ევროპისთვის აგვისტოდან ვიბრძოლებთ - კვირის პალიტრა

ევროპისთვის აგვისტოდან ვიბრძოლებთ

ასული კვირა მნიშვნელოვანი იმით გახლდათ, რამ გაირკვა ის 15 ნაკრები, რომლებიც 2011 წლის  ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძოლებენ. მათ შორისაა A  დივიზიონში წელს აღზევებული საქართველოს ნაკრებიც, რომელიც განთესვის შედეგად მეხუთე კალათში მოხვდა უკრაინასთან და ჩერნოგორიასთან ერთად.

კალათი სულ ხუთია. პირველში მაკედონია, პოლონეთი და ბრიტანეთი მოხვდნენ; მეორეში - ისრაელი, ბულგარეთი და ლატვია; მესამეში - ბელგია, ბოსნია და ფინეთი; მეოთხეში კი - იტალია, პორტუგალია და უნგრეთი; მეხუთე კალათზე უკვე გესაუბრეთ. შესაბამისად, ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცით, რომ თანაკალათელი ჩერნოგორიისა და უკრაინის გარდა, მეტოქეებად დარჩენილი თორმეტიდან, შეიძლება, ნებისმიერი ოთხი გუნდი გვერგოს. კენჭისყრა თვეზე ნაკლებ დროში, 2010 წლის 16 იანვარს გაიმართება და შეიქმნება სამი ხუთგუნდიანი ჯგუფი, რომლებიდანაც, პირველ ადგილზე გასულები და ორი საუკეთესო მეორე ადგილის მფლობელი ევროპის ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებენ. მათ დაემატება კიდევ ერთი გუნდი, რომელსაც საერთო შედეგების მიხედვით, მეექვსე-მეთერთმეტე ადგილზე გასული გუნდები დამატებით შესარჩევ ტურნირში გამოავლენენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ნაკრების მეტოქეები იანვარში გახდება ცნობილი. თუმცა, იქამდე, მცირე კომენტარი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს,  ბესიკ ლიპარტელიანს ვთხოვეთ, რომელიც ცოტა ხნის წინ ამ თანამდებობაზე ზედიზედ მესამედ აირჩიეს.

- ამ ეტაპისთვის მხოლოდ ის ვიცით, რომ უკრაინისა და ჩერნოგორიის გარდა, დანარჩენ ოთხ კალათში განთესილი გუნდებიდან მეტოქედ ნებისმიერი შეიძლება გვერგოს. სამაგიეროდ, უკვე ცნობილია მატჩების თარიღები: შესარჩევი ეტაპი 2010 წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 28-ში დასრულდება...

- თვეზე ნაკლებ დროში, ჩვენს ნაკრებს 8 მატჩის ჩატარება მოუწევს. მომქანცველი სეზონის ბოლოს, ასეთი დატვირთვისთვის ძალა გვეყოფა?

- საკლუბო ჩემპიონატები თითქმის ყველგან მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში სრულდება. ამიტომაც, მოთამაშეებს ძალების აღსადგენად ძალზე ცოტა დრო ექნებათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აგვისტოში, გულშემატკივართა დიდი ნაწილი ქალაქიდან არის გასული და შესაძლოა, ნაკრების მატჩებს ჩვეულად ბევრი ქომაგი ვერ დაესწროს. თუმცა, ვერაფერს ვიზამთ. მთავარია ლეგიონერებმა დროულად მოახერხონ შეკრებაზე ჩამოსვლა.

- ბუნებრივია, მოსამზადებელი ეტაპიც და საკონტროლო მატჩებიც მხოლოდ მას შემდეგ დაიგეგმება, რაც ქვეჯგუფის მეტოქეებს შევიტყობთ, მაგრამ მაინც - დღესდღეობით თუ არის ცნობილი რომელიმე ტურნირი ან ამხანაგური შეხვედრა, რომელშიც ჩვენი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას?

- ამ ეტაპზე ჯერ არაფერია ცნობილი. ყველა კენჭისყრის შედეგებს ელის და მზადების გრაფიკსაც ამის მერე შეადგენენ. როცა შესარჩევი ჯგუფების შემადგენლობა იქნება ცნობილი, მერე დაიგეგმება ტურნირებიც და საკონტროლო მატჩებით. ვფიქრობ, თებერვლის შუა რიცხვებისთვის უკვე გვეცოდინება, როდის და სად ვითამაშებთ.

- რამდენიმე სიტყვა ცნობილი სერბი მწვრთნელის - ვესელინ მატიჩის სტუმრობაზეც ვთქვათ, რომელმაც გასულ კვირას სემინარები ჩაუტარა ქართველ მწვრთნელებს...

- კალათბურთის ფედერაცია თვითონაც ცდილობს, რაც შეიძლება მეტმა ქართველმა მწვრთნელმა გაიაროს სემინარი საზღვარგარეთ, მაგრამ ასეთი სტუმრების ჩვენთან ჩამოსვლა მაინც ძალიან სასურველია, რადგან რაც შეიძლება ბევრი მაღალკვალიფიციური მწვრთნელი გვჭირდება. ალბათ გახსოვთ, 2005 წელს, მატიჩის კანდიდატურა საქართველოს ნაკრების თავკაცის ადგილზეც განიხილებოდა. ასე რომ, ის ქართულ კალათბურთს კარგად იცნობს და აქ ჩამოსვლით თვითონაც კმაყოფილი გახლდათ.