უზნაძის "მალამო" - კვირის პალიტრა

უზნაძის "მალამო"

სამდღიანი უიღბლობის შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები რიო-დე-ჟანეიროში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ორი ვერცხლით მოფერიანდა. კვარცხლბეკზე ასვლა ირაკლი უზნაძის დანარჩენ შეგირდებსაც შეეძლოთ, თუმცა კოპა-კაბანას სანაპიროებიდან მედლების წამოღება მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) და ვალერი ლიპარტელიანმა (90) მოახერხეს (ადამ ოქრუაშვილი ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ ჩვენი გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, შაბათ ღამით და კვირას გამართული შეხვედრების შედეგებზე ვერაფერს გეტყვით. - ავტ.). ჩემპიონობასთან ჭრიკიშვილიც და ლიპარტელიანიც ახლოს იყვნენ, მაგრამ ისიც საქმეა, ნახევარფინალში ორივემ ფინალის ტოლფასი გამარჯვებები რომ ჩაიწერა: ავთომ წონის ფავორიტი - რუსი ივან ნიფონტოვი დაიჭირა მტკივნეულ ილეთზე, ლიპომ კი, როგორც იქნა, გატეხა ნავსი და ნიფონტოვის თანამემამულე კირილ დენისოვის დასაიპონებლად ორი წუთი იკმარა. ეს სწორედ ის დენისოვია, აქამდე გამართულ შვიდ ორთაბრძოლაში ჩვენებური ექვსჯერ რომ ჰყავდა გამწარებული... ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძეს ბრაზილიაში სწორედ ლიპარტელიანის ფინალის შემდეგ დავურეკეთ. იქნებ მთლად უზნაძის მალამოსავით ვერ ედებათ, მაგრამ ფაქტია, ახალგაზრდა სპეციალისტის მითითებები ძალიან ეხმარება ტატამზე მყოფ მის შეგირდებს:

- ჭიდაობისას შეგირდებს სულ ელაპარაკებით, მიმართულებას აძლევთ... სხვათა შორის, ნაკრების ყოფილ მწვრთნელ პეტერ ზაიზენბახერს იმასაც საყვედურობდნენ, ძიუდოისიტებთან საკმარის კომუნიკაციას არ ამყარებსო...

- ჩემი აზრით, მწვრთნელის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ისიც არის, ტატამზე მყოფ შეგირდს მითითებებს აძლევდეს. თუმცა, უმჯობესი იქნება, თავად მოჭიდავეებს ჰკითხოთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ჭიდაობის დროს მწვრთნელის დახმარება.

- როგორც უნდა განიცდიდეს, მოჭიდავეებმა მწვრთნელს იმედგაცრუება ვერ უნდა შეატყონ. მით უმეტეს, მათ, ვისაც ჯერ არ უჭიდავიათ... საწყისი სამი დღის შემდეგ, მღელვარების მოთოკვა არ გიჭირდათ?

- გული ნამდვილად არ გამიტეხია. შესაძლებლობები ყველამ ვერ გამოავლინა ბოლომდე, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ მომდევნო წონებში მედლებს აუცილებლად მოვიპოვებდით. ჩემპიონობასთან ჭრიკიშვილიც ახლოს იყო და ლიპარტელიანიც. ამიტომ ფინალში მათი მარცხის გამო გულდაწყვეტილი ვართ, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ორი ვერცხლი ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის. საწყის ორთაბრძოლებში ჩინებულად იასპარეზა პაპინაშვილმა, მაგრამ ნახევარფინალში დასანანი მარცხი განიცადა, რის შემდეგაც მობილიზება გაუჭირდა და ბრინჯაოს მედალიც დაკარგა.

- რას დავაბრალოთ შავდათუაშვილის მარცხი ბრიტანელ კოლინ ოუტსთან, რომელსაც შინაურ ტატამზე, ლონდონის ოლიმპიადაზე მოუგო? - ლაშას სხვა დროს მეტი აქტიურობა და შემართება ეტყობოდა...

- ცოტათი წონაც ჰქონდა მომატებული, მაგრამ ოუტსთან ნამდვილად არ უნდა წაეგო. იუკოს უგებდა და შეხვედრის მსვლელობასაც აკონტროლებდა, მაგრამ მესამე გაფრთხილების შემდეგ იჩქარა და ილეთი მოუმზადებელმა წამოიწყო... ლაშა ყველა მეტოქესთან ინდივიდუალური მიდგომით ჭიდაობს და ასე იყო ამჯერადაც. სამწუხაროა, რომ წამიერი მოდუნება წაგების ფასად დაუჯდა.

- ავთანდილ ჭრიკიშვილი ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდეც წმინდა გამარჯვებებით მივიდა. გადამწყვეტ მატჩში რა მოხდა?

- წაგებაში მსაჯებიც მიეხმარნენ. მას შემდეგ, რაც ფრანგმა ვაზარი აუღო, სულ ავთო უტევდა და მეტოქე სამჯერ გააფრთხილებინა. ობიექტურად რომ ემსაჯათ, არბიტრებს პიეტრი აუცილებლად უნდა მოეხსნათ.

- არადა, ნახევარფინალში ნიფონტოვს მოუგო...

- ნიფონტოვი წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი უძლიერესი მონაწილეა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიადის პრიზიორი გახლავთ, ყოველმხრივ უძლიერესი ძიუდოისტია,  მაგრამ ავთომ ტექნიკურადაც აჯობა, ტაქტიკურადაც, ფიზიკურადაც დაჯაბნა და ბოლოს, მტკივნეულ ილეთზეც დაიჭირა.

- ტიუმენის ტურნირის შემდეგ თქვით, ეს ლიპარტელიანის ბოლო წაგებაა დენისოვთანო და თქვენი სიტყვები გამართლდა კიდეც. ამის თქმის საფუძველს რა გაძლევდათ, აქამდე ხომ რუსს ვალერისთვის შვიდიდან ექვსი მატჩი ჰქონდა მოგებული?

- ამის თქმის საფუძველს ლიპოს მონაცემები მაძლევდა და საბედნიეროდ, ჩემი ვარაუდი გამართლდა. ვალერიმ ისე დამაჯერებლად დაამარცხა მეტისმეტად უხერხული მეტოქე, დენისოვთან სტატისტიკაში ჩამორჩენას აუცილებლად გააბათილებს.

- რუსთან ორთაბრძოლის დაწყებამდე რამე კონკრეტული დავალება თუ მიეცით?

- დენისოვზე ტიუმენამდეც და მას შემდეგაც ბევრი გვილაპარაკია. მეტ-ნაკლებად, ყველა მეტოქე შესწავლილი გვყავს. დენისოვს კი, როგორც ძლიერ მეტოქეს, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდით. მის წინააღმდეგ რამდენიმე ვარიანტი გვქონდა მომზადებული: თუ ამოსმული არ გაამართლებდა, გამარჯვებას კისრული გდებით შევეცდებოდით.

- სამწუხაროდ, ლიპარტელიანმა ფინალში ვერ იჭიდავა ისევე შემართებით და აქტიურად. ეშლი გონსალესს ამჯერად ვერაფერი მოუხერხა, არადა, კუბელს პარიზის ტურნირზე დამაჯერებლად აჯობა.

- გონსალესი იმაზე უკეთ აღმოჩნდა მომზადებული, ვიდრე გვეგონა. ველოდით, რომ ორი წუთის შემდეგ დაღლილობა თავისას გაიტანდა და მოდუნდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. თანაც, ლიპომ ის ვერც ფიზიკურად დაჩაგრა. ყველა ხერხი სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა...

- რიო-დე-ჟანეირო და მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზება როგორ მოგეწონათ?

- რიოს ჩვენი დასაწუნი არაფერი სჭირს (იცინის). რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, სასტუმროდან დარბაზამდე მისასვლელად ერთსაათიანი მგზავრობაა საჭირო და ყველაზე დიდ პრობლემას სწორედ ეს გვიქმნიდა. მგზავრობაში ორი საათის დაკარგვა ძალიან მომქანცველია.