შერმადინი მზარეულობას აპირებს - კვირის პალიტრა

შერმადინი მზარეულობას აპირებს

საკალათბურთო ევროლიგის შარშანდელი გამარჯვებული ათენის "პანათინაიკოსი" ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე წელსაც დამაჯერებლად გამოიყურება. ათენურ კლუბს მხოლოდ ერთი დამარცხება აქვს - ისიც მადრიდის "რეალთან" და ქვეჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს. ბოლო ტურში "პაო" რუსეთში "ხიმკის" ესტუმრა და მასპინძლებს დრამატულ ბრძოლაში მოუგო. საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე "ხიმკი" 7 ქულით იყო წინ, შეხვედრის დასრულებამდე ორი წამით ადრე კი სამ ქულას იგებდა. ამის მიუხედავად, ბერძნულმა კლუბმა მცირე სასწაულის მოხდენა შეძლო და მატჩი ჯერ ოვერტაიმში გადაიყვანა, დამატებით დროში კი 87:82 იმარჯვა. "პანათინაიკოსის" ქართველმა ლეგიონერმა - გიორგი შერმადინმა მოედანზე მხოლოდ ხუთი წუთი გაატარა, თუმცა, შეხვედრის მისეული შეფასება მაინც საინტერესო უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ საბერძნეთში დარჩენილ ერთადერთ ქართველ კალათბურთელს სხვა ამბებიც გამოვკითხეთ...

- ფაქტობრივად, წაგებული მატჩი შემოვატრიალეთ. სირენამდე ორი წამით ადრე, როცა 3 ქულას ვაგებდით, სპანულისმა ერთი საჯარიმო ჩააგდო, მეორე სროლა განგებ ააცილა, ფოსისმა ბურთს ხელი წაჰკრა და... 73:73. არადა, მასპინძლები უკვე გამარჯვებას ულოცავდნენ ერთმანეთს. დამატებით დროში კი რუსებს მოგების შანსი არ დავუტოვეთ...

- საკუთარ თამაშზე ბევრს ვერაფერს იტყვი, ობრადოვიჩმა მხოლოდ ხუთი წუთი დაგითმო...

- ამ მცირე დროში მხოლოდ ორი მოხსნის და ერთი დაფარების მოგროვება მოვახერხე. წესით, ქულებიც უნდა მომეხვეჭა, მაგრამ ძალიან ხელსაყრელი ეპიზოდი გავაფუჭე. მწვრთნელმა მეოთხე პერიოდის დასაწყისში, ძალიან დაძაბულ მომენტში შემიშვა მოედანზე და ნერვიულობამაც შემიშალა ხელი.

- საკმარისი სათამაშო დრო, ჯერჯერობით, არც საბერძნეთის ჩემპიონატში გეძლევა ხოლმე და რა გასაკვირია, ევროლიგის მატჩებში ცოტას რომ გათამაშებენ...

- იოლი მატჩები არც საბერძნეთის პირველობაზეა. მით უმეტეს, ჩვენს წინააღმდეგ ყველა გაორმაგებული მონდომებით თამაშობს, მაგრამ ევროლიგა მაინც სხვა მასშტაბია. იქ გაცილებით ძლიერი გუნდები გამოდიან.

- ამჯერად, რუსეთში სტუმრობა შენთვის მშვიდობიანად დასრულდა. არადა, ორიოდე თვის წინ, რუსული კლუბის წინააღმდეგ თამაშისას სახის ტრავმა მიიღე...

- მაშინ რუსეთს ამხანაგური მატჩების სათამაშოდ ვესტუმრეთ. პირველივე საკონტროლო შეხვედრა ძირითად ხუთეულში დავიწყე, მაგრამ მატჩის დასაწყისშივე, მეტოქის ცენტრმა სახეში იდაყვი მომარტყა და ცხვირი გამიტეხა... თუმცა, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ახლა ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი რიგზე მაქვს...

- ორიოდე დღის წინ, გიორგი ცინცაძემ "ტრიკალა" დატოვა. იქამდე, "პანიონიოსიდან" ნიკოლოზ ცქიტიშვილი წამოვიდა. ასე რომ, ახლა საბერძნეთში ერთადერთი ქართველი კალათბურთელი ხარ...

- ცინცაძის ნახვა ერთადერთხელ მოვახერხე. საბერძნეთის დედაქალაქში ბესიკ ლიპარტელიანი და მერაბ რატიშვილიც ჩამოვიდნენ რაღაც საქმეების მოსაგვარებლად. ისე  დაემთხვა, რომ გიორგიც ათენში იყო იმ დროს და ერთად მივედით სასტუმროში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის და გენერალური მდივნის სანახავად. "ცქიტოს" ნახვა კი ვერ მოვახერხე.

- თანაგუნდელებზე რას იტყვი, ვისთან მეგობრობ?

- "პაო" ძალიან მეგობრული გუნდია. შემადგენლობაში მოსახვედრად დიდი კონკურენცია კი არის, მაგრამ ეს მოთამაშეთა ურთიერთობაზე ნამდვილად არ აისახება. ყველასთან კარგი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ახალგაზრდა თანაგუნდელებთან უფრო ვმეგობრობ.

- ცნობილია, რომ შარუნას იასკიევიჩუსთანაც მეგობრობ. ის როგორ იყო, სანაძლეო რომ მოუგე?

- იმ მატჩში თვითონ არ თამაშობდა და მითხრა - ნაძლევს ჩამოვდივარ, ამ შეხვედრაში 20 ქულის ჩაგდებას ვერ მოახერხებო. ამ სანაძლეოს შესახებ მწვრთნელმაც გაიგო და თამაშისას კალათბურთელებს უყვიროდა - შერმადინს მიეცით პასი, შერმადინსო (იცინის). საბოლოოდ, 21 ქულა ჩავაგდე და ლიტველმა რესტორანი "იკისრა"...

- მწვრთნელი ახსენე: ყველამ კარგად იცის, რომ ჟელკო ობრადოვიჩი კომპლიმენტს იშვიათად იმეტებს. მაშინაც არ შეგაქო, 28 ქულა რომ მოუტანე გუნდს?

- თამაშის შემდეგ, მოგებას მოგვილოცავს ხოლმე, ეგ არის და ეგ. გამორიცხულია, რომელიმე მოთამაშე შეაქოს...

- ათენს როგორ შეეჩვიე?

- ქალაქიც მომწონს და აქაური კლიმატითაც კმაყოფილი ვარ. ეგაა, ათენში ძალიან გადატვირთული მოძრაობაა და მუდმივად ვეძებ თავისუფალ ადგილს მანქანის გასაჩერებლად... როგორც "პანათინაიკოსის" სხვა კალათბურთელები, მეც  "შევროლეს" მარკის ავტომანქანით დავდივარ.

- ათენში ცხოვრება ძნელია უცხოელთათვის? საბერძნეთში ხომ საკმაოდ ბევრი ქართველია...

- ნამდვილად არ მიჭირს. ქუჩაში უკვე ხშირად მცნობენ და გამვლელებისგან დიდ სითბოს ვგრძნობ. საბერძნეთში ბევრი ქართველი კი ცხოვრობს, მაგრამ ისეთი გადატვირთული გრაფიკით ვცხოვრობ, თანამემამულეებს იშვიათად ვხვდები...

- განტვირთვისთვისაც არ გრჩება დრო?

- დღეში ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს. დედა ახლა ჩემთანაა და ლამის გაგიჟდეს, ერთი სული აქვს, აქედან წამოვიდეს. დილის ვარჯიშიდან მისული მაშინვე დასაძინებლად ვწვები. მერე ისევ ვარჯიშზე მივდივარ და თითქმის სულ მარტოა... საღამოობით, თანაგუნდელები რომელიმე კლუბში ან რესტორანში მივდივართ.

- დედა შენთან ყოფილა, ახლა აღარაფერი გიჭირს, მაგრამ ვიცი, თავდაპირველად ათენში მარტო ცხოვრებისას კერძებს თვითონ იმზადებდი...

- ასე  იყო... ყოველდღე რესტორანში ხომ არ ვივლიდი? ამიტომაც, თვითონ ვუვლიდი თავს - ქათამს ვხარშავდი, ჩიხირთმას ვამზადებდი და ა.შ. ასე რომ, კარიერას რომ დავამთავრებ, თავისუფლად შემიძლია მზარეულად ვიმუშაო (იცინის)...