პა-სპორტი - (გაგამარუ) თეიმურაზ ჯუღელი - კვირის პალიტრა

პა-სპორტი - (გაგამარუ) თეიმურაზ ჯუღელი

- სუმოისტი რომ არა, ვინ იქნებოდი?

- ძიუდოისტი. ძიუდოში 6 წლის ასაკიდან ვვარჯიშობდი, ოლიმპიურ ჩემპიონობაზეც ვოცნებობდი... მერე კი იაპონიაში აღმოვჩნდი...

- არის ისეთი რამ, რასაც სუმოში დღემდე ვერ მიეჩვიე?

- თავიდან, ყველაფერი მიუღებელი და უცხო იყო ჩემთვის... დოჰიოზე (მოედანი, სადაც სუმოს ორთაბრძოლა იმართება. - ავტ.) მექანიკურად, გაუცნობიერებლად ვასრულებდი ყველა წესს. თანდათანობით, ყველაფერში გავერკვიე, ენაც ვისწავლე და ახლა, იაპონელები მეუბნებიან - უაქცენტოდ ლაპარაკობო...

- საყვარელი კერძი და სასმელი...

- ქართულ კერძებს თუ არ ჩავთვლით, ყველაზე მეტად "საშიმი" მიყვარს - სუშის სახეობაა, ოღონდ ბრინჯის გარეშე. სასმელიდან? ვაშლის წვენი...

- "საკე" არ გიყვარს?

- "საკეს" საქართველოში "იაპონურ არაყს" კი უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში, იაპონურად ალკოჰოლურ სასმელს ნიშნავს და მისი ბევრი სახეობა არსებობს. მე ყველაზე მეტად "შოჩუ" მიყვარს - მცირეალკოჰოლური, სასიამოვნო სასმელია.

- ყველაზე ეგზოტიკური კერძი, რაც გიჭამია...

- რაც იაპონიაში ვცხოვრობ, ძალიან შემიყვარდა ზღვის პროდუქტი - თევზეული, მოლუსკები, ლოკოკინა... ყველაზე ეგზოტიკური? მოხარშული კუ (იცინის). სხვათა შორის, ძალიან გემრიელი იყო. სამწუხაროდ, ტოკიოს ქართული რესტორანი დაიხურა...

- სუმოისტებს სპეციალურად აჭმევენ ცხიმიან საჭმელსო... მართალია?

- სინამდვილეში, დღის გრაფიკი გვაქვს ისეთი, წონის მატებას რომ უწყობს ხელს... თუმცა, თეთრი ბრინჯი და ხორცეული, რომელსაც ხშირად მივირთმევთ, მართლაც ძალიან კალორიულია.

- ელიტური დივიზიონის ყველაზე მძიმე სუმოისტი ხარ...

- იაპონელები მეუბნებიან - პრივილეგირებული ხარ, არასდროს არავისში გვეშლებიო (იცინის)... დიდი რომ ვარ, ყველგან ყურადღებას ვიქცევ...

- ნივთი ან აქსესუარი, რომელსაც არასდროს იშორებ...

- გულსაკიდი ჯვარი არასდროს მომიშორებია... იაპონიაში რომ ჩამოვედი, მომთხოვეს მოიხსენიო. გამორიცხულია, ასეთ შემთხვევაში არ დავრჩები-მეთქი! რწმენის გარეშე ერთი დღეც არ მიცხოვრია და უფლის შეწევნასაც სულ ვგრძნობ... ორთაბრძოლის წინ სულ ვეუბნები თავს, რომ ღმერთი ჩემთან არის, მაგრამ დოჰიოზე ვერავინ დამეხმარება, მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე უნდა ვიყო...

- ფრაზა ან სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ...

- იაპონური სახელების დამახსოვრება მიჭირს, ამიტომ, ყველას "საჩოს" ვეძახი, რაც იაპონურად თანამდებობის პირს, დაწესებულების უფროსს ნიშნავს. ხვდებიან, სახელი რომ არ მახსოვს და ამიტომ ვუწოდებ, მაგრამ მაინც ყველას სიამოვნებს. ვის არ გაუხარდება, "უფროსს" რომ დაუძახებენ (იცინის)?!

- უცნაური თვისება თუ გაქვს?

- შავი ფერისას არაფერს ვყიდულობ. ჩემთვის ეს ფერი წარუმატებლობასთან ასოცირდება, რადგან წაგებისთვის სუმოში შავ რგოლს იძლევიან...

- ქალაქი, სადაც იცხოვრებდი...

- პარიზი. საფრანგეთში ცხოვრებაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი...

- საყვარელი წიგნი, ფილმი, მუსიკოსი...

- ნიკო გომელაურის ლექსები მიყვარს... ფილმებიდან "დათა თუთაშხია", ყველაზე ხშირად კი კლუბურ მუსიკას ვუსმენ.

- სუმოს გარდა რა გიყვარს?

- ძიუდო. კინოც მიყვარს, მაგრამ გაბარიტების გამო, კინოთეატრში ვერ დავდივარ (იცინის) და იძულებული ვარ, ფილმებს სახლში ვუყურო.

- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

- ტყუილი და პირფერობა.

- სოციალური ქსელით ხშირად სარგებლობ?

- საკმაოდ. ძირითადად, საქართველოს ამბებს სწორედ Facebook-ის და ტელეფონში გადმოწერილი "კვირის პალიტრის" აპლიკაციის მეშვეობით ვიგებ...

- რას ნანობ ყველაზე მეტად?

- მამაჩემი სულ ნატრობდა - კიმონოთი ერთხელ მაინც მაჩვენაო... სამწუხაროდ, იაპონიაში ჩემი წამოსვლიდან ერთ წელიწადში გარდაიცვალა. ამაზე მწყდება გული, ოცნება რომ ვერ ავუსრულე და კიმონოთი ვერ მნახა...

- დაასრულე ფრაზა: "მჯერა, რომ"...

- ...საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები!