ევროპა VS სამხრეთ ამერიკა
30-09-2013
ევროპა VS სამხრეთ ამერიკა
რონალდუ/ბეილი VS  მესი/ნეიმარი

მესი თუ რონალდუ? ბოლო წლების ყველაზე აქტუალურ კითხვას აგვისტოს ბოლოდან ქვეტექსტებიც დაემატა და ახლა უკვე იმის გარკვევას ცდილობენ, კრიშტიანუ რონალდუსა და გარეთ ბეილის წყვილი უკეთესია თუ ლიონელ მესისა და ნეიმარის დუეტი? სისწრაფე, ტექნიკა, დარტყმა და დრიბლინგი არც ერთ მათგანს არ დაეწუნება, დანარჩენი კი... დანარჩენი გემოვნების ამბავია. და მაინც, რონალდუ/ბეილი თუ მესი/ნეიმარი? ევროპა თუ სამხრეთ ამერიკა? არჩევანი თქვენთვის მოგვინდვია, ჩვენ კი "რეალისა" და "ბარსელონის" დუეტების მახასიათებლებს შემოგთავაზებთ.

ერთი
შეხედვითაც ცხადია, რომ მადრიდულ დუეტს სიმაღლეში აშკარა უპირატესობა აქვს: რონალდუ 186 სანტიმეტრია, ბეილი - 183. ეს მაშინ, როცა ნეიმარი მხოლოდ 175 სანტიმეტრი გახლავთ, მესი კი სულაც... 169! ფეხბურთში სიმაღლე გადამწყვეტი რომ არ არის, "ბარსას" ათიანი ლამის ყველა მატჩში ამტკიცებს, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ გაბარიტების
გამო კრიშტიანუსა და გარეთს მეტოქის მოტყუება ან სიჩქარის აკრეფა უჭირთ. მეტიც, ბეილი სრულად ამართლებს მეტსახელს: "მფრინავ უელსელს" საათში 24,85 მილის განვითარება შეუძლია, რაც მხოლოდ სამი მილით ჩამორჩება უსეინ ბოლტის მსოფლიო რეკორდს (27,79 მილი საათში)! სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ იამაიკელმა სპრინტერმა სურვილი გამოთქვა, მზად ვარ, გარეთ ბეილს ინდივიდუალური გაკვეთილები ჩავუტარო და კიდევ უფრო სწრაფი გავხადოო.

სხვათა შორის, სისწრაფეში მესი ზუსტად ისევე ჩამორჩება ბეილს (იხ. თანდართული ცხრილი), როგორც ეს უკანასკნელი უსეინ ბოლტს. სამაგიეროდ, მსოფლიოში არ არსებობს სხვა ისეთი მოთამაშე, რომელსაც ლეოს მსგავსად შეუძლია ფეხზე "ბურთმიწებებულმა" ლამის მთელი მეტოქე გუნდი მოატყუოს. და ნეიმარი? ბრაზილიელმა უკვე ევროპელებსაც ბევრჯერ უჩვენა, რომ საოცარი ტექნიკის პატრონია. მისი უნიკალური თვისება - წამიერად შეჩერდეს, მერე კი სწრაფი აჩქარება დაიწყოს, საკუთარ თავზე უკვე არაერთმა მარჯვენა მცველმა იწვნია. რაც მთავარია, სამხრეთამერიკელ ფეხბურთელებს ერთმანეთის უკვე კარგად ესმით და ნეიმარი არგენტინელი კოლეგისთვის საგოლე ეპიზოდებსაც ხშირად ქმნის.

ესპანეთის დედაქალაქიდან კი მსგავსი ნიშნები ჯერ არ ჩანს და ეს ბუნებრივიც არის. კატალონიური დუეტისგან განსხვავებით, ბეილსა და რონალდუს ხომ წინასასეზონო შეკრება ერთად არ გაუვლიათ. თანაც, კარლო ანჩელოტი ჯერ კიდევ ეძებს ოპტიმალურ პოზიციას "მფრინავი უელსელისთვის". და სანამ პორტუგალიელი და უელსელი მეტოქეთა დაცვის აწიოკებას დუეტის რანგშიც დაიწყებენ, ამის გაკეთება ინდივიდუალურად უწევთ.

და მაინც, რონალდუ/ბეილი თუ მესი/ნეიმარი? ევროპა თუ სამხრეთ ამერიკა? არჩევანი თქვენთვის მოგვინდვია...
9914
30 სექტემბერი 2013 21:24
შამპუნა ამოიღეთ რა.. მესი - ბეილი - ნეიმარი! ამათ გარდა ვერავის ვერ ვხედავ!
irakli
30 სექტემბერი 2013 13:19
რათქმაუნდა სამხრეთ ამერიკის წყვილი,მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია !!!

რედაქტორის რჩევით