"რაპიდს" დიდ-გორს დავახვედრებთ!
12-08-2013
"რაპიდს" დიდ-გორს დავახვედრებთ!
"მეუბნებიან - უფრო ხშირად აიღე თამაში საკუთარ თავზეო... მეც ვუჯერებ"

ევროპის ლიგის ქვეჯგუფთან ორი ქართული კლუბი დგას: თბილისის "დინამოს" ლონდონის "ტოტენჰემი" გამოსცდის, გორის "დილას" - ვენის "რაპიდი". ქართული ფეხბურთისთვის უჩვეულო სიტუაციაა, ორი კი არა, ევროთასის ფლეი-ოფში კინკილა ქართული კლუბიც სანატრელი გვყავს ხოლმე, ამჯერად კი... ორივე ქართულ გუნდს წარმატებას ვუსურვებთ, მაგრამ ამჯერად შიდაქართლურ კლუბზე ვთქვათ - გიორგი დევდარიანის მისვლის შემდეგ, გორში "დარიანი დილა" აღარ დაღამებულა: ევროთასის ჯგუფურ ეტაპამდე ნაბიჯიღა აშორებთ, ოთხ
შეხვედრაში ერთი ბურთიც არ გაუშვიათ და რაც მთავარია, ისე ლაღად და გემრიელად აგორებენ ბურთს, ქართული გუნდებისგან რომ დიდი ხანია გადავეჩვიეთ. 22 და 29 აგვისტოს გორელებს თავისი წილი "დიდგორი" ერთხელაც ელით, მანამდე კი, წარმატების რეცეპტის გარკვევა კლუბის თავდამსხმელებთან - ირაკლი მოდებაძესთან და გიორგი ილურიძესთან ვცადეთ:

ირაკლი
მოდებაძე:
- წარმატება მთელი კლუბის დამსახურებაა  - ხელმძღვანელობის, მწვრთნელების, ფეხბურთელების...

- შედეგი და სანახაობა - თურმე, ქართულ გუნდსაც შესძლებია ამ კომპონენტების შეხამება...
- უკან თუ ვიხევდით, ან ბურთს ვუთმობდით, ესეც ტაქტიკური ჩანაფიქრი იყო და არა იძულებითი ნაბიჯი. ევროპის ლიგაზე ჯერ გოლი რომ არ გაგვიშვია, დაცვისა და მეკარის ჩინებული თამაშის გარდა, სწორად არჩეული ტაქტიკის დამსახურებაც არის. დაცვაში გამოცდილი მოთამაშეები გვყავს და დევდარიანმა მათი შეკავშირება კარგად შეძლო. თუმცა, ვერავინ იტყვის, რომ "დილა" მხოლოდ დაცვაზე ფიქრობს...

- როცა ზურგს ისეთი გამოცდილი მეკარე უმაგრებთ, როგორიც ნუკრი რევიშვილია, თავს ფეხბურთელებიც მშვიდად გრძნობენ...

- წარმატებაში თითოეული ფეხბურთელის წვლილი დიდია, მაგრამ მეკარე განსაკუთრებულად უნდა გამოვყო. მისი საიმედო თამაში შედეგზეც აისახება და თანაგუნდელების თავდაჯერებულ თამაშზეც. კარის "მშრალად" შენახვა ევროპის ლიგის ოთხ მატჩში - მართლაც ჩინებული შედეგია. მით უმეტეს, რამდენიმე ურთულესი დარტყმა მოიგერია...

- გიორგი, ნუკრი რევიშვილთან ერთად მახაჩყალის "ანჟიშიც" გითამაშია. იმ პერიოდს როგორ იხსენებ?
გიორგი ილურიძე: - მე და ნუკრი ერთად თამაშით ახლაც დიდ სიამოვნებას ვიღებთ. "ანჟის" რაც შეეხება, მახაჩყალაში დიდი გამოცდილება მივიღე. ანდა, როგორ შეიძლება, რობერტო კარლოსთან და ეტოოსთან ყოველდღიური ურთიერთობით ბევრი რამ არ ისწავლო?

- გამოცდილი თანაგუნდელები "დილაშიც" საკმარისად გყავს...
- ახალგაზრდები მათგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. სულ მეუბნებიან - უფრო ხშირად აიღე თამაში საკუთარ თავზეო... მეც ვუჯერებ (იცინის).

- მნიშვნელოვანი მატჩებისას ქართული გუნდები შებოჭილად გამოიყურებიან, "დილა" კი ბურთს ისე ლაღად აგორებს, გეგონება, ევროთასებზე ჭიპი ჰქონდეს მოჭრილი...
- თავდაჯერება ნამდვილად არ გვაკლია, ვცდილობთ, მწვრთნელის დავალებებიც ზუსტად შევასრულოთ. გიორგი დევდარიანი ძალიან მეგობრული ადამიანია. წინანდელზე უკეთ რომ ვთამაშობ, სწორედ მისი ასეთი მიდგომის დამსახურებაა. მწვრთნელისგან ნდობას და მხარდაჭერას რომ გრძნობს, იმედების გასამართლებლად ფეხბურთელიც ყველაფერს აკეთებს.

- თურმე, ლეგიონერების გარეშეც შეიძლება ევროთასზე წარმატებით თამაში...

- პირველ რიგში, ადგილობრივი კადრები უნდა გამოიყენო და მხოლოდ ამის შემდეგ დაიმატო ძლიერი უცხოელები.... მჯერა, რომ უფლის წყალობით ბოლო დაბრკოლებასაც გადავლახავთ და ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდებით...

- კენჭისყრამ ვენის "რაპიდი" გარგუნათ...

- სუსტი მეტოქეები არც აქამდე გვყოლია და ფლეი-ოფში - მით უმეტეს. თუმცა, ეს ერთგვარი ტესტიც არის - თუ "რაპიდის" დონის გუნდის დამარცხებას შევძლებთ, გამოდის, ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით თამაშის შნოც გვქონია...

- გული ხომ არ დაგწყდათ, "ჰაიდუკთან" განმეორებითი მატჩისას ტრიბუნები რომ არ შეივსო?
- გულშემატკივარი ნამდვილად არ არის ჩვეული ქართული კლუბების წარმატებულ თამაშს. ასე რომ, მათიც მესმის. თუმცა, მხარდაჭერის ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივით. დარწმუნებული ვარ, ავსტრიელებთან გადამწყვეტ მატჩზე გაცილებით მეტ ქომაგს ვნახავთ...
qartveli
15 აგვისტო 2013 22:18
მე მჯერა რო ტანაბრატ შეგვიზლია საშუალო ევროპის გუნდებთან თამაში . ასე რომ დიდი იმედი მაკვს დილასი და წარმატებები ბიჭებს
gocha
13 აგვისტო 2013 19:17
ეგეთი წინასწარი აჟიოტაჟი იწვევს წაგებას და ითვალება ყველაფერი! ან მოვუგებთ და ან არა!!როგორც კი გულშემატკივარს აჯერებთ რომ უნდა მოვიგოთ ეგრევე ვაგებთ!

datukela
13 აგვისტო 2013 18:59
თკვენ გენაცვალეთ გორელებო,ძალიან კარგად მიდიხართ.ერთი ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშეთ.ეს უკვე დიდი წარმატება იქნება.ნერე კი ევროპის ჩემპიონობაზეც ვიფიქრებთ

რედაქტორის რჩევით