"რუსებს უნდა დავუმტკიცო!" - კვირის პალიტრა

"რუსებს უნდა დავუმტკიცო!"

"ჩემი არწასვლით რუსებს ნამდვილად გავახარებ, რადგან კონკურენტი მოაკლდებათ"

"ამ ფოტოებზე "ზედმეტი" არაფერი ჩანს"

უნდა მიიღოს თუ არა ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა სოჭში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში? - ეს კითხვა კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რუსმა "სამშვიდობოებმა" ე. წ. ადმინისტაციული საზღვარი ისევ გადმოსწიეს, სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე ერთ-ერთ მეჩირაღდნედ კი 2008 წლის აგვისტოს ომის "გმირი", სამხედრო მფრინავი ივან ნეჩაევი გაამწესეს... მართალია, ქართული დელეგაციის ყულაბაში ზამთრის ოლიმპიადის ოთხი ლიცენზიაა, მაგრამ ყველას მოეხსენება, რომ სოჭში მედლის მოპოვების რეალური შანსი ქართველთაგან მხოლოდ მოციგურავე ელენე გედევანიშვილს აქვს. ქომაგი ყველაზე დიდი ინტერესით ამიტომაც ელის ელენეს გადაწყვეტილებას, რომელიც ყურადღების ცენტრში რამდენიმე დღის წინაც მოექცა, როცა ქართულ ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა ფოტოები, რომლებშიც მოციგურავე ყინულზე საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი პოზირებს. 23 წლის ელენე გედევანიშვილთან მცირე კომენტარი ოთხშაბათს გაზეთ "ყველა სიახლეში" გამოქვეყნდა, რის შემდეგაც ჩავთვალეთ, რომ ახალგაზრდა სპორტსმენთან ვრცელი ინტერვიუს ჩაწერა საზოგადოებისთვის საინტერესო იქნებოდა და ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე მოციგურავეს ვესაუბრეთ.

- რაზეა საბოლოოდ დამოკიდებული, მიიღებ თუ არა მონაწილეობას სოჭის ოლიმპიურ თამაშებში?

- საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებაზე. ძნელი იქნება უარის თქმა ტურნირზე, რომლისთვისაც წლებია ვემზადებით, ისიც ვიცი, რომ ჩემი არწასვლით რუსებს ნამდვილად გავახარებ, რადგან კონკურენტი მოაკლდებათ, მაგრამ როგორც ჩვენი ქვეყნისთვის იქნება უკეთესი, ისე მოვიქცევი...

ისიც კი მოვისმინე, სოჭში დროშის გარეშე მივიღოთ მონაწილეობაო... ასეთი რამ წარმოუდგენელია. დროშა ქვეყნის სიმბოლოა და დიდ ძალას მმატებს. ოლიმპიადაზე როგორ უნდა წავიდეთ იმ დროშის გარეშე, რომლისთვისაც მუდამ თავდაუზოგავად ვიბრძვით?!

- ეს ის შემთხვევაა, როცა სპორტსმენი ვალდებულია, პირადი შეხედულებების მიუხედავად, საერთო გადაწყვეტილებას შეუერთდეს?

- მე შეიძლება, გადავწყვიტო, როგორი მაკიაჟი გავიკეთო ან რა ფერის შარვალი ჩავიცვა ვარჯიშის დროს, ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება კი უფლებამოსილმა ხალხმა უნდა მიიღოს. რაც მთავარია, საკუთარ თავთან მართალი ვარ, რაც შემეძლო გავაკეთე და ოლიმპიადის ლიცენზია მოვიპოვე.

- ერთია პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ უშუალოდ სპორტული კუთხით რა შანსი ექნება ელენე გედევანიშვილს სოჭში?

- კარგ ფორმაში ვარ, ოთხი თვის შემდეგ კი გაცილებით უკეთ ვიქნები მომზადებული... მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ რუსები უსამართლოდ მომექცნენ (2006 წელს მოციგურავის დედა რუსეთიდან დეპორტირებულთა შორის მოხვდა და ელენე იძულებული გახდა, მოსკოვი თავადაც დაეტოვებინა. - ავტ.), ეს ჩემი საქმეა, რასაც დიდი ხანია ვაკეთებ და ძალიან მიყვარს. ამიტომ პირადი ემოცია გვერდით უნდა გადავდო. თუმცა, თუ სოჭში ვიასპარეზებ, ნეგატიური მოგონებები დამეხმარება, უფრო მეტად მოტივირებული ვიყო და უკეთესი შედეგი ვაჩვენო...

- რას უპასუხებ იმ ხალხს, ვინც ფიქრობს, რომ სოჭის ოლიმპიადაზე წარმატების შანსი არა გვაქვს და სჯობს, ბოიკოტით მაინც დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია?

- საწყენია, თუ საქართველოში ასე ბევრი ფიქრობს. არასპორტსმენისთვის ადვილია თქმა - მაინც ვერაფერს მივაღწევთ და რაღაზე მივდივართო, ჩვენთვის კი, ვინც ყოველდღიურად, თავდაუზოგავად ვვარჯიშობთ, ასეთი რამ როგორი მოსასმენია?! მით უმეტეს, ოლიმპიადაში მონაწილეობა ნებისმიერი სპორტსმენის ოცნებაა. რუსებისთვის უკეთესიც იქნება, თუ არ ჩავალთ. თუ გავემგზავრე, ბოლომდე ვიბრძოლებ და შევეცდები, ყველას დავუმტკიცო, რომ შანსი გვაქვს!

- სოჭში გამოსვლა ჩემთვის ფსიქოლოგიურად იქნება ძნელიო... რას გულისხმობდი?

- რთულია, როცა დიდი ხნის განმავლობაში ემზადები, დაზუსტებით კი არ იცი, წახვალ თუ არა ოლიმპიადაზე... შენ მაინც მოემზადე და მერე ვნახოთ, რა იქნებაო, ასეთ პირობებში მოტივაციის პოვნა ძნელია... 16 წლის აღარ ვარ, ტკივილს და ტრავმებს ძველებურად ვეღარ ვუძლებ, ამდენჯერ დაცემა და ადგომა ადვილი არ არის, მაგრამ რუსებს უნდა დავუმტკიცო, რომ პატარა, მაგრამ ყველაზე მაგარი ქვეყანა ვართ!

- შარშან "იზვესტიასთან" ინტერვიუში თქვი, მართლმადიდებლები ვართ და უნდა შევეცადოთ, მიმტევებლები ვიყოთ, რუსეთში წლების განმავლობაში ვცხოვრობდი და მომავალშიც სიამოვნებით ჩავალო. რუს ხალხს უკვე აპატიე?

- ის პერიოდი სასიამოვნოდ ნამდვილად არ მახსენდება. მას შემდეგ წლები გავიდა, მე კი სულ ვცდილობ, ყველაფერი ნეგატიური წარსულში დავტოვო და წინ წავიდე.

- ცნობილია, რომ იმ წლებში, როცა მოსკოვში ცხოვრობდი, არაერთხელ შემოუთავაზებიათ რუსეთის სახელით ასპარეზობა...

- ქართველი ვარ, ჩემი სამშობლო, ჩვენი წმინდა მიწა, უზომოდ მიყვარს და არასდროს არაფერში გავცვლი!

- ფოტოებს, რომლებშიც საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი პოზირებ ყინულზე, ინტერნეტში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა...

- ფოტოები სამი წლის წინ არის გადაღებული. ეს იყო ცნობილი იაპონელი სპორტული ჟურნალისტის პროექტი, რომელიც სხვადასხვა სახეობის სპორტსმენების კუნთების შედარებას ისახავდა მიზნად. იმ მომენტში ასე მჭირდებოდა, გავაკეთე და მიმაჩნია, რომ ცუდი არაფერი ჩამიდენია. მით უმეტეს, იმ ფოტოებზე "ზედმეტი" არაფერი ჩანს (იცინის). ნეგატიური და პოზიტიური შეფასებები ყოველთვის იქნება. ჩემთვის მთავარია, რას იტყვის ჩემი ოჯახი.