პა-სპორტი - ჯანო ანანიძე
- ფეხბურთელი რომ არა, ვინ იქნებოდი?
- არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია...
- ბავშვობაში რაზე ოცნებობდი?
- "ბარსელონაში" თამაშზე... ბავშვობაშიც და ახლაც. :))
- ფეხბურთის გარდა რა გიყვარს?
- ჩოგბურთი, ცურვა და კალათბურთი.
- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
- როცა აგებს გუნდი, რომელშიც მე ვთამაშობ!
- მატჩი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ...
- 2009 წლის 18 ოქტომბერს "სპარტაკი"-"ლოკომოტივის" შეხვედრაში გოლი გავიტანე და საგოლე გადაცემა გავაკეთე... მატჩის შემდეგ მამამ პირველად შემაქო და ის დღე არასდროს დამავიწყდება...
- სტადიონის გარდა, ყველაზე ხშირად სად შეიძლება ჯანო ანანიძის ნახვა?
- ხასიათს გააჩნია, ერთი ადგილი ნამდვილად არ მაქვს ამოჩემებული... ისე კი, ყველაზე ხშირად მაინც სახლში ვარ.
- საყვარელი საჭმელი...
- აჭარული კერძია და ჩვენკენ (შეგახსენებთ, ჯანო ქობულეთშია დაბადებული. - ავტ.) იახნს ეძახიან...
- ყველაზე ეგზოტიკური კერძი, რაც გიჭამია...
- გველის ხორცი... მოსკოვის იაპონურ რესტორანში მეგობრებმა მოტყუებით გამასინჯეს. :)
- ნივთი ან აქსესუარი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხარ...
- ჯვარი და საათი.
- ფრაზა ან სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ...
- აღნაგობაზე ამას ვერ შემატყობთ, მაგრამ ყველაზე ხშირად "მშიას" გავიძახი. :)))
- უცნაური თვისება თუ გაქვს?
- არ ვიცი, ითვლება თუ არა უცნაურ თვისებად, მაგრამ ბადრიჯნისგან მომზადებული საჭმელი არასოდეს გამისინჯავს. :)))
- ადამიანი, ვინც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა შენზე...
- რა თქმა უნდა - მამაჩემი!
- ქვეყანა, სადაც იცხოვრებდი...
- ესპანეთი...
- საყვარელი წიგნი, ფილმი, მუსიკოსი...
- "დათა თუთაშხია", "ნათლია", სტინგი...
- იდეალური ქალი შენთვის არის...
- დედა და მეუღლე!
- შენი საყვარელი სპორტსმენი...
- ჩოგბურთში - როჯერ ფედერერი, კალათბურთში - კობი ბრაიანტი, ფეხბურთში - რონალდო და ლიონელ მესი...
- სოციალური ქსელით ხშირად სარგებლობ?
- არ ვსარგებლობ, მხოლოდ "ინსტაგრამი" მაქვს...
- შინაური ცხოველი თუ გყავს?
- არა, მაგრამ სიამოვნებით ვიქნებოდი ლაბრადორის ლეკვის პატრონი. :))
- მეტსახელი თუ გაქვს?
- მამაჩემს "ბურაშკინას" ეძახდნენ, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ამ მეტსახელით მე მომმართავენ ხოლმე, რადგან ყველა მამას მამსგავსებს...
- ყველაზე უცნაური ჭორი, რაც საკუთარ თავზე გაგიგია...
- ბოლო ჭორს თუ დავუჯერებთ, იახტა მიყიდია! :))))
- კარიერის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი?
- იმ დროსაც ფეხბურთს დავუთმობდი, ბავშვობაში სწავლამ რომ "დამაკარგვინა". :)))))
- თამაშის წინ რამე ჩვევა თუ გაქვს?
- მოედანზე გასვლამდე პირველ ნაბიჯს მარჯვენა ფეხით ვდგამ, მერე კი პირჯვარს ვიწერ...
- ყველაზე ხშირად გავიწყდება...
- დაბადების თარიღები. :))
- დაასრულე ფრაზა: "მჯერა, რომ"...
- ...ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებთ!
- რომ არ ყოფილიყავი ჯანო ანანიძე, იქნებოდი...
- არ ვიქნებოდი ჯანო ანანიძე! :)))