვში" გაანათხოვრა. - ავტ.) და ეროვნულ ნაკრებზეც...

- შეთავაზებები ევროპული კლუბებიდანაც ხომ გქონდა?

- "სპარტაკთან" კიდევ სამი წლით მაკავშირებს კონტრაქტი და თავად ვერაფერს გადავწყვეტდი.  სხვებს აღარ ჩამოვთვლი, არნემის "ვიტესი" კი ძალიან იყო დაინტერესებული. კლუბის წარმომადგენლები (მათ შორის, გიორგი ქინქლაძეც) რამდენჯერმე იყვნენ მოსკოვში, მაგრამ შეთანხმება არ შედგა. სხვა რუსულ კლუბებს "როსტოვი" ვარჩიე. ჩემზე მეტად ვის უნდა, რომ ევროპაში ვთამაშობდე, მაგრამ მოსკოველებს ჩემი გაყიდვა არ სურთ და ხომ არ გავიპარები?! ჯერ "სპარტაკში" არაფერი დამიმტკიცებია და ევროპაში ვის ვუნდივარ? კარიერის ბოლომდე რუსეთში თამაშს ნამდვილად არ ვაპირებ, ევროპულ კლუბში თამაში მსურს და ამის დროც მოვა!

- რატომ მაინცდამაინც "როსტოვი"?

- ჩემამდე "სპარტაკმა" არტიომ ძიუბაც გაანათხოვრა "როსტოვში". აქვე თამაშობენ ყოფილი "სპარტაკელები" - პლეტიკოშა და შეშუკოვიც. მოკლედ, "შინაურ" ატმოსფეროში აღმოვჩნდი. თანაც, "როსტოვში" სანახაობრივი ფეხბურთიც უყვართ... აქ იმიტომ ჩამოვედი, "სპარტაკში" უფრო მაგარი რომ დავბრუნდე. თავიდანვე სასტარტოში თუ არ დავიწყე, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ სულ ასე იქნება? სამწუხაროდ, ქართველები ძალიან სულსწრაფები ვართ, - საწყისი ორი ტურის შემდეგ დაწერეს, ანანიძე "როსტოვშიც" სათადარიგოაო... ძირითად შემადგენლობაშიც მალე ვითამაშებ. "როსტოვი" არ არის ისეთი გუნდი, მისვლისთანავე ჩაჯდე ძირითადში. ჯერ ვარჯიშებზე უნდა დაამტკიცო, რა შეგიძლია. დავამტკიცებ, სათამაშო პრაქტიკაც მექნება და მერე "სპარტაკში" დავბრუნდები.

- "სპარტაკის" ვარჯიშებზე თავი ციხეში გვგონია, გაიცინებ და დაგხვრეტენო, იხუმრა ძიუბამ. ნუთუ "სახალხო გუნდში" მართლა ასეთი სიმკაცრეა?

- "სპარტაკში" სხვა ამოცანები და მოთხოვნაა - ჩემპიონობა, ევროთასები... გულშემატკივრისა და ჟურნალისტების ყურადღებაც გაცილებით დიდია. ამიტომ უფრო დაძაბული ხარ, თორემ, რა თქმა უნდა, ხუმრობის უფლებაც გვაქვს და სიცილისაც... "როსტოვს" გაცილებით მოკრძალებული მიზნები აქვს. შესაბამისად, წნეხი ნაკლებია და თავს ბევრად ლაღად ვგრძნობთ, - ძიუბამ ეს იგულისხმა.

- "ჟანოს" ნაცვლად, შენს მაისურზე უკვე ნამდვილი სახელი - "ჯანო" აწერია... წარწერა შენი მოთხოვნით შეცვალეს?

- დიახ. თავის დროზე, საბუთებში "ჟანო" შეცდომით დაწერეს და ყველაფერი ამის ბრალია. მაისურზე წარწერის შეცვლა შარშანაც მოვითხოვე, მაგრამ დაავიწყდათ და წლევანდლამდე ვერ მოაბეს თავი (იცინის).

- ჯანო ანანიძეს გამძლეობა არ ჰყოფნის, მთელი მატჩი მაღალ დონეზე რომ ჩაატაროსო, ეთანხმები ამ მოსაზრებას?

- ამას მაშინ რატომ არ ამბობდნენ, 17 წლისამ "სპარტაკში" ზედიზედ სამი მატჩი სრულად რომ ვითამაშე? ალბათ, ჯანსა და აღნაგობას გულისხმობენ, თორემ ცოტაა ფეხბურთელი, გაბარიტების მიუხედავად, სუნთქვისა და გამძლეობის პრობლემა რომ არა აქვს? არ მაძლევდნენ საკმარის დროს, თორემ რას ვერ ვუძლებ? მათამაშე მთელი მატჩი და თუ 85-ე წუთზეც ისეთივე ენერგიული ვეღარ ვიქნები, როგორიც თამაშის დასაწყისში, მერე მისაყვედურე! სისულელეა, თითქოს მალე ვიღლები და სირბილი აღარ შემიძლია. არ ვეწევი, არ ვსვამ და გამძლეობა რატომ არ უნდა მქონდეს? პირიქით, საკლუბო ტესტების დროს ყოველთვის სამეულში შევდივარ. ასეთ ლაპარაკს ყურადღებას არ ვაქცევ - ვისაც რა უნდა, ის თქვას, მე ჩემს საქმეს გავაკეთებ.

- მამა მხოლოდ მშობელი არ იყო შენთვის, საფეხბურთო ამბებშიც სულ გვერდში გედგა... მისი გარდაცვალების შემდეგ ფეხბურთში დასაბრუნებელი ძალა როგორ გამონახე?

- უმისოდ ძალიან მიჭირს... ბოლოს რომ ველაპარაკე, ვეღარ გრძნობდა თავს კარგად. თუ რამე დამემართა, იცოდე, ფეხბურთს თავი არ დაანებო, ოჯახი შენ უნდა არჩინოო, მითხრა. მამის დანაბარებს ვასრულებ, თორემ მისი სიკვდილის შემდეგ, მოსკოვისკენ გახედვაც აღარ მინდოდა. უნდა დავამტკიცო, რომ მაღალ დონეზე შემიძლია თამაში. მინდა, ისეთი ფეხბურთელი და კაცი ვიყო, მამას რომ გაუხარდებოდა.

- 17 წლის ასაკში ჩინებული დებიუტი გქონდა კლუბშიც, ნაკრებშიც... მერე რა მოხდა, რატომ ვეღარ "გაიზარდა" ჯანო ანანიძე? მიზეზი მხოლოდ მცირე სათამაშო დროში უნდა ვეძებოთ თუ შენც დააკელი რამე?

- ოთხი წელიწადი "სპარტაკის" ბაზაში ვცხოვრობდი... საერთოდაც, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბოლო დროს "გულაობა" დავიწყე და ამიტომ ვეღარ ვთამაშობდი, მწარედ ცდება. ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ ასე არ არის. ტრავმები მქონდა, მენისკის ოპერაციაც გავიკეთე. როცა არ გათამაშებენ, ფსიქოლოგიურადაც ძალიან ძნელია. მერე მამაც გარდაიცვალა და ამოვვარდი კალაპოტიდან... სამი წლის წინ თამაშის დროს გაცილებით თავისუფალი ვიყავი, ახლა კი რაღაცნაირად დაძაბული, შებოჭილი ვარ მოედანზე. სილაღე მხოლოდ სათამაშო პრაქტიკას მოაქვს, რაც უნდა ბევრი ივარჯიშო, თამაშის გარეშე ვერ გაიზრდები. როცა კლუბში არ მქონდა სათამაშო პრაქტიკა, სრულფასოვნად ვერც ნაკრებს ვეხმარებოდი. სექტემბრამდე, როცა სანაკრებო მატჩები გველის, ფორმაში აუცილებლად შევალ. სულ რუსეთში თამაშს ნამდვილად არ ვაპირებ. მით უმეტეს, არც არის "ჩემი" ჩემპიონატი, პირველობა, სადაც ჩემი კომპლექციის ფეხბურთელს თამაში უადვილდება. მოვმაგრდები და ევროპაში წავალ...

- "სპარტაკის" გენერალური დირექტორი რომან ახსაბაძეა. მისგან ყურადღებას თუ გრძნობდი?

- დატვირთული გრაფიკის გამო, ბაზაში მოსვლას იშვიათად ახერხებს. უმეტესად ტელეფონით მეხმიანებოდა. "როსტოვში" წამოსვლამდე ორჯერ ვიყავი მის კაბინეტში. მითხრა, იცოდე, შენს გაყიდვას არ ვაპირებთო... მოსკოვიდან "როსტოვში" სადებიუტო მატჩის შემდეგაც შემეხმიანენ, ასე გააგრძელე და ჩვენთან იანვარში დაბრუნდებიო...

- არ ნანობ, თავის დროზე, "სპარტაკთან" ასეთ ხანგრძლივ ხელშეკრულებას რომ მოაწერე ხელი?

- გარკვეულწილად, ვნანობ, მაგრამ იმ დროს დიდი არჩევანი ნამდვილად არ მქონია. კონტრაქტი რომ გავაფორმე და კარგად ვთამაშობდი, ძლიერი კლუბები მერე გამოჩნდნენ. "სპარტაკისთვის" მადლობის მეტი რა მეთქმის, ფეხბურთის თამაში სწორედ მოსკოვურ კლუბში ვისწავლე. 16 წლის ბიჭი პირველ გუნდში გადამიყვანეს. ამ ასაკის, მით უმეტეს, ჩემი აღნაგობისა და წონის ყმაწვილს რომ ძირითად გუნდში გადაგიყვანენ, პატარა საქმე არ არის და ამისთვის ვალერი კარპინის მადლობელი ვარ. "მალიორკაში" ან "ხეტაფეში" ყოფნას "სპარტაკში" თამაში მირჩევნია, ევროთასზე ასე უფრო მოვხვდები. წამიკითხავს, ანანიძე რუსეთს ხელფასის გამო "მიაკვდაო"... ამის მთქმელებმა

რომ იცოდნენ, სინამდვილეში რამდენს ვიღებ, ნახევარზე მეტი თავს მოიკლავდა. ევროპაში 30 ათასს გადაუხდიდნენ, "როსტოვში" კი 100 ათასს იღებსო. ნეტავ მართლა ვიღებდე!

- ეროვნულ გუნდზეც ვილაპარაკოთ. რა არის საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა?

- კლუბში არც ერთ ჩვენგანს არ ეშინია გახსნის, ბურთის მიღების, შეტევის წამოწყების, ნაკრებში კი... ახსნაც კი მიჭირს, რა გვაკლია. რაღაცნაირად შებოჭილი ვართ. არის თამაშები, როცა სამ-ოთხ პასს ვერ ვაბამთ ერთმანეთს. ესპანეთსა და საფრანგეთთან თამაშებს არ ვგულისხმობ, მაგრამ ფინეთი?! კაცნაკლულმა გუნდმა კინაღამ აქეთ გაგვიტანა გოლი...

- ბევრი ამას მწვრთნელის არჩეულ დაცვით ტაქტიკას აბრალებს...

- ქეცბაიას არასდროს უთქვამს ფეხბურთელებისთვის, არ შეუტიოთ, მეტოქე არ მოატყუოთ და კარში არ დაარტყათო. თან ამდენ შემტევს გვათამაშებს და თან გვეუბნება, არ შეუტიოთო? ძლიერ გუნდებთან მეორე ნომრად თამაში კი უყვარს, მაგრამ ჩვენ კი არა, ესპანეთთან ბრაზილია თამაშობს მეორე ნომრად.

- ესპანეთთან შეტევას არც არავინ ითხოვს, მაგრამ ამხანაგურ მატჩებში...

- მწვრთნელი შეიძლება სტრატეგიაზე გელაპარაკოს, დავალება მოგცეს, მაგრამ მოედანზეც ხომ არ გამოვა? ფეხბურთელი ხარ და თავად უნდა გადაწყვიტო, როდის გაიქცე და როდის დაარტყა.

- ყველას გვახსოვს, როგორი იმედით ელოდა ქართველი ქომაგი თემურის დანიშვნას. დღეს კი მის გადადგომას ითხოვენ...

- რომ წავიდეს, ვინ მოვა? მერე ახალმოსულიც წავიდეს და ასე გაუთავებლად? ნაკრები რომ ვერ თამაშობს, მხოლოდ მწვრთნელის ბრალი არ არის, მინდორზე ხომ მოთამაშეები ვართ და უფრო მეტი ჩვენზეა დამოკიდებული. მწვრთნელი თამაშის დროს ხომ ვერ დაგირეკავს და გეტყვის, რა შეცვალო? თითქოს შებოჭილი ვართ, დაცვიდან შეტევაში ბურთის წაღება გვიჭირს. უკვე მივეჩვიეთ, რომ ნებისმიერი სიძლიერის მეტოქეს აუცილებლად კონტრშეტევაზე უნდა ვეთამაშოთ... ფეხბურთის თამაში უნდა გსიამოვნებდეს, მე კი, ნაკრებიდან რომ მოვდივარ, არავის დანახვა აღარ მინდა ხოლმე...