"ყველგან და ყველასთვის მაინც ჯარჯი ზვიადაური ვარ!"
07-10-2013
"ყველგან და ყველასთვის მაინც ჯარჯი ზვიადაური ვარ!"
"საქართველო ჩემი სამშობლოა, ჩემი სიწმინდე, ჩემი ცხოვრების აზრი!"

"ვერც წარმოიდგენთ, როგორი ძნელია ჩემთვის, ქართველს რომ ვეჭიდავები..."

"ჩემთვის ზურა არასოდეს იქნება "მკვდარი!"


ათენის ოლიმპიადაზე ჩემპიონი ორი ზვიადაური გახდა: ზურაბი - საქართველოს, მისი ბიძაშვილი, ილიას ილიადისის სახელით მოჭიდავე ჯარჯი კი - საბერძნეთის სახელით... ზვიადაურთა სახელოვან ფალავნებს გასაყოფი რა უნდა ჰქონდეთ, მაგრამ წელიწადზე მეტია, ბიძაშვილები უბრად არიან. უფრო სწორად, დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონია ჯარჯიზე ნაწყენი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახმეტის
მაჟორიტარობისთვის მებრძოლმა ზურაბ ზვიადაურმა ილიადისს კონკურენტის - პეტრე ცისკარიშვილის გვერდით დგომა ვერ აპატია და ისიც კი დასცდა - ჯარჯი ჩემთვის მკვდარიაო... სამაგიეროდ, ილიას ილიადისია დარწმუნებული, რომ დრო ყველაფრის მკურნალია, რომ ზვიად(აურ)ი სისხლი თავისას გაიტანს და ბიძაშვილობა პოლიტიკაზე მაღლა დადგება! რამდენიმე წელიწადია, ოლიმპიურ ჩემპიონს, მსოფლიოსა და
ევროპის ჩემპიონატების ორ-ორგზის გამარჯვებულ ძიუდოისტს ქართველ ჟურნალისტთან აღარ ულაპარაკია, "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში კი ჯარჯი არაერთ საინტერესო თემას შეეხო...


- ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი ხართ... რა აძლევს მოტივაციას ილიას ილიადისს, ძველებური შემართებით ივარჯიშოს?
- ჩემპიონობა უფრო ადვილია, ვიდრე ტიტულის შენარჩუნება. სახელოვან სპორტსმენს გულშემატკივარი სხვანაირად გიყურებს, შენგან განსაკუთრებულ ჭიდაობას ელის და იმედი არ უნდა გაუცრუო. მაღალ დონეზე ჭიდაობა ისევ შემიძლია და თავდაუზოგავი ვარჯიშისთვის სტიმულსაც ეს მაძლევს - არ მინდა, იფიქრონ, აღარ შეუძლია და მაინც ჭიდაობსო, არ მსურს, ძიუდოდან დამარცხებული წავიდე...

- ყველაზე ემოციური გამარჯვება რომელი იყო თქვენს კარიერაში?
- 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი! ოლიმპიადის მოგებას სხვა ფასი აქვს, მაგრამ ათენური ტრიუმფის დროს მხოლოდ 17 წლის ვიყავი და ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი, რა მნიშვნელობა აქვს ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს... მიზანს მრავალწლიანი შრომის შედეგად რომ მიაღწევ, მის ფასს მერე უფრო ხვდები...

- ლონდონის ოლიმპიადაზე მოგებული ბრინჯაოს მედალი ათონის მთაზე მდებარე ვათოპედის მონასტერში დაბრძანებულ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ "მანუგეშებლის" ხატს შესწირეთ...
- ათონის მთას ხშირად ვსტუმრობ და 2012 წლის ოლიმპიადისთვის მზადების დროსაც მოვილოცე. ჩემი იქ ყოფნისას ერთმა სამხედრო პირმა ღვთისმშობლის ხატს თავისი წოდება, გენერლის სამხრეები შესწირა, რამაც ისე გამახარა, რომ პირობა დავდე, ლონდონის ოლიმპიადაზე აუცილებლად მოვხვდები სამეულში და მოგებულ მედალს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს შევწირავ-მეთქი... რწმენა მთელი ცხოვრება მეხმარება და ხმამაღლა ვამბობ: უფლის წყალობისა და რწმენის გარეშე ასეთ წარმატებას ვერ მივაღწევდი! ოღონდ უფალი გვეუბნება - მე დაგეხმარებით, მაგრამ თქვენც უნდა "ამყვეთ", ხელი გაანძრიოთო...

- ვალერი ლიპარტელიანი თქვენს წონაში ჭიდაობს და ყველაზე ხშირად მასთან გიწევთ ურთიერთობა. სხვა ქართველ ძიუდოისტებთანაც მეგობრობთ?
- მათი უმეტესობა ჩემი მეგობარია და ხმამაღლა ვამბობ: საქართველოს საუკეთესო ნაკრები ჰყავს! ძიუდოს ისტორიას არ ახსოვს ისეთი შედეგი, რაც ქართველებმა ბოლო პერიოდში აჩვენეს - გახდნენ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონატზე კი შვიდ წონაში ექვსი მედალი, მათ შორის - სამი ოქრო მოიგეს... ვამაყობ, საქართველოს ასეთი ძლიერი გუნდი და საუკეთესო მწვრთნელი რომ ჰყავს!

- ქართველ მეტოქეებთან ჭიდაობისას, ახლაც ისეთივე ემოცია გაქვთ, როგორიც წლების წინ თუ მათ უკვე "რიგით" მოწინააღმდეგეებად აღიქვამთ?
- ქართველი რომც არ იყოს, ლიპარტელიანი რიგითი მეტოქე მაინც ვერ იქნებოდა, ლიპო ხომ უძლიერესი ძიუდოისტია, ჩემთვის ყველაზე რთული მეტოქე! ემოციურად კი... ვერც წარმოიდგენთ, როგორი ძნელია ჩემთვის, ქართველს რომ ვეჭიდავები... ორმაგად განვიცდი ხოლმე!

- ჯარჯი ზვიადაური - ამაზე ქართული გვარ-სახელი რა უნდა იყოს?! გული არ გწყდებათ, დღეს სხვა სახელი რომ გქვიათ?
- 2001 წელს საქართველოდან რომ არ წამოვსულიყავი, მივაღწევდი კი ამდენს? ყველას კარგად ახსოვს, რა მდგომარეობა იყო მაშინ, სპორტსმენი კი როგორ გაიზრდება, თუ პირობას ვერ შეუქმნი, შეკრებაზე ვერ გაუშვებ, ძლიერ ტურნირებზე ვერ აჭიდავებ, გასაქანს ვერ მისცემ... ისეთი პირობები, რაც ბოლო წლებშია საქართველოში, ჩემს დროს რომ ყოფილიყო, არც წამოვიდოდი და არც არავინ გამომიშვებდა!

- ბევრისგან გამიგია, ჯარჯი მაშინ ბავშვი იყო და სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა, გადაწყვეტილებაც სხვებმა მიიღესო...

- არ არის მართალი! შოთა ხაბარელმა და გურამ მოდებაძემაც მითხრეს, თავად უნდა აირჩიო, წახვალ თუ დარჩებიო, გადაწყვეტილება კი მშობლებთან ერთად მივიღე. ოლიმპიადამდე ორი წელი რჩებოდა, ნაკრებში დიდი კონკურენცია იყო და წასვლა ვამჯობინე... სახელს რაც შეეხება, გული არ მწყდება, რადგან ყველგან და ყველასთვის მაინც ჯარჯი ზვიადაური ვარ! ეს ყველამ იცის, ხომ არ დაიმალება?

- საბერძნეთში უამრავი ქართველი ცხოვრობს. მათთვის ილიას ილიადისი ხართ თუ მაინც ჯარჯი ზვიადაური?

- რაც უნდა მერქვას, მათთვის მაინც ქართველი, მაინც ზვიადაური ვარ... საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისგან მუდამ დიდ სითბოს ვგრძნობ, ჩვენი სახე, ჩვენი სიამაყე ხარო, მეუბნებიან და ცრემლებს ვერ იკავებენ. ბევრჯერ უჩხუბიათ კიდეც, როცა ბერძნებს უმტკიცებდნენ, ილიადისი ქართველიაო!

- იმ ქართველებს რაღას უპასუხებთ, ვინც დღემდე ფიქრობს, რომ არაფერი ღირს იმის ფასად, სამშობლოს სახელით გამოსვლაზე უარი რომ თქვა...
- ყველას აქვს საკუთარი აზრი და მისი გამოხატვის უფლება, მაგრამ ხომ შეუძლიათ იამაყონ მაინც, ქართველმა ამდენს რომ მიაღწია თუნდაც საბერძნეთის სახელით? პირადად მე, ყოველთვის ვამაყობ, ქართველი რომ ვარ...

- კარიერის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?
- არაფერს შევცვლიდი, რადგან სწორედ საბერძნეთში შევქმენი ოჯახი, რომელიც უმთავრესია ჩემთვის! სხვათა შორის, ჩემი მეუღლეც საქართველოშია დაბადებული, თუმცა, 11 წლისა იყო, მისი მშობლები საცხოვრებლად საბერძნეთში რომ გადავიდნენ. ასე რომ, საბერძნეთში ცხოვრების ჩემზე მეტი "სტაჟი" აქვს. ერთმანეთიც აქ გავიცანით. მყავს ორი შვილი: რვა წლის მარიამი და ოთხი წლის ირაკლი.

- გიორგი შერმადინისგან ვიცი, საბერძნეთში თამაშისას ჯარჯისთან ბევრჯერ მივსულვარ და მწვადი აგვიშიშხინებიაო...
- მე და გიორგი ახლო მეგობრები ვართ. რამდენიმე წლის წინ საბერძნეთში ლევან ცქიტიშვილიც თამაშობდა და მასთანაც ვმეგობრობ. ქართველ სპორტსმენებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს და როცა აქ ჩამოდიან, შეძლებისდაგვარად ყველას ვეხმარები. საქართველოში თავადაც ხშირად ჩამოვდივარ, ბაკურიანში ამ ზაფხულსაც გავიარე შეკრება...

- ათენის ოლიმპიადაზე ორი ზვიადაური გახდა ჩემპიონი: ზურა - საქართველოს, ჯარჯი კი საბერძნეთის სახელით...

- ზურაბ ზვიადაური მსოფლიოში უძლიერესი ძიუდოისტია!

- მაგრამ ათენის ოლიმპიადის ორი გმირი, ბიძაშვილი ზვიადაურები დღეს უბრად არიან...
- მცირე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და ზურა ამის გამოა გულნატკენი... ზურაბ ზვიადაური ჩემი ბიძაშვილია, ჩემი სისხლი და ხორცი, გაუგებრობა კი დედმამიშვილებს შორისაც ხდება. შესაძლოა, წლობით არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ძმა ძმის, ბიძაშვილი კი ბიძაშვილის გარეშე მაინც ვერ გაძლებს. დრო ყველაფრის მკურნალია და როცა შევხვდებით, დარწმუნებული ვარ, ძველებური სიყვარულით გადავეხვევით ერთმანეთს! შარშანდლამდე ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, მცირედი გაუგებრობა კი მას შემდეგ მოხდა, რაც ზურა პოლიტიკაში წავიდა...

- და ისე გამოვიდა, რომ პოლიტიკა ბიძაშვილობაზე მაღლა დადგა? მტკივნეულია ამის მოსმენა, მაგრამ ზურამ თქვა, ჯარჯი ჩემთვის მკვდარიაო.
- ბიძაშვილობაზე მაღლა არაფერი დადგება! აზრის გამოხატვის უფლება კი ყველას აქვს. დარწმუნებული ვარ, ეს სიტყვები გაბრაზებულმა თქვა, თორემ მართლა "მკვდარი" ხომ არ ვიქნები მისთვის? ზურა ჩემი სისხლი და ხორცია და ჩემთვის არასდროს იქნება მკვდარი. მეტიც, როცა გარდავიცვლებით, მაშინაც ჩემი ბიძაშვილი იქნება!

- არ სჯობდა, თუ ბიძაშვილს არა, საერთოდ არავის არ დასდგომოდით გვერდით?
- ჩემი აზრი მქონდა და ის გამოვხატე. ზურა ჩემი ბიძაშვილია, ზაზა კედელაშვილი კი ჩემი ბავშვობის მეგობარი, უახლოესი ძმაკაცია და მას დავუდექი გვერდით...

- და მაინც, რა არის საქართველო ჯარჯი ზვიადაურისთვის, მხოლოდ წარსული? იქნებ მომავალიც...
- საქართველო ჩემი სამშობლოა, ჩემი სიწმინდე, ჩემი ცხოვრების აზრი! ქვეყანა, სადაც დავიბადე, სადაც მშობლები და მეგობრები მყავს! ჯერ არ ვიცი, რა იქნება მომავალში, რადგან ჩემი მომავალი ჩემს შვილებს უკავშირდება. ქართული ორივემ იცის, სამშობლოს სიყვარულით ვზრდი და საქართველოში ყოველ ზამთარ-ზაფხულს ჩამომყავს. დანარჩენი ისე იქნება, როგორც გადაწყვეტენ... რაც შეეხება ძიუდოს, კარგად ვხედავ, რომ ისეთი ძლიერი თაობა მოდის, საქართველოში ჩემი, როგორც აქტიური სპორტსმენის ადგილი არ არის.
ალუდა
04 აპრილი 2015 15:17
ჯარჯი ყოველთვის ჯარჯი იქნება გაუმარჯოს კაი ვაჟს რაღაცას ნუ ბჟუტურებენ ვიღაც ვიღაცები სანამ რამეს იტყვით ჯერ სარკეში ჩაიხედეთ მერე თქვენს განვლილ წლებს გადახედეთ რა გაგიკეთებიათ საქართველოსთვის
ბაჩო
22 თებერვალი 2015 16:14
არ ვამტყუნებ ჯარჯის, რომ წავიდა საქართველოდან. ბევრ მოჩიდავეს ვიცნობ ჯარჯისთან ერთად რომ ვარჯიშობდნენ და ბევრი მასავით წავიდოდა შანსი რომ ქონოდა ვინც დარჩა ჯარჯიზე არანაკლებები დგესდგეობით გაჩირვების და უპატრონობის გამო ჩვეულებრივ გლეხებად დარჩნენ. კაი ქნა რომ წავიდა მარა ერთა გვარის შეცვლა ქართველისთვის ბევრ რამეზე ნიშნავს უარის თქმას. თუმცა აუცილებელიც გახდა ალბათ მისთვის და მაგითომ შეიცვალა მარა ახლა აღარაა საქართველოში ის სიტუაცია რო შიმშილით მოკვდე მითუმეტეს ამხელა კარიერის პატრონი. მას თუ ბედმა არგუნა და სამშობლსო მოსწყვიტა გაჭირვებამ მისი შვილები მაინც უნდა გაიზარდონა ქ და თვითონაც რაგა დარჩენია საბერძნეთში ჩამოვიდეს და თვითონ რაც აკლდა მომავალ თაობას მისცეს ის სპოღტ დარბაზები და კარგი მწურთვნელები თავის თამადობით, მისცეს წინ სვლის შანსი მომავალ თაობას რომ მათაც არ ქონდეთ მერე მიზეზად გაჩრვება და სამშობლოდან იძულებით წასვლა. გვარი კი ძალიან მწყდება გული ასეთ გვარის პატრონი შვილს ილიადისად, რომ მონათლი ძნ საწყენია ჯარჯის კი ახსოვს მარა მის შვილებს და შვილიშვილებს მხოლოდ უცხოურ გვარად ჩარჩბათ გონებაში ეს დიდი გვარი.
vako
10 ნოემბერი 2013 16:25
ამა თუ იმ პიროვნების პატრიოტიზმი მჟღავნდება მის ყოველდღიურ საქმიანობაში. ამ მხრივ კი ჯარჯი ზვიადაურის პიროვნება პატრიოტიზმის ეტალონად ნამდვილად ვერ გამოდგება. რაც შეეხება იმ არგუმენტს რომ თითქოსდა საქართველოში შექმნილმა რთულმა პირობებმა აიძულა იგი წასულიყო სამშობლოდან და სახელ-გვარიც კი გამოეცვალა, ცოტა არ იყოს თავის გამართლების მცდელობად მეჩვენება. არავინ კამათობს იმაზე რომ მაშინ ჩვენს ქვეყანას მართლაც რთული დროება ედგა, მაგრამ თუკი ყველა ქართველი ვინც კი საკუთარ თავში ზვიადაურის მზგავსად პოტენციალს იგრძნობდა უნდა წასულიყო ამ ქვეყნიდან მისი რეალიზებისთვის, მაშინ ვიღას უნდა ეზრუნდა და ებრძოლა საიმისოდ რომ საქართველო გამოსულიყო ამ რთული მდგომარეობიდან? ჩემი აზრით, ჯარჯი ზვიადაურმა მაშინ უბრალოდ იზრუნა საკუთარი კარიერის მოწყობაზე და დიდი სპორცმენიც დადგა, მაგრამ მის წარმატებულ საქმიანობას არავითარი საერთო არ აქვს პატრიოტიზმთან. კაცი რომელიც სახელსა და გვარს შეიცვლის, რაც ადამიანის ვინაობისა და იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია მას პატრიოტობაზე, ვფიქრობ, აღარ უნდა ჰქონდეს პრეტენზია. შეიძლება ვინმემ მიპასუხოს რომ ამის გაკეთება, კარიერის მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე დასადგომად, აუცილებელი იყო. ხალხო! ნებისმიერი პიროვნების კარიერა, ნებისმიერი პიროვნების ყოველდღიური ყოფა გარკვეული ფასეულობისაკენ სწრაფვით მოტივირდება. მე მინდა ვიყო ძლიერი, მინდა ვიყო პროფესიონალი ჩემ საქმეში და ვიყო წარმატებული რათა ამით საკუთარ სამშობლოს გავუწიო ღირსეული სამსახური და თუ არა სამშობლო, სხვა რა შეიძლება იყოს ადამიანისთვის ამაზე უფრო დიდ ფასეულობა? ვფიქრობ თითოეული ქართველის ყოველდღიური ყოფა უნდა მოტივირდებოდეს სამი ფასეულობით და ეს ფასეულობებია ღმერთი! სამშობლო! ადამიანი.
გარდა ამისა მინდა ვთქვა რომ ჯარჯის, როგორც სპორცმენს უდიდეს პატივს ვცემ და ადამიანურად მესმის კიდეც მისი. იგი ჩემთვის არის დიდი სპორცმენი მაგრამ არა დიდი ქართველი და ეს გზა მან თავად აირჩია. თუ ვიკითხავთ იმას რა იქნებოდა რომ არ წასულიყო საქართველოდან, გეტყვით რომ ჯარჯი ზვიადაური უდაოდ იქნებოდა დიდი ქართველი მაგრამ შეისაძლოა არ ყოფილიყო დიდი სპორცმენი, თუმცა უდაოად შეინარჩუნებდა შანსს გამდარიყო ორივე ერთად.

რედაქტორის რჩევით