ვის-იგორისა ხართ? - კვირის პალიტრა

ვის-იგორისა ხართ?

სერბები მიწაზე სერბმა დაანარცხა

ლოგიკის თანახმად, კვირის მთავარი თემა ჩვენთვის ფეხბურთი უნდა ყოფილიყო: ევროპის ლიგის ფლეი-ოფში ორი ქართული კლუბი თამაშობს, ეროვნულმა ნაკრებმა კი მორიგი, ამჯერად - ყაზახებთან ამხანაგური მარცხით "გაგვახარა"... თუმცა, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ყველაფერი ყირამალა დააყენა და ხმაურიან გამარჯვებებს დანატრებული ქართველი ქომაგის ყურადღება მიიპყრო: საფრანგეთის ქალაქ ანტიბში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირში იგორ კოკოშკოვის გუნდმა ევროპის სამგზის და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი - სერბეთის ნაკრები დაამარცხა! ბალკანელებს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდათ, მაგრამ 12 კი არა, თუ დასჭირდა, სერბთა თავკაც დუშან ივკოვიჩს 24 თანაბარი სიძლიერის კალათბურთელის მოგროვებაც არ გაუჭირდება, ჩვენ კი...

ამის მიუხედავად, კოკოშკოვმა თანამემამულე მწვრთნელ-მოთამაშეების (შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების თავკაცი ეროვნებით სწორედ სერბი გახლავთ. - ავტ.) დამარცხება მაინც მოახერხა. ოღონდ, ვისი გორისაც უნდა იყოს იგორი, დღესდღეობით საქართველოს ნაკრების თავკაცია და შეგირდებთან ერთად, სწორედ მან ათქმევინა სერბ კოლეგას - ქართველებმა მიწაზე დაგვანარცხესო! ქულების გარდა, სერბებს მოხსნებშიც ვაჯობეთ (35:31), ჩაჭრებშიც (10:5), დაფარებებშიც (2:1) და რაც ყველაზე მთავარია, ფსიქოლოგიაშიც - "ამერიკელი" ქართველებისა და გაქართველებული ამერიკელის გარეშე მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებს 16-ქულიანი ჩამორჩენა გაუბათილა და ხმაურიანი გამარჯვებაც დამსახურებულად გამოჭედა. საქართველოს ნაკრები თბილისში ორშაბათ დილით დაბრუნდა, ჩვენი კი, ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელ კოტე ტუღუშთან ინტერვიუ ბალკანელებთან მატჩის დასრულებისთანავე ჩავწერეთ...

- დღეს საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ევრობასკეტის ფინალური ეტაპის ღირსეული წარმომადგენელია და მწვრთნელადაც ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სპეციალისტი ჰყავს. მატჩის პირველ ნახევარში ისეთი შეცდომები დავუშვით, სერბეთის გუნდი არავის რომ არ პატიობს და საგრძნობი სხვაობითაც ამის გამო ჩამოვრჩით. საბედნიეროდ, ბიჭებმა ზუსტად შეასრულეს შესვენებისას მწვრთნელის მიცემული დავალებები და მესამე მეოთხედის დასაწყისიდან თამაში გამოვასწორეთ. ეს ისტორიული გამარჯვება დიდი მონდომების, ბრძოლისუნარიანობისა და გუნდური თამაშის დამსახურებაა და მას ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ვეტერანი კალათბურთელის - ილარიონ ხაზარაძის ხსოვნას ვუძღვნით...

- ალბათ, თავისი ქვეყნის ნაკრების დამარცხება იგორ კოკოშკოვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო...

- რა თქმა უნდა. თუმცა, საქართველოს ნაკრების სერბ მწვრთნელს არავისთვის უგრძნობინებია, დღევანდელი შეხვედრა მისთვის განსაკუთრებული რომ იყო - ისე გამოიყურებოდა, როგორც სხვა მატჩებისას... სერბებს ძალიან ძლიერი მოთამაშეები და მწვრთნელი ჰყავთ და იგორი ძალიან ამაყი იყო, "გამოცდა" წარმატებით რომ ჩააბარა. საფინალო სირენის შემდეგ, ჩვენი გუნდის მწვრთნელი დუშან ივკოვიჩმაც შეაქო.

- ასეთი დონის გუნდთან 16-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება მიუთითებს, რომ ჩვენს გუნდს ფსიქოლოგიური პრობლემები არ აწუხებს...

- მოსამზადებელი ეტაპია და შესაძლოა, გუნდები ბოლომდე ჯერ არც "გაიხსნან", მაგრამ სერბებს თავი ნამდვილად არ დაუზოგავთ. სხვა რომ არაფერი, მათთვის პრესტიჟის საქმე იყო საქართველოს ნაკრებთან გამარჯვება, მაგრამ... ევროპის ჩემპიონატამდე კიდევ რამდენიმე მატჩს ჩავატარებთ. ხვალ (ინტერვიუ ჩაწერილია 16 აგვისტოს. - ავტ.) საფრანგეთს ვეთამაშებით, მერე კი ისრაელში გავემგზავრებით დასკვნით შეკრებაზე. ფაჩულიას და შენგელიას გარდა, სერბებთან მატჩში ტრავმირებული რიკი ჰიკმანიც დაგვაკლდა. ვინც ევროლიგას ადევნებს თვალს, კარგად იცის, რომ რიკი "მაკაბის" ერთ-ერთი ლიდერი იყო. მნიშვნელოვანია, როგორ შეეწყობა ჩვენს გუნდს, თუმცა, საქართველოს ნაკრებში ისეთი მეგობრული სიტუაციაა, ახალ თანაგუნდელებთან დაახლოება არც ჰიკმანს გასჭირვებია. მთავარია, ეს ურთიერთობა მოედანზეც გადავიტანოთ...

- სათამაშო დრო სათადარიგო მოთამაშეებსაც ეძლევათ, მაგრამ აშკარაა, რომ მთავარი დატვირთვა მაინც ძირითადი ხუთეულის წევრებზე მოდის... როგორ იქნება საქმე ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ჩვენს გუნდს მიყოლებით მოუწევს ხუთი მატჩის ჩატარება?

- ექვს დღეში ხუთი მატჩის გამართვა ძალიან რთულია, მით უმეტეს, ჩვენნაირი გუნდისთვის, ვისი ძირითადი დასაყრდენიც 5-6 მოთამაშეა. თუმცა, დაკისრებულ მოვალეობას სათადარიგო მოთამაშეები კარგად ართმევენ თავს და დარწმუნებული ვარ, ევრობასკეტის სტარტისთვის მზად ვიქნებით...