"ზლატანიადა": "გვარდიოლა მოურინიოსთან ახლოსაც ვერ მივა"
16-09-2013
"ზლატანიადა": "გვარდიოლა მოურინიოსთან ახლოსაც ვერ მივა"
"არავის შეუძლია ისე შთააგონოს გუნდი, როგორც მოურინიოს"

შვედეთისა და "პსჟ"-ს ცენტრფორვარდს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს ფეხბურთში გამორჩეული ნიჭის გარდა, მედიდურობა და თვითრწმენაც დაანათლა განგებამ. "იბრა" ყოველთვის თამამად გამოთქვამდა თავის აზრს, ახლა კი მემუარებსაც აქვეყნებს, სათაურით "მე ვარ ზლატანი". წიგნს ბესტსელერობა უწერია, რადგან იგი წინასწარ უკვე მილიონობით მკითხველმა შეუკვეთა. თავად იბრაჰიმოვიჩმა კი საკუთარი მემუარები ასე შეაფასა: "ეს არის ერთადერთი წიგნი, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ამბობს სიმართლეს, რომელსაც სხვაგან არსად ამბობენ".

"დეილიმეილი" ზლატანის
მემუარებიდან ექსკლუზიურ ფრაგმენტს აქვეყნებს, სადაც შვედი თანამედროვეობის ორ ყველაზე პოპულარულ მწვრთნელს - პეპ გვარდიოლასა და "განსაკუთრებულ" ჟოზე მოურინიოს ადარებს ერთმანეთს. "იბრას"  ორივეს ხელმძღვანელობით უთამაშია, თუმცა თუ მოურინიოს "ინტერში" შვედი ბრწყინავდა, გვარდიოლას "ბარსელონაში" იგი გამუდმებით არგენტინელი ჯადოქრის, ლიონელ მესის ჩრდილში რჩებოდა. ალბათ, ამანაც მოახდინა გავლენა იბრაჰიმოვიჩის
გამოტანილ ვერდიქტზე - გვარდიოლას ჯიგარი აკლია და მოურინიოსთან, როგორც მწვრთნელთან, ახლოსაც ვერ მივაო.

აი, რას იხსენებს ახმახი შვედი თავის მემუარებში:
"2009-ში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან მოურინიოს "ინტერმა" რომ გამოგვაგდო, გვარდიოლამ გადაწყვიტა, განტევების ვაცად ვექციე. მატჩი რომ დამთავრდა, ისე მიყურებდა, თითქოს ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. ვიჯექი გასახდელში და გაბღენძილი გვარდიოლა ისე დამჩერებოდა, ვითომ აქ შემთხვევით შემოხეტებული უცხოპლანეტელი ვიყავი. ნეხვივით ვგრძნობდი თავს," - იხსენებს "იბრა", რომელიც "ინტერიდან" "ბარსელონაში" 66 მილიონ ევროდ გადავიდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველივე სეზონში 21 გოლი გაიტანა, ეს ფული მაინც გადაყრილად ჩაითვალა.

"ვილიარეალთან" გასვლა გვქონდა. მხეცივით ვიყავი, გვარდიოლამ კი ხუთი წუთი მათამაშა. ბოღმა მახრჩობდა, ის კი დამცინავად მიყურებდა და ხმას არ იღებდა. ერთი სიტყვაც არ უთქვამს, რატომ დამსვა სკამზე, ან რატომ შემიშვა საერთოდ. ვიფიქრე, მეყო, რაც ვითმინე, ამას ჭკუა უნდა ვასწავლო-მეთქი. იაია ტურე გვესწრებოდა, კიდევ, რამდენიმე. რკინის ყუთს, რომელშიც ბუცებს ვაწყობთ ხოლმე, წიხლი ვკარი და გვარდიოლას დავუღრიალე: "არაფრის ტრაკი არ გაქვს! ეს შენ შერცხვი მოურინიოსთან, შენ ჩაისვარე და არა - ჩვენ! ჯანდაბაში წასულხარ!.."

ვაღიარებ, მაინცდამაინც მოსაწონი არ იყო ჩემი საქციელი, მაგრამ... ველოდი, გვარდიოლა ხმას მაინც ამოიღებდა, ის კი იდგა უსიტყვოდ, გაფითრებული, როგორც პატარა შეშინებული ბიჭი. მერე ადგა და ის რკინის ყუთი ისევ თავის ადგილზე დადო, ვითომ დამლაგებელი იყო. მერე შეტრიალდა, წავიდა და აღარასოდეს ამოუღია ხმა ამაზე პატარა ბუტიას."

იბრაჰიმოვიჩმა "ბარსელონა" პირველივე სეზონის შემდეგ დატოვა, თუმცა წასვლამდე ცოტათი მაინც "მოიოხა გული" და "ბარსას" ერთ-ერთი მთავარი ტრადიცია სასაცილოდ აიგდო: "გამახსენდა ის ცნობილი ფრაზა, რომლითაც ასე მოსწონთ თავი: "ბარსელონაში, ვარჯიშზე "პორშეებითა" და "ფერარით" არ დავდივართ, ბლა-ბლა-ბლა. რა სისულელეა?

მეორე დღეს ავდექი, მოვაჯექი ჩემს "ენცოს" ("ფერარი") და ზედ სავარჯიშო კომპლექსის ჭიშკართან მივაყენე. უნდა გენახათ, რა სახეები ჰქონდათ".
გვარდიოლასგან განსხვავებით, მოურინიოზე საუბრისას შვედი აღტაცებას ვერ მალავს:
"მოურინიო იმდენს მუშაობს, რამდენსაც ყველა დანარჩენი ერთად. სხვებსაც აიძულებს, მუხლჩაუხრელად იმუშაონ. მოვიდა ჩვენთან, მიადგა ხალხს, თავი ხელშეუხებელი რომ ეგონათ და დედა უტირა. ბევრს კი არ მიედ-მოედო, პირდაპირ თქვა: "დღეიდან, ამას აკეთებთ ასე, ასე და ასე!" წარმოგიდგენიათ? და ყველამ დავუჯერეთ.

არავის შეუძლია ისე შთააგონოს საკუთარი გუნდი, როგორც მოურინიოს, ისეთი ცეცხლი დაანთოს ფეხბურთელის გულში. გვაჩვენებდა ხოლმე ვიდეოებს, სადაც ცუდად ვითამაშეთ და გვარცხვენდა: "რა საცოდაობაა! ფუ! არ მჯერა, რომ ეს ფეხბურთელები თქვენ ხართ. თქვენ არ შეგიძლიათ, ასე საზიზღრად ითამაშოთ." და ჩვენც თავს ვუქნევდით. მართლა გვრცხვენოდა.
"აბა, გავარდით და ცოცხლად შეჭამეთ, ლომებო!" - შეგვიძახებდა ხოლმე, მერე დაფას წიხლს ამოსცხებდა და ჩვენც ღრიალ-ყიჟინით გამოვრბოდით გასახდელიდან, ადრენალინი თავში გვირტყამდა და ცოფიანებივით ვთამაშობდით, თითქოს ეს ჩვენი ბოლო მატჩი იყო. მზად ვიყავით, მისი გულისთვის კაცი მოგვეკლა!" - აცხადებს შვედი ფორვარდი.

გასაკვირი არ არის, რომ იბრაჰიმოვიჩს მოურინიოს აგრესიული მიდგომა უფრო ხიბლავდა, ვიდრე გვარდიოლას სარკასტული ბუნება. სხვა რომ არაფერი, ისეთ კაცზე ვსაუბრობთ, ვინც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი საყვარელი გასართობებია ქალები, მანქანები და ...ჩხუბი.
წელს შვედ ფორვარდს გვარდიოლაზე არა მარტო სიტყვით შურისძიების შანსი მიეცემა - მისი "პსჟ", ისევე, როგორც გვარდიოლას "ბაიერნი" და მოურინიოს "ჩელსი", ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს და შვედს შანსი მიეცემა, "პატარა ბუტიას" სამაგიერო გადაუხადოს.
lewani
18 სექტემბერი 2013 12:33
იბრა პროსტო კაცია ევროპაში ასეთი კაცური ხასიათი იშვიათებს აქვს
axmeteli
17 სექტემბერი 2013 17:24
ასი პროცენტიტ ვეტანხმები.იბრა მაგარზე, მაგარია. ფრინველტა მეფე არწივია.
vasila
16 სექტემბერი 2013 23:02
მაგარი კაცია ზლატანი, მაგრად მომწონს როგორც ფეხბურთელი, პიროვნულად დიდი არაფერი, მაგრამ მაინც გენიოსია. მაურინიო კიდე გენიაა და არ ვიდაოთ, მის ასაკში რომელმა მწვრთნელმა მოახერხა 2 ჯერ მოეგო ჩემპიონთა ლიგა. სტემფორდ ბრიჯი კი ყოველთვის მისი სახლი იქნება.

რედაქტორის რჩევით