ნუკრი რევიშვილი: "უნდა ვაღიაროთ, რომ ორივე მატჩში გვაჯობეს..." (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

ნუკრი რევიშვილი: "უნდა ვაღიაროთ, რომ ორივე მატჩში გვაჯობეს..." (ექსკლუზივი)

"ქართულ ფეხბურთს მსაჯობაც ძალიან აფუჭებს"

"2006 წლიდან საქართველოს ჩემპიონატში თუ რამე შეიცვალა, მხოლოდ უარესობისკენ"

"ნაკრები არც ქეცბაიასია, არც ჩემი და არც რომელიმე ფეხბურთელის, ნაკრები ქვეყნის სახეა"

გორის "დილა" ვერც საკუთარ თავს გადაახტა და მით უფრო, ვენის "რაპიდს": გიორგი დევდარიანის გუნდს ორთვიანი მომზადება ევროპის ლიგაზე მხოლოდ ორი ეტაპის გასავლელად ეყო, ჯგუფურ ეტაპამდე კი ერთი ნაბიჯი, ცოტაც კლასი და გამოცდილება დააკლდა... აუცილებლად მოსაგები მატჩის პირველივე ტაიმში გაშვებულმა ბურთმა "დილა" ფსიქოლოგიურად გატეხა და საფინალო სასტვენამდე ორი გოლის გაშვება კიდევ მოასწრო. არადა, გორელთა კარის დარაჯს მანამდე გამართულ ხუთ მატჩში მხოლოდ კინკილა ბურთი ჰქონდა მიღებული. დიდი ალბათობით, ნუკრი რევიშვილი შიდა ქართლის მთავარ კლუბში წლის ბოლომდე დარჩება, მანამდე კი "დილისა" და საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა ექსკლუზიური ინტერვიუ "კვირის პალიტრას" მისცა:

- "დილასთან" წლის ბოლომდე მაკავშირებს კონტრაქტი, მაგრამ თუ სერიოზული კლუბი დაინტერესდება, გორელები არ დამაკავებენ. სატრანსფერო ფანჯარა 6 სექტემბერს იხურება და არა მგონია, მანამდე სადმე გადასვლა მოვასწრო. მოლდავური და აზერბაიჯანული კლუბები კი მეპატიჟებიან, მაგრამ მირჩევნია, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარამდე "დილაში" დავრჩე და უკეთეს წინადადებებს დაველოდო.

- რა მოგცა საქართველოში გატარებულმა თვეებმა?

- ზოგიერთმა უკვე "ჩამომწერა", თითქოს კარიერა დამესრულებინოს... ამიტომაც მინდოდა, კონდიცია აღმედგინა, მეჩვენებინა, რომ ფეხბურთის თამაში ისევ შემიძლია. ეს მოვახერხე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნაკრებშიც დავბრუნდი!

- ქუთაისის "ტორპედოდან" რუსეთში 2006 წელს გადაბარგდი. მას შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში ბევრი რამ შეცვლილა?

- სამწუხაროდ, მხოლოდ უარესობისკენ. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ - ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს!

- მეკარის ბაქნიდან როგორ ჩანდა, რატომ დამარცხდით "რაპიდთან" სამბურთიანი სხვაობით?

- ავსტრიელები კლასით "ოლბორგსაც" სჯობიან და "ჰაიდუკსაც".  უკეთესი გუნდი ჰყავთ, ნამდვილი "გერმანული მანქანა", რომელმაც მარტივი, მაგრამ სწორი ტაქტიკით გვაჯობა, ჩვენი პლუსები მაქსიმალურად გაანეიტრალა და დამსახურებულად გაიმარჯვა. უნდა ვაღიაროთ, რომ ორივე მატჩში გვაჯობეს... მსაჯს პენალტი რომ დაენიშნა, სხვანაირად იქნებოდაო, მაგრამ მგონია, მაინც "რაპიდი" გაიმარჯვებდა. შესაძლოა, გაგვმართლებოდა და მოგვეგო, ისევე როგორც "ჰაიდუკთან" გასვლით მატჩში, მაგრამ სასწაულები იშვიათად ხდება. ისეთ ხანმოკლე პერიოდში და იმ ბიუჯეტით, რაც "დილას" ჰქონდა, კიდევ ბევრს მივაღწიეთ. წარმოუდგენელია, ორ თვეში ჩამოაყალიბო გუნდი და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდე.

- ევროპის ლიგის ოთხ მატჩში "რაპიდამდე" ბურთი არ გაგიშვიათ, ავსტრიელებმა კი ორ მატჩში ოთხჯერ გაგიტანეს.

- თბილისური მატჩი ჩვენთვის პირველი ტაიმის მიწურულს "დამთავრდა", როცა გოლი გავუშვით. მეორე ტაიმშიც ვცდილობდით, სტადიონზე მისული უამრავი ქომაგი გაწბილებული არ გაგვეშვა შინ, მაგრამ გოლის გაშვების შემდეგ, ფსიქოლოგიურად წავაგეთ მეორე ტაიმი, კონცენტრაცია ვეღარ შევძელით. სხვებზე რა გითხრათ და მეორე ბურთის აღება ნამდვილად მმართებდა.

- გქონდა იმედი, რომ კენჭისყრაში "დილას" გაუმართლებდა და ევროპის ლიგიდან მოკვეთილი "ფენერბაჰჩეს" ადგილს დაიკავებდით?

- ასეთი იღბლიანები რომ ვყოფილიყავით, "რაპიდთან" თბილისურ მატჩსაც მოვიგებდით (იცინის).

- თბილისის "დინამოში" დიდი ინვესტიციაც ჩაიდო, უცხოელი მწვრთნელიც ჰყავთ, ლეგიონერებიც... კარგი მწვრთნელი და ფეხბურთელები "დილასაც" ჰყავს, მაგრამ ევროთასებზე რასაც მივაღწიეთ, ყველამ ნახა. ქართული ფეხბურთის საშველი არ არის?

- "დინამოს" ამბიციაც აქვს და შესაძლებლობაც, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს. თუ კლუბში ფეხბურთთან ახლოს მდგომი ხალხი იმუშავებს, სტაბილურად ექნებათ ასეთივე პირობები და სწორი სელექცია, "დინამო" ადვილად შეძლებს ევროთასზე წარმატებით თამაშს. თუმცა ამისთვის ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერებაც აუცილებელია. სანამ ქვეყანაში 4-5 სტაბილური გუნდი მაინც არ იქნება, არაფერი გვეშველება, ქართულ ფეხბურთში სერიოზული პრობლემებია.

- მათ შორის მსაჯობაც: "დილა"-"დინამოს" მატჩი დღემდე განხილვის თემაა...

- საშინელი მსაჯობის მომსწრე რუსეთშიც არაერთხელ ვყოფილვარ, მაგრამ რაც "დინამოსთან" მატჩისას მოხდა, მსგავსი არაფერი მინახავს. "შეცდომა" ერთი და ორი გამიგია, მაგრამ ამდენი? "დილა"-"დინამოს" არბიტრმა კი ისეთები ჩაიდინა, სადაც სამართალია, მსაჯობას უნდა დაანებოს თავი. ქართულ ფეხბურთს მსაჯობაც ძალიან აფუჭებს!

- "ანჟიდან" იმ დროს წამოხვედი, მახაჩყალაში ამბიციური გუნდის ჩამოყალიბებას რომ იწყებდნენ, თუმცა კარლოსსა და ეტო,ოსთან ერთად თამაში მაინც მოასწარი.

- ორივე ძალიან უშუალო და მეგობრული ადამიანია, ურთიერთობისას ვერ შეატყობდი, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან გქონდა საქმე.

- საფრანგეთსა და ფინეთთან მატჩების წინ, ორ თამაშში საქართველოს ნაკრების ერთმა მეკარემ რვა ბურთი გაუშვა, მეორემ - ოთხი...

- ძლიერმა მეკარემ მხოლოდ მომავალ მატჩებზე უნდა იფიქროს და არა განვლილზე. როცა ვიმსახურებდი, ქეცბაია ყოველთვის მათამაშებდა და ამისთვის მადლობელი ვარ. ნაკრები არც ქეცბაიასია, არც ჩემი და არც რომელიმე ფეხბურთელის, ნაკრები ქვეყნის სახეა და მწვრთნელის გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს და თუ თამაშის შესაძლებლობა ექნება, ბოლომდე დაიხარჯოს! საერთოდაც, ქეცბაიას წინააღმდეგ პრესაში წამოწყებული კამპანია არასწორად მიმაჩნია. სანამ მუშაობს, დავაცადოთ და გვერდში დავუდგეთ...

- რაშია საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა?

- თაობათა ცვლა რთული პროცესია. კალაძის, კობიაშვილის, იაშვილისა და სხვა გამოცდილი მოთამაშეების შეცვლა იოლი არ არის. წინათ ნაკრების ფეხბურთელები ევროპის ძლიერ კლუბებში თამაშობდნენ, დღეს კი... თუმცა ასაკობრივ ნაკრებებში კარგი ბიჭები არიან, ამ მატჩებში მიღებული გამოცდილებაც წაგვადგება და იმედია, ახალ შესარჩევ ციკლში უკეთ ვითამაშებთ.

- მაგრამ იმ ქომაგს რას უპასუხებ, ვისაც ვერ გაუგია, ჩვენი გუნდი ამხანაგურ მატჩებში მაინც რატომ ვერ უტევს?

- ყველა მწვრთნელს საკუთარი სტილი აქვს. თანაც, გააჩნია, როგორ გუნდს ეთამაშები, საფრანგეთსა და ესპანეთს როგორ შეუტევ? შეუტია "დინამომ" "ტოტენჰემს" და რაც მიიღო, ყველამ ვნახეთ. შევუტიეთ ყაზახეთს, მაგრამ გოლი აქეთ მივიღეთ...

- მეკარისთვის როგორია ისეთი გუნდის კარის დაცვა, რომელიც სულ დაცვაზე ფიქრობს?

- ამას ორი მხარე აქვს: როცა გუნდი თავს იცავს და ხშირი შეტევების მოგერიება უწევს, მეკარეს დიდი ჯაფა ადგას, მაგრამ როცა მისი გუნდი უტევს, უკან დიდი სივრცე რჩება თავისუფალი და რისკი გოლკიპერისთვისაც მატულობს.