ქეცბაია: "ეს არ არის შედეგი?!" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

ქეცბაია: "ეს არ არის შედეგი?!" (ექსკლუზივი)

"ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდია"

"ეს თავხედი  ბავშვები კი გამოდიან და ყველას ჭკუას ასწავლიან"

"ნაკრებში 16-17 წლის ბავშვებს ათამაშებდნენ, მერე სარფიანად რომ გაეყიდათ"

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სექტემბერში გამართული მატჩები კვლავაც რჩება აქტუალურ თემად. ასე რომ, ყოველგვარი შესავლის გარეშე გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს თემურ ქეცბაიასთან, რომელშიც ეროვნული ნაკრების მწვრთნელს არაერთ საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ:

- რა იყო ფინეთთან წაგების მიზეზი?

- ფრანგებთან მატჩმა ფეხბურთელებს ბევრი ენერგია წაართვა და როგორც ჩანს, დაკარგულის აღდგენა ვერ მოასწრეს. ის მოთამაშეები, რომლებსაც კლუბში იშვიათად ეძლევათ თამაშის შესაძლებლობა, აშკარად არ აღმოჩნდნენ მზად ასეთი დატვირთვისთვის.

- მაგრამ ფინელებმაც ხომ ითამაშეს ესპანეთის ნაკრებთან? თანაც, საქართველოში მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩამოვიდნენ...

- მართალია, ძალის აღსადგენად მეტი დრო გვქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ ფინელები ფიზიკურად ჩვენზე ძლიერები გამოდგნენ... თუმცა, წაგებას მაინც არ ვიმსახურებდით, ფრე უფრო ლოგიკური შედეგი იქნებოდა.

- როგორ არ ვიმსახურებდით, როცა მეტოქემ მეორე გოლიც გაგვიტანა და საერთოდაც, ჩვენზე მეტი სახიფათო მომენტიც შექმნა?

- გოლის გაშვებისა და უმცირესობაში დარჩენის შემდეგ, გარკვეულწილად რისკზე წავედით და მეტოქეს შეტევისთვის მეტი სივრცე დარჩა.

- მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება გვჭირდებოდა, ჩვენი შეტევების დროს ოთხივე მცველი და საყრდენი ნახევარმცველი მაინც უკან რჩებოდნენ. ასეთი დავალება ჰქონდათ, თუ ჩვენს უკანახაზელებს მეტოქის ნახევარზე გადასვლის ეშინიათ?

- ჩვენც გვქონდა მომენტები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, ფინელებს კი ისეთი პენალტი აჩუქა მსაჯმა... თანაც, წითელი ბარათიც ისეთ დროს დავიმსახურეთ, განსაკუთრებული სიფრთხილე რომ არის საჭირო. როცა გაფრთხილება უკვე გაქვს, მოედნის შუაგულში ასეთი "პადკატის" გაკეთება დაუშვებელია. შეტევა თერთმეტი კაცით გვიჭირს და წარმოიდგინეთ, კაცნაკლულებს როგორ გაგვიჭირდებოდა. ამის მიუხედავად, მთელი გუნდით ვუტევდით და უპირატესობაც გვქონდა.

- პირველი წრის მატჩში ფინელებიც ხომ დარჩნენ კაცნაკლული, მაგრამ ანგარიში მაინც გაგვითანაბრეს. საქართველოს ნაკრებს კი აგერ მერამდენე მატჩია, გოლი არ გაუტანია...

- ბელორუსებთან თამაშამდე ფრანგებსაც კი, რომლებსაც მსოფლიო დონის შემტევები ჰყავთ, ხუთ მატჩში ბურთი არ ჰქონდათ გატანილი და ჩვენ რაღა გვეთქმის?! მიზეზებს სხვაგან ნუ ვეძებთ, კარგად გავაცნობიეროთ, როგორ კატასტროფულ მდგომარეობაშია ქართული ფეხბურთი. სხვაგან მილიარდებს ახარჯავენ და მაინც ვერ აღწევენ შედეგს, ჩვენ კი ფეხბურთის განვითარებისთვის არაფერს ვაკეთებთ, სამაგიეროდ, საფრანგეთსა და ფინეთთან ყველა მატჩში გოლის გატანას ვითხოვთ. სამწუხაროდ, ნაკრების მოთამაშეთა უმეტესობის კლუბები უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან, ჩემპიონთა ლიგაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ევროპის ლიგაზეც კი მხოლოდ ორი ჩვენებური თამაშობს. ამ დროს კი ჩვენ ფრანგების დამარცხებას ვთხოვთ. ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდია და თუ ერთმანეთს არ დავეხმარეთ და ერთად არ ვიმუშავეთ, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება.

- ერთხელ თქვით, ზოგიერთ ფეხბურთელს ზედმეტი წონა აქვს და ამის გამო სირბილიც უჭირსო. თუ ასეა, არ სჯობს, მათ ნაცვლად ახალგაზრდები ათამაშოთ? ამ საკვალიფიკაციო ეტაპის გამოყენებას ხომ ისედაც მომდევნო შესარჩევისთვის მოსამზადებლად აპირებდით?

- ბოლო მატჩებში წონის პრობლემა ნაკრების არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონია. ისე, ქართულ ფეხბურთში ეს საკითხი მართლაც აქტუალურია. ფეხბურთელს რომ 8-10 კილოგრამი ექნება მომატებული, რა შედეგზეა ლაპარაკი?! რაც შეეხება ახალგაზრდებს, კარგია, ამ ბიჭებს 6-7 წლის განმავლობაში ერთად რომ მოუწევთ თამაში. თავის გამოჩენის შესაძლებლობა ბევრ ახალწვეულს მივეცით და მტკივნეული გადაწყვეტილების მიღებაც მოგვიხდა. კრიტიკა ბევრჯერ დავიმსახურეთ, მაგრამ ადამიანურად რაც უნდა რთული იყოს, ის უნდა გავაკეთოთ, რაც ქართული ფეხბურთისთვის არის უკეთესი.

- ფაქტია, რომ ნაკრების ერთ გუნდად შეკვრა არ ხერხდება. მწვრთნელთან კონფლიქტიც  რამდენიმე ფეხბურთელს აქვს...

- ყველას აქვს თავისი აზრი და შეხედულება, კონფლიქტები კი არა მხოლოდ გუნდში, ოჯახშიც ხდება და ეს ნორმალური პროცესია. კონკრეტულად მითხარით, ვის გულისხმობთ?

- რომელი ერთი ვახსენოთ - ყენია, გოგუა, სირაძე და სხვ.

- ყენია და გოგუა მადრიდის "რეალში" თამაშობენ და ჩვენ მაინც არ ვიძახებთ? ანდა, სად თამაშობს გოგუა? არ გაინტერესებთ, რატომ ჰქონდა კონფლიქტი ყველგან, სადაც კი უთამაშია? ნორმალურია, ყენია მაშინ ჩამოვიდეს, როცა თავად მოუნდება, ან ნაკრები ახალ კლუბში გადასასვლელად დასჭირდება? თანაც, ამბობს, მე ასე მინდა და თუ არ მოგწონთ, ცივი წყალი დალიეთო! ყენიაზე უკეთესი ფეხბურთელები მყავდნენ ნაკრებში! გოგუა და ყენია რომ ყოფილიყვნენ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდოდით? მათი ნათამაშები ფეხბურთი ჯერ არავის უნახავს, ეს თავხედი  ბავშვები კი გამოდიან და ყველას ჭკუას ასწავლიან. ამიტომაც არის, ვერც ნაკრებში რომ ვერ თამაშობენ და ვერც კლუბში. საქართველოში უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ პიროვნული თვისებების გამო ფეხბურთს ვერსად თამაშობენ!

- მიგაჩნიათ, რომ ამ კონფლიქტებში მხოლოდ ფეხბურთელები არიან დამნაშავე?

- რაც უნდათ, ის თქვან, თუ მოედანზე გააკეთებენ საქმეს, მაგრამ არც მინდორზე ვარგა რომელიმე და არც მის გარეთ... შესაძლოა, მწვრთნელი არ დაპატიჟოს, მაგრამ ექვსი წელიწადია ყენია ნაკრების წევრია და ნუთუ ნაკრებში ერთი მეგობარი მაინც არა ჰყავს, ქორწილში რომ მიეწვია?! ნაკრების ფეხბურთელები თანაგუნდელებზე მეტიც უნდა იყვნენ ერთმანეთისთვის, გუნდი ერთსულოვანი რომ იყოს, ამ თაობას კი ეს აშკარად აკლია. შესაძლოა, ბევრი სხვა რამ გვაკლდა, მაგრამ ჩემს პლეადას ეს თვისება ნამდვილად ჰქონდა.

- თქვენ, როგორც ნაკრების მწვრთნელს, გუნდის გაერთიანებაზე არ გეკისრებათ პასუხისმგებლობა?

- მათ ასაკში აღმზრდელობითი სამუშაო დაგვიანებულია, ან სამ-ოთხ დღეში როგორ შევცვლი? უშეცდომო არა ვარ, ალბათ, მეც დავუშვი ბევრი შეცდომა, მაგრამ იმ ვითარებასთან შედარებით, როგორშიც ნაკრები ჩავიბარეთ, რაღაც წინსვლა მაინც ხომ არის? ჯადოქარი ხომ არ ვარ, ერთ წელიწადში ფინალურ ეტაპზე გავიყვანო. როცა ნაკრები ჩავიბარე, ორი წლის განმავლობაში მატჩი არ ჰქონდა მოგებული და მეექვსე ადგილზე იყო, წინა შესარჩევ ციკლში მეხუთეზე გავედით, ახლა მეოთხეზე... ეს არ არის შედეგი?

- ფინეთთან მატჩის შემდეგ ჯაბა კანკავამ გულშემატკივარს მოუბოდიშა. თქვენ როგორ ფიქრობთ, თემურ ქეცბაიასაც აქვს ქომაგთან ბოდიში მოსახდელი?

- მთავარია, ჯაბა ხვდება, რომ გუნდი მნიშვნელოვან მომენტში დააღალატა. თუმცა, გაძევების შემდეგ მაყურებელმა კანკავას ტაში რომ დაუკრა, ესეც ჩვენი მენტალიტეტის მაჩვენებელია. არ ვამბობ, სტვენით უნდა გაეცილებინათ-მეთქი, მაგრამ ტაში რაღა იყო? იმედია, ეს კარგი მაგალითი იქნება ჯაბასთვის და საბოდიშოდ აღარასდროს გაუხდება საქმე. არადა, საფრანგეთსა და ფინეთთანაც კანკავა ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რაც შეეხება ჩემს ბოდიშს, კარგად ვიცი, რომ გულშემატკივარი შედეგს ელის, მაგრამ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ და ვეცდებით, მომავალში კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიოთ წინ. გულშემატკივარს ბოდიში იმ ხალხისგან ეკუთვნის, ვისაც ქართული ფეხბურთის დახმარება ევალება, ვინც ამ წლების განმავლობაში კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანა ქართული ფეხბურთი!

- ზვიად სიჭინავამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ქეცბაია დაიბარეს სპორტის წინა მინისტრთან და უთხრეს, გადაგიხდით ამდენ ხელფასს და ნაკრები უნდა ჩაიბაროო. მართლაც ასე იყო?

- ძეგლთა დაცვის, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ მითხრა, ჩამოდი და კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი ნაკრები ჩაიბარეო. კარგად ვიცოდი, სად მოვდიოდი და როგორი რთული სამუშაო მელოდა, მაგრამ განა ხშირად გვეძლევა შანსი, ჩვენი სამშობლოსთვის რაღაც გავაკეთოთ? ჩემს ქვეყანას ჯერ ფეხბურთელის, ახლა კი ნაკრების მწვრთნელის რანგში ვემსახურები.

- და ნაკრების სათავეში კონტრაქტის ამოწურვამდე (2015 წლის ბოლომდე. - ავტ.) ბოლომდე დარჩებით, თუ ვინც ჩამოგიყვანათ, ისევ მათ გადაწყვეტილებას დაელოდებით?

- თქვენ გგონიათ, ჩემი წასვლით მდგომარეობა გამოსწორდება? ნაკრებთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაქვს. არც არავის უთქვამს, წადიო და თუ ვინმე სხვაგვარად ფიქრობს, არ ვიცი... შესაძლოა, ის რისკი, რაც საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლით გავწიე, უფრო მეტი იყოს, ვიდრე ამ თანამდებობაზე მიღებული ხელფასი. თანაც, მიმაჩნია, რომ ჩემი ჩამოსვლის შემდეგ, ნაკრებში წინსვლაა!

- ზურაბ ხიზანიშვილთან რა მოხდა?

- ფინეთთან მატჩის წინ ვილაპარაკეთ, შემადგენლობა დავაყენეთ და ნაკრების ავტობუსში მთელი გუნდი ავიდა. ყველა, ხიზანიშვილის გარდა... დანარჩენზე, ალბათ, თავად ილაპარაკებს.

- ფინეთთან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციიდან რამდენიმე ჟურნალისტმა ტაშით გაგაცილათ. როგორ ფიქრობთ, რა იყო ეს?

- მე რატომ დამიკრავდნენ? ალბათ, ეს ტაში იმ ფეხბურთელებს ეკუთვნოდათ, ვინც ბოლო ორ მატჩში თავდაუზოგავად იბრძოლა. სამწუხაროდ, არის ხალხი, ვისაც არ სურს, ნაკრები წინ წავიდეს. კარგად მოგეხსენებათ, რა ხდებოდა წინათ ნაკრებში და ფეხბურთის ფედერაციაში. ჩვენი მოსვლით ამ ხალხს ხელ-ფეხი შეეკრა, ჩვენ ხომ ვეღარ გვთხოვდნენ, ნაკრებში გასაყიდად გამზადებული ფეხბურთელები გვეთამაშებინა.

- თქვენთვისაც შემოუთავაზებიათ?

- ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა და მკითხა, ესა და ეს ფეხბურთელი რატომ არ ათამაშეთ, ხომ იცოდით, რომ მასზე დასაკვირვებლად სკაუტები იყვნენ ჩამოსულიო. ნაკრებში 16-17 წლის ბავშვებს ათამაშებდნენ, მერე სარფიანად რომ გაეყიდათ. ასეთ რაღაცას ახლა ვეღარავინ გაბედავს, მაგრამ იმ კატასტროფულმა წლებმა ქართული ფეხბურთი 50 წლით დასწია უკან!

- გიორგი დევდარიანმა თქვა, ფეხბურთელს თუ განათლება და სულიერი სამყარო არა აქვს, მისი ფეხბურთი  BMW-ს ყიდვასთან ერთად მთავრდებაო...  ასეთი ფეხბურთელები თქვენს შეგირდებს შორისაც ყოფილან?

- არიან ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებში დებიუტისას გაცილებით უკეთ თამაშობდნენ, დროის გასვლასთან ერთად კი რეგრესი განიცადეს. ქართველებს მართლაც აქვთ ეს პრობლემა, ცოტა ფულს იშოვიან და ფეხბურთი აღარ აინტერესებთ. მთავარია, ხელფასი აიღონ და თუნდაც მთელი სეზონი ტრიბუნაზე გაუტარებიათ. რაც შეეხება განათლებას, თანამედროვე ფეხბურთში ეს კომპონენტი უმნიშვნელოვანესია. თუ განათლება, აზროვნების უნარი არა გაქვს, წარმატება გამორიცხულია. სამწუხაროდ, თანამედროვე ქართულ ფეხბურთში ეს პრობლემაც მწვავედ დგას.

- რა არის საქართველოს ნაკრების მწვრთნელად მუშაობა - მხოლოდ პატივი თუ ერთგვარად სასჯელიც?

- უდიდესი პასუხისმგებლობაა და პატივია, იყო შენი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი! ძალიან რთულია, მაგრამ ადვილ საქმეს ხომ ნებისმიერი გააკეთებს?! სამუშაოს პოვნა არ გამიჭირდება, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა იშვიათად ეძლევა ადამიანს და ვამაყობ, რომ რაღაცას ვაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის!