ირაკლი ლაბაძე: "არ მაკლდა ფული, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები და კარგი ქალები, მაგრამ ეს ხომ ყველაფერი არ არის?"(ექსკლუზივი)
23-09-2013
ირაკლი ლაბაძე: "არ მაკლდა ფული, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები და კარგი ქალები, მაგრამ ეს ხომ ყველაფერი არ არის?"(ექსკლუზივი)
"თუ ფულს მითვლიან, უფასო რჩევას მივცემ - თავადაც იშოვონ!"

"აგასის უკითხავს: ეს ვინ არის, საქართველოში ჩოგბურთის თამაშიც იციანო? "


2006 წელს "უიმბლდონის" მეოთხე წრეში ტურნირის მომავალ გამარჯვებულ რაფაელ ნადალთან დამარცხდა და მას შემდეგ ორი წელი ტრავმებს ებრძოდა. ოფიციალურ მატჩში ბოლოს ხუთი წლის წინაც ითამაშა, მაგრამ ჩოგბურთში დაბრუნების ცდა უშედეგო აღმოჩნდა. ახლა მოსკოვში ცხოვრობს, მწვრთნელად მუშაობს და მართალია, თბილისშიც ხშირად ჩამოდის, მაგრამ მაინც ფიქრობს, არა მგონია, ჩემთან ინტერვიუ საქართველოში ბევრს აინტერესებდესო.
არადა, ვინ არ წაიკითხავს საუბარს ქართველ ჩოგბურთელთან, რომელსაც ლეგენდარული ანდრე აგასისთვის მოუგია, რომლის "ერთადერთი პრობლემა" ჭარბი წონაა, მოსკოველ ოლიგარქებს ავარჯიშებს, ქართველები კი რჩევას პრინციპულად არ ეკითხებიან... დანარჩენს ირაკლი ლაბაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში შეიტყობთ:



- ამჟამად მოსკოვში ვცხოვრობ და მწვრთნელად ვმუშაობ. 16-17 წლის რამდენიმე მოსწავლე მყავს, ქართველი
შეგირდებიც მყოლია, მაგრამ უმეტესად რუს ოლიგარქებს ვავარჯიშებ. დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, თორემ როცა გაიგებენ, მათ შესახებ ქართველ ჟურნალისტს რომ მოვუყევი, იქნებ მისაყვედურონ კიდეც, ფულს ამაში გიხდითო (იცინის)?

- მოსკოვში ჩოგბურთის მწვრთნელების მეტი რა არის, რატომ მაინცდამაინც ირაკლი ლაბაძე?
- ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ისე, რატომაც არა? მიცნობენ, ჩემი თამაშიც ახსოვთ და ეამაყებათ, ერთად რომ ვვარჯიშობთ, წყვილთა ტურნირებზე ვთამაშობთ. საინტერესოც არის მათთვის, სახალისოც და თანამშრომლობით ორივე მხარე კმაყოფილი ვართ. ყოფილა შემთხვევა, ერთად მხოლოდ ნახევარი საათი გვითამაშია და იმდენი ფული მოუციათ, ავტომანქანის საყიდლად იკმარებდა!

- როგორი ყოფილა ცხოვრება პროფესიული ჩოგბურთის გარეშე?
- როცა აქტიური ჩოგბურთელი ვიყავი, ჩემთვის არც უნივერსიტეტი არსებობდა, არც მეგობრები და გართობა, საკუთარი თავისთვისაც კი არ მრჩებოდა დრო. კი ბატონო, არ მაკლდა ფული, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები და კარგი ქალები, მაგრამ ეს ხომ ყველაფერი არ არის? ისე გამოვიდა, რომ პროფესიული ჩოგბურთი მხოლოდ შვიდიოდე წელი ვითამაშე.

- კარიერის ახლიდან დაწყება რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი?
- გვიან მივხვდი, რომ მაღალი დონის მწვრთნელი აუცილებელია. არადა, მაშინ მეგონა, ასეთიც მეყოფა-მეთქი და ამის გამო ბევრი დრო დავკარგე. ხშირი ტრავმები და მოტეხილობაც იმის ბრალია, ჩემს ბავშვობაში ფიზმომზადებაც სხვაგვარი რომ იყო და კუნთები არასწორად განმივითარდა.

- ხელი მაინცდამაინც იმ დროს მოიტეხე, როცა საუკეთესო ფორმაში იყავი და რეიტინგშიც შენთვის უმაღლესი, 42-ე პოზიცია გეკავა.
- ტრავმა რომ არა, წლის ბოლომდე საუკეთესოთა ოცეულშიც აუცილებლად მოვხვდებოდი.
მჯეროდა, რომ მალე განვაახლებდი ვარჯიშს, ამიტომ რეიტინგის "გაყინვაზეც" უარი ვთქვი (ტრავმის შემთხვევაში, ჩოგბურთელს უფლება აქვს, ექვსი თვით "გაყინოს" თავისი რეიტინგი. - ავტ.) და...

- ერთხელ მითხარი, ვნანობ, ამდენ შურიან და ჭორიკანა ხალხში რომ მოვევლინე ქვეყანასო.
- დასანანია, როცა ყველა შენს ქებაშია, როგორ გახდი, რა კარგად თამაშობო, ზურგს უკან კი საწინააღმდეგოს ამბობენ. მით უმეტეს, საკმარისია, ერთხელ წაიფორხილო და... თბილისში ახალი ჩამოსული ვიყავი, საპატრულო ეკიპაჟმა რომ გამაჩერა.

ერთ-ერთმა აგდებულად მკითხა, შენ არ იყავი, აგასის რომ მოუგე? დაგითმო თუ შემთხვევით გაგივარდა? აბა, აგასის შენ როგორ მოუგებდიო.
რატომ უნდა გაგიჩნდეს სურვილი, ადამიანს ასე ელაპარაკო?

- აბა, საქართველოში აღარავის ვახსოვვარო?
- როგორ არა და უპირველესად იცით, რას მეუბნებიან? როგორ მოგიმატიაო... გგონიათ, თავად არ ვიცი, რომ გავსუქდი? ერთადერთი პრობლემა მაქვს - ზედმეტი წონა! რა ვქნა, მიყვარს კარგი ცხოვრება (იცინის)? ეს როგორი სპორტსმენია, ნახეთ, როგორ ჭამს და სვამსო. კარიერა ხომ უკვე დავასრულე და ახლაც აღარ მაქვს უფლება, ის გავაკეთო, რაც მინდა? აქამდე არ მიკეთებია, ახლა დავიწყე ის, რასაც ეს ხალხი მთელი სიცოცხლე აკეთებს! და თუ ფულს მითვლიან, უფასო რჩევას მივცემ - თავადაც იშოვონ!
სამწუხაროდ, ქართველების უმეტესობა სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს, სხვისი ცუდი საქციელი უხარია. სხვას დაეხმარება, თავისიანს კი ფეხს დაუდებს - აი, ეს ვართ ქართველები!
სომხებმა და ებრაელებმა ისე იციან თავისიანის გატანა, მეეზოვეს მინისტრად აქცევენ. ჩვენ კი სხვა ეროვნების ხალხს ზედ გადავყვებით, ქართველს კი პირიქით - მინისტრობიდან მეეზოვეობამდე დავაქვეითებთ....

- ყველაზე მეტად დღემდე იმ გამარჯვებით ამაყობ, პატრულებსაც რომ ახსოვთ?
- (იცინის). რა თქმა უნდა. აგასის 2001 წელს, შანხაიში მოვუგე. თამაშის წინა ღამეს ძლივს დავიძინე. ცენტრალურ კორტზე ჩემი გვარი რომ გამოაცხადეს, რამდენიმე კაცმა ზრდილობისთვის დაუკრა ტაში, აგასის გამოსვლისას კი დაინგრა იქაურობა. მოთელვისას ანდრეს თავისი სპარინგპარტნიორის, კემპესისთვის უკითხავს: ეს ვინ არის, საქართველოში ჩოგბურთის თამაშიც იციანო? კემპესი გასახდელში მომიყვა: რომ ვუთხარი, მაგარი ბიჭია და თუ ხასიათზეა, დარხეული გაქვს-მეთქი, ჩაეცინაო... ამ სიტყვების შემდეგ, როგორ უნდა წავაგო-მეთქი, გავიფიქრე. თანაც, სარქისიანი აგასის ძმაკაცია და თუ მოვიგე, პირველად სარქისს უნდა დავურეკო-მეთქი. მატჩის დასაწყისში ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ მერე დავმშვიდდი... ნამატჩევს აგასიმაც მომილოცა: მაგრად თამაშობ, ასეთი მოწოდება არასოდეს მინახავსო. მემარცხენე ვარ და იმ დროს მართლა კარგად ვაწვდიდი...

- საჩოგბურთო სამყაროში მეგობრობა მართლაც არ იციან?
- ინდივიდუალური სპორტია და ჩოგბურთელების უმეტესობა ეგოისტია. მე ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მეგობარს მხოლოდ რამდენიმეს თუ ვუწოდებ: უმეტესად რუსები და ყოფილი საბჭოეთის რესპუბლიკების წარმომადგენლები არიან. ყველაზე ახლო მეგობრობა მარატ საფინთან მაკავშირებს.

- ფოტოებზე გიორგი ქინქლაძესა და დავით მუჯირთან ერთად გნახე... ცნობილი ქართველი სპორტსმენებიდან კიდევ ვისთან მეგობრობ?

- მე და გიორგის ბევრი საერთო მეგობარი გვყავს. ორივე მოსკოვში ვცხოვრობთ და სირცხვილიც არის, ერთმანეთს არ ვიცნობდეთ, "მუმუს" (დავით მუჯირის მეტსახელია. - ავტ.) კი წლებია ვიცნობ. მოსკოვში რომ ჩამოდის, ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩემთან ცხოვრობს ხოლმე... სხვები?
მოსკოვში ქართველი სპორტსმენი რომ შემხვდება, პირადად რომც არ ვიცნობდე, უცხოსავით ხომ არ ჩავუვლი?

ქეთა თოფურია ჯერ კიდევ თბილისში გავიცანი, მე და ირაკლი ფირცხალავა ახლო მეგობრები ვართ. მოსკოვში ახალი ჩასული ვიყავი და საფინთან ერთად ღამის კლუბში შევედი. იმდენი ქართველი გამომეცნაურა, საფინმა მითხრა, აქ მე ვცხოვრობ თუ შენო (იცინის)?

- მოსკოვში ყველაზე ხშირად სად შეიძლება ირაკლი ლაბაძის ნახვა?
- დიდ თეატრში, ბიბლიოთეკებში, სკვერებში... აბა, მოსკოვში ახალგაზრდა კაცი სხვაგან სად უნდა წავიდეს (იცინის)?! სერიოზულად კი, რომელიმე კონკრეტული ადგილი ამოჩემებული არა მაქვს, მეგობრები რომელიმე რესტორანში ან ბარში ვიკრიბებით. კიდევ რა მიყვარს? ჭადრაკის, ფეხბურთის, კალათბურთის თამაში, კინოთეატრში წასვლა და ა.შ.

- მხოლოდ ტრავმების ბრალია, ჩოგბურთში მეტს რომ ვერ მიაღწიე?
- ჩემზე ხშირად გამიგია, ზარმაციაო. დიდად შრომისმოყვარე მართლაც არ ვყოფილვარ, პირდაპირ ვამბობ, მამაჩემი რომ არა, დღეს მებუფეტე ვიქნებოდი, თანაც, სკოლის მებუფეტე
და გასუქება მერე გენახათ (იცინის). მაგრამ ზარმაცმა და უვარგისმა მსოფლიოს 42-ე ჩოგნის სტატუსს მხოლოდ იმიტომ მივაღწიე, რომ ვარჯიშს მამაჩემი მაძალებდა? თქვენც მიაღწიეთ, თუ ასე ადვილია... ბევრი რამ მეც არ ვიცი, მაგრამ მამაკაცთა ჩოგბურთში ალექსანდრე მეტრეველს ან მე თუ არ მკითხე რჩევა, ვის უნდა ჰკითხო? თუმცა არა, პრინციპულად არ გკითხავენ! ვჭირდები კი ვინმეს საქართველოში?
არ ვიცი... აქ დავრჩენილიყავი და რაიმესთვის რომ მიმეღწია, ვიღაცებისთვის საჯდომზე მეკოცნა? ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ამიტომ წავედი იმ ქვეყანაში, სადაც ვჭირდები, სადაც იმას ვაკეთებ, რაც ვიცი!
levani
08 ოქტომბერი 2013 07:46
ირაკლი ძალიან ძლიერი ჩოგბურთელი იყო, სამწუხაროდ მისი პოტენციალის ნახევარიც ვერ გამოიყენა ალბათ, სასწაული ცაცია ჰქონდა. აქ ერთმა დაწერა მესხისთვის მხარდაჭერა არ უნდა გამოგეცხადებინაო (სწორედ ალექსანდრე მეტრეველის წინააღმდეგ არჩევნებში თუ არ ვცდები, დავით ლანჩავაც იბრძოდა ფედერაციის პრეზიდენტობისთვის,) და აბსოლუტურად ვეთანხმები.

არც ეგრეა ირაკლი, წავალთ საქართველოდან და ვლანძღავთ ქართველობას, ბევრ უარყოფითთან ერთად ძალიან ბევრი დადებითიც გვაქვს.

ადრე იყო საუბრები რო ლაბაძე აპირებს აკადემიის დაფუძნებასო, ეტყობა ვერ მოახერხა... წარმატებები ირაკლი, გავუფრთხილდეთ ასეთ დიდ სპორცმენებს, ვინც ჩოგბურთი იცის ჩვენს ქვეყანაში ყველა გაფასებს ჩემო კარგო, აბა მოუგე ბლეიქს, დავიდენკოს, საფინს, მირნის, გასტონ გაუდიოს (მოქმედ როლან გაროსის ჩემპიონს იმ დროისთვის), და სხვა მრავალს... ანდრეზე რო აღარაფერი ვთქვათ. წარმატებები
batu
04 ოქტომბერი 2013 15:52
რა ბოღმა ხალხია,ნეტა ერტ რომელიმეს მიეღწია რაც ირაკლიმ მიაღწია,ცხოვრება ნახა და ეხლაც ნახულობს და მერე ენტხიატ ამდენი ბოღმა.სულ არ მიკვირს ხალხი საქარტველოსი რომ აღარ ბრუნდება.
keta
04 ოქტომბერი 2013 13:57
ირაკლი მართლა ბევრი გიცნობს და ბევრიც გულშემატკივრობდა.პირადად მე მიხაროდა თქვენი სახელის და გვარის გაგონება,მართლაც და განა რამდენი წარმატებული ჩოგბურთელი გვყავს ქართველებს? ხელი გემართებოდეთ

რედაქტორის რჩევით