პა-სპორტი - ირაკლი აბუსერიძე - კვირის პალიტრა

პა-სპორტი - ირაკლი აბუსერიძე

- მორაგბე რომ არა, ვინ იქნებოდი?

- ფეხბურთელი...

- სპორტსმენობა პატარაობიდანვე გინდოდა?

- არა, ბავშვობაში ექიმობაზე ვოცნებობდი. :)

- რაგბიში როგორ მოხვდი?

- მეგობრების რჩევით ვცადე... მომეწონა, ვნახე, რომ რაღაც გამომდიოდა და დავრჩი... :)

- რაგბის გარდა რა გიყვარს?

- ფეხბურთი.

- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

- ტყუილი!

- რას ნანობ? კარიერის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი?

- ყველაზე მეტად გული 2007 წლის მსოფლიო თასზე ირლანდიასთან წაგების (საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში - 10:14 დამარცხდა. - ავტ.) გამო მწყდება... რას შევცვლიდი? უფრო მეტ წარმატებას მოვუტანდი ჩემს სამშობლოს...

- მატჩი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ...

- 2003 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი მატჩი: საქართველო-რუსეთი 17:13!

- კარიერის ყველაზე ემოციური ეპიზოდი...

- ასეთი ბევრი იყო, მაგრამ განსაკუთრებულად ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული ბოლო მატჩი მახსოვს...

- საოცნებო კლუბი...

- "ტულუზი"!

- ყველაზე უცნაური რა თვისება გაქვს?

- არ მაქვს უცნაური თვისებები... :))

- ნივთი ან აქსესუარი, რის გარეშეც სახლიდან არ გადიხარ...

- საფულე და მობილური ტელეფონი. :)

- სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ...

- სიტყვების ამოჩემება არ მახასიათებს. :)

- საყვარელი წიგნი, ფილმი, მომღერალი...

- ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", ფილმებიდან - "ნათლია", მომღერლებიდან კი ბევრი მომწონს  და რომელიმეს გამოყოფა გამიჭირდება.

- სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ღიღინებ...

- "თბილისო"...

- საყვარელი კერძი და სასმელი...

- მიყვარს საცივი და ბაჟე. თუ დალევა მიწევს, არაყს და ვისკის ვამჯობინებ...

- ქართული ღვინო სჯობს თუ ფრანგული?

- ფრანგული ღვინო ნაკლებად ტანინიანია, ამიტომაც, დასალევად იქაური სჯობს...

- ყველაზე ეგზოტიკური საჭმელი, რაც გიჭამია...

- რვაფეხა და ბაყაყი. :))

- ქვეყანა, სადაც იცხოვრებდი...

- საქართველო, რადგან ჩემი ოჯახი და ყველა ახლობელი აქ ცხოვრობს...

- იდეალური ქალი შენთვის არის...

- ჩემი მეუღლე!

- ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა შენზე...

- მამაჩემი!

- საყვარელი სპორტსმენი...

- მარადონა!

- შინაური ცხოველები თუ გიყვარს?

- დიახ და მყავს კიდეც ყაზბეგური ნაგაზი...

- სოციალური ქსელით ხშირად სარგებლობ?

- საკმაოდ ხშირად.

- მხოლოდ ეს ერთი მეტსახელი გაქვს?

- დიახ, ყველანი აბუს მეძახიან... :)

- ყველაზე უცნაური ჭორი, რაც შენზე გაგიგია...

- რომ თურმე კლუბში სულ სათადარიგო ვიყავი და არასდროს მათამაშებდნენ. :)))

- რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად?

- მიზანდასახულობა და ძალიან ბევრი შრომა!

- დაასრულე ფრაზა: "მჯერა, რომ"...

- ...ყველაფერი კარგად იქნება!