"სლოვენიაში მაყურებლის რანგში მაინც ჩავალ" - კვირის პალიტრა

"სლოვენიაში მაყურებლის რანგში მაინც ჩავალ"

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშის და მეგობრობის გარდა, უკვე რამდენიმე დღეა, ზაზა ფაჩულიას და თორნიკე შენგელიას კიდევ ერთი რამ აერთიანებთ - გადაწყვეტილია, რომ ფაჩულიას მსგავსად, სარეაბილიტაციო პერიოდის გამო, სლოვენიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატს შენგელიაც გამოტოვებს... თუმცა, ზაზასგან განსხვავებით, რომელმაც უკვე ვარჯიშიც განაახლა, თორნიკემ ოპერაცია რამდენიმე დღის წინ გაიკეთა და სექტემბრის ბოლომდე მოუწევს უქმად ყოფნა. "ბრუკლინ ნეთსისა" და საქართველოს ნაკრების ფორვარდს ნიუ-იორკში დავურეკეთ და ოპერაციის შემდგომი ამბები გამოვკითხეთ...

- პრესაში დაიწერა, რომ ტრავმა ამერიკული კემპის დროს მიიღე...

- სეზონის ბოლოს მენისკი უკვე მაწუხებდა, თბილისში ყოფნისას კი მუხლი ისე ამტკივდა, ვარჯიშსაც ვეღარ ვახერხებდი. სანამ NBA-ში ზაფხულის ლიგის მატჩები დაიწყებოდა, მუხლიდან სითხე ამომიღეს და მერე რამდენიმე ვარჯიშზე ტკივილს აღარ შევუწუხებივარ. თუმცა, დატვირთვის შემდეგ მენისკმა ისევ შემახსენა თავი და იძულებული გავხდი, ოპერაცია გამეკეთებინა.

- ოპერაციის გადადება ევროპის ჩემპიონატის ბოლომდე არ შეიძლებოდა?

- როგორც მითხრეს, თუ ოპერაციას სექტემბრის ბოლომდე გადავდებდით, მტკივანი მუხლით ვერც ნაკრებს დავეხმარებოდი სრულფასოვნად და NBA-ში სეზონის პირველი ნახევრის გამოტოვებაც მომიწევდა...

- ოპერაციამ როგორ ჩაიარა?

- ოპერაცია ნიუ-იორკში გამიკეთეს. უფლის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. რთული ოპერაცია არ არის. მხოლოდ ერთ საათს გასტანა და სახლშიც იმავე საღამოს გამიშვეს.

- როგორც ვიცი, ოპერაციის შემდეგ კლინიკაში ზაზა ფაჩულიაც გესტუმრა...

- დიახ, ზაზამ და შიო ხეცურიანმა მომინახულეს. არ ვიცოდი, ზაზა ატლანტიდან თუ ჩამოვიდოდა და ასეთი სიურპრიზით ძალიან გამახარა.

- მით უმეტეს, ერთნაირ მდგომარეობაში ხართ, - სარეაბილიტაციო პერიოდი გაქვთ და ევროპის ჩემპიონატის გამოტოვებაც ორივეს გიწევთ...

- ბუნებრივია, ჩვენი მთავარი საწუხარიც სწორედ ეგ არის... ძალიან გვწყდება გული, ნაკრებს ასეთ მნიშვნელოვან დროს რომ გამოვაკლდით, მაგრამ სხვა გზა არ იყო... ძალიან გთხოვ, ამ ამბავს ნუღარ მახსენებ...

- თქვენს არყოფნაში საქართველოს ნაკრებმა ორი ამერიკელი - რიკი ჰიკმანი და ლუკ ზელერი დაიმატა. მათ შესახებ თუ იცი რამე?

- სიმართლე გითხრათ, ბევრი არაფერი... ზელერის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ ტანმაღალი, ფიზიკურად ძლიერი კალათბურთელია და პერიმეტრიდან ტყორცნაც კარგად შეუძლია. როცა გავიგე, რომ ჩვენი ნაკრები ნატურალიზებულ მოთამაშეებს იმატებდა, მათი თამაშების ვიდეომომენტები მოვიძიე. იმედი მაქვს, ჩვენს ნაკრებს ორივე სარგებლობას მოუტანს.

- სლოვენიაში ვერც მაყურებლად ჩახვალ?

- ვაპირებ, ნაკრებთან ერთად ვიყო და ბიჭები ტრიბუნიდან მაინც გავამხნევო. თუმცა, გააჩნია, როგორ გაგრძელდება სარეაბილიტაციო პერიოდი. ვარჯიშს, ალბათ, სექტემბრის ბოლომდე ვერ დავიწყებ, მაგრამ სიარულს ხომ მაინც უნდა ვახერხებდე თავისუფლად? ყავარჯნებს ათიოდე დღეში მოვიშორებ, მერე კი სპეციალურ სახვევს გამიკეთებენ, რომელიც მუხლის სახსარს მოხრის საშუალებას არ აძლევს. მოკლედ, სლოვენიაში ჩასვლა ძალიან მინდა და იმედია, შევძლებ კიდეც...

- შენს ამბავს კლუბში როგორ შეხვდნენ? მოთამაშის გამოკლება არც "ბრუკლინ ნეთსში" გაუხარდებოდათ...

- ყველას გული დასწყდა, როცა გაიგეს, რომ ქირურგიული ჩარევა აუცილებელი იყო. სამაგიეროდ, კარგი ის არის, რომ მენისკი აღარ შემაწუხებს და სეზონის სტარტსაც ფორმაში შევხვდები...

- ახლა, ფიქრისთვისაც მეტი დრო გაქვს... რა მისცა თორნიკე შენგელიას NBA-ში გატარებულმა წელიწადმა?

- ვცდილობ, ყოველდღიურად ვისწავლო რაღაც ახალი. ამ მხრივ, ეს წელი განსაკუთრებული იყო, რადგან კალათბურთზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ამერიკა სხვა მხრივაც ბევრი რამით განსხვავდება ევროპისგან. ასე რომ, მოედანზეც და მის ფარგლებს გარეთაც დიდი გამოცდილება მივიღე...