"ქართველებს ჯერ არ გვითქვამს ჩვენი სიტყვა მსოფლიო რაგბიში"
21-10-2013
"ქართველებს ჯერ არ გვითქვამს ჩვენი სიტყვა მსოფლიო რაგბიში"
"თუ კლუბში ვერ ვითამაშე, ნაკრებს როგორღა გამოვადგები?"

ახალი სეზონიდან ფრანგული "მონპელიესა" და საქართველოს ნაკრების ლიდერი მამუკა გორგოძე ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ "ტულონში" ითამაშებს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესამეხაზელმა ტულონელებთან შეთანხმებას უკვე მოაწერა ხელი და მომავალი წლის ზაფხულიდან ისეთი მოთამაშეების მხარდამხარ იასპარეზებს, როგორიც ჯონი ვილკინსონი, ბრაიან ჰაბანა, ბაკის ბოთა, დრიუ მიჩელი და სხვები არიან. რაც მთავარია, ლაჟვარდოვან სანაპიროსთან კიდევ უფრო მიახლოებულ "გულივერას" (გორგოძის ერთ-ერთი მეტსახელია. - ავტ.) ახალ კლუბში ლევან ჩილაჩავა
და კონსტანტინე მიქაუტაძეც დახვდებიან. მანამდე კი ტრავმის გამო რამდენიმეთვიანი უქმობის შემდეგ, მამუკა გორგოძე "მონპელიეს" გასულ კვირას დაუბრუნდა. ბორჯღალოსანთა ერთ-ერთ ლიდერთან ინტერვიუ კი, ბუნებრივია, "ტულონზე" ლაპარაკით დავიწყეთ:


- დიახ, უკვე გადაწყვეტილია, რომ ივლისიდან "ტულონში" ვითამაშებ. ხელშეკრულება 3+1 სისტემით გაფორმდება.

- ლიდერთან განშორებას "მონპელიე" ადვილად ვერ დათანხმდებოდა...

- გუნდის დატოვება რომ გადავწყვიტე, "მონპელიეს" ხელმძღვანელობამ თავის თავს უნდა დააბრალოს. როცა გუნდს დასჭირდა, მეორე ხაზში თამაშზე უარი არასდროს მითქვამს, მაგრამ ამის გამო მწვრთნელთან მაინც მქონდა უთანხმოება. ალბათ, ამანაც იმოქმედა... სხვათა შორის, "მონპელიეს" ქომაგები ჩემი გაშვების გამო კლუბის ხელმძღვანელობაზე ძალიან გაბრაზდნენ.

- თავად არ გაგიჭირდება მშობლიურ კლუბთან განშორება? მეცხრე წელია, მონპელიეში ცხოვრობ...
- მეგონა, "მონპელიედან" ვერასოდეს წავალ და კარიერასაც აქვე დავასრულებ-მეთქი, მაგრამ... წლებია, აქ ვარ და ვფიქრობ, უკვე "გადავიზარდე" ამ გუნდისთვის. თავს რაც უნდა კარგად გრძნობდეს, წლების შემდეგ სპორტსმენს ახალი სისხლი, ახალი მოტივაცია სჭირდება. შემართება არასდროს მაკლდა, მაგრამ შედარებით ასაკოვანი მოთამაშეებისგან ვიცი - რაც უნდა მონდომებული იყო, ახალ გუნდში მაინც სხვაგვარად ხარ მოტივირებული.

- არჩევანი მაინცდამაინც "ტულონზე" რატომ შეაჩერე, შენი გადაბირება ხომ "კლერმონსა" და "პერპინიანსაც" სურდათ?
- მათ გარდა, "სტად ფრანსეც" აქტიურობდა. სპორტული თვალსაზრისით, "ტულონი" და "კლერმონი" "პერპინიანს" ნამდვილად სჯობია, ამ ორ კლუბს შორის კი უპირატესობა მაინც "ტულონს" მივანიჭე. ჯერ ერთი, "კლერმონმა" ხელშეკრულების გაფორმება შედარებით მოკლე ვადით (2+1 წელი) შემომთავაზა. თანაც, ტულონი საცხოვრებლადაც უფრო მომწონს - სამხრეთული, მზიანი ქალაქია, ლაჟვარდოვან სანაპიროსთან ცხოვრება ჩემი ოჯახის წევრებსაც მოსწონთ. ტულონელებს გუნდის შემადგენლობაც "კლერმონზე" უკეთესი ჰყავთ. დღეს "ტულონი" უძლიერესი კლუბია - შარშან "ჰაინეკენის თასი" მოიგო და "ტოპ-14"-ის ფინალის მოგებამდეც ცოტა დააკლდა.

- გამოდის, გადაწყვეტილება ზღვისა და მზის "ხათრითაც" მიგიღია...
- ბუნების მოყვარული ვარ და ნადირობაც მიყვარს, მაგრამ მთას მაინც ბარი, თბილი ჰავა მირჩევნია. მიუხედავად იმისა, რომ ზღვაზე არ ვგიჟდები, კოტ-დ,აზური - კანი და ნიცა ძალიან მიყვარს... სხვათა შორის, კოტ-დ,აზური, ანუ ლაჟვარდოვანი სანაპირო, სწორედ ტულონიდან იწყება.

- ნადირობა მიყვარსო და... საფრანგეთში ლიცენზიის აღებას რომ აპირებდი, ეგ საქმე როგორ დამთავრდა?

- ლიცენზია ჯერაც არა მაქვს, მაგრამ ზოგჯერ მაინც დავდივარ სანადიროდ. ძირითადად, ისეთ მეგობრებთან ერთად ვნადირობ, ვისაც ამის უფლება აქვს და თუ ეგერებს მოვკრავ თვალს, თოფს მაშინვე თანმხლებს მივაწოდებ ხოლმე (იცინის). აი, "კლერმონში" რომ გადავსულიყავი, ზირაქასთან (საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი. - ავტ.) ნადირობა მერე გენახათ, დათო ხომ ცნობილი მონადირეა...

- "ტულონს" 2011 წელსაც შეუთანხმდი, საბოლოოდ კი მაინც "მონპელიეში" დარჩი და ტულონური კლუბის მულტიმილიონერი მფლობელი მურად ბურჯელალი ძალიან გააბრაზე. ჩანს, ბურჯელალს წყენამ უკვე გაუარა და, როგორც იქნა, დაგითანხმა...
- თავად მითხრა, იმ ამბის გახსენება აღარც მინდა, ცხოვრებაში იმდენი რამ მინახავს, მათთან შედარებით ეგ არაფერია და ძალიან გაგვიხარდება, ჩვენთან თუ წამოხვალო. ისიც იცის, რომ მაშინ "მონპელიემ" ყველაფერი გააკეთა ჩემს შესანარჩუნებლად. იმდენი მიჩიჩინეს, რომ წახვიდე, გუნდი დაიშლებაო, დამიყოლიეს... როცა შეთანხმებას მივაღწიეთ, ბურჯელალმა ისიც მითხრა, როგორც იქნა, მეღირსება, შენ და ბოთა (მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეორეხაზელი, სამხრეთაფრიკელი მორაგბე ბაკის ბოთა. - ავტ.) ერთად გნახოთ მოედანზეო.

- მურად ბურჯელალი მართლაც ისეთი ექსცენტრიკული კაცია, როგორადაც ფრანგულ პრესაში ახასიათებენ?

- მეც თავისებური მეგონა, მაგრამ ეს უმდიდრესი ადამიანი მთლიანად რაგბიზეა გადართული, ამით ცხოვრობს და რა გასაკვირია, ამბიციურიც რომ იყოს?

- ქართველი მორაგბეების ნახვა საფრანგეთის "ტოპ-14"-ის თითქმის ყველა კლუბში შეიძლება, მაგრამ "ტულონში" კოტე მიქაუტაძე და ლევან ჩილაჩავაც რომ დაგხვდებიან, ესეც ხომ დიდი პლუსია?
- რა თქმა უნდა. ისინი რომ არა, შესაძლოა, "ტულონში" გადასვლას არც დავთანხმებოდი. როცა გუნდში ქართველი მხვდება, უკვე ერთი ნაბიჯით წინ ვარ (იცინის). სასიხარულოა, ქართველები საფრანგეთის თითქმის ყველა ძლიერ კლუბში რომ თამაშობენ, მაგრამ სიმართლე ვთქვათ - წამყვან პოზიციებზე ისევ მხოლოდ პირველხაზელები არიან. ძლიერ გუნდში კონკურენციაც დიდია. თანაც, რაც უნდა ბევრს ვარჯიშობდე, თუ სათამაშო პრაქტიკა არა გაქვს, წინსვლა ძნელია...

- ტრავმა ბოლომდე მოიშუშე?
- ზაფხულში მამაჩემი გარდაიცვალა და საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ თავს ცუდად ვგრძნობდი. გადაღლილი და ნანერვიულები კი კუნთმაც დამაღალატა და ორი თვე არ მივარჯიშია. ამას სეზონთაშორისი შესვენებაც დაერთო და ხუთი თვე წუთითაც არ მითამაშია! სამაგიეროდ, გასულ კვირას მოვასწარი ორი მატჩის თამაში და თანდათან ფორმასაც აღვიდგენ.

- ცნობილია, რომ მამა ყველაზე მეტად გქომაგობდა, შენ შესახებ დაბეჭდილ ყველა პუბლიკაციას ინახავდა... მისი გარდაცვალების შემდეგ, რაგბიზე კონცენტრირება არ გაგიჭირდა? თუ პირიქით, მძიმე პერიოდი ვარჯიშმა გადაგატანინა?
- უმისოდ ძალიან გამიჭირდა... თამაშის შემდეგ, ტელეფონზე პირველი ზარი ყოველთვის მისგან იყო ხოლმე, ახლა კი... საქართველოში რომ ჩამოვალ და ტრიბუნაზე ვეღარ დავინახავ, კიდევ უფრო რთული გადასატანი იქნება. რაგბი უზომოდ უყვარდა, ამით სულდგმულობდა. თამაში გამიჭირდა, მაგრამ... ჩემს ზურგს უკან იმდენი ხალხია, წაქცევის უფლება არა მაქვს...

- ივნისში არც "თბილისის თასზე" გითამაშია და არც არგენტინის ნაკრებთან მატჩში... გულშემატკივარს კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რატომ არ იყო მამუკა გორგოძე ბორჯღალოსნებთან ერთად?
- ნაკრებზე წინ არასდროს არაფერი დამიყენებია, მაგრამ ივნისში ასეთ ტურნირებზე ვერასდროს ჩამოვალ! გასულ სეზონზე ყველაზე მეტი, 2400 წუთამდე ვითამაშე და, ბუნებრივია, მომქანცველი სეზონის შემდეგ დასვენება მჭირდება. ამ დროს ნაკრებში თუ ვითამაშე, აღდგენითი პერიოდის გვიან დაწყება მომიწევს. კლუბში ჩემი ადგილი მაქვს და არც დაფასება მაკლია, მაგრამ თავს უფლებას ვერ მივცემ, ფრანგი ვარსკვლავებივით მოვიქცე და ვარჯიში გვიან დავიწყო. კონკურენცია ძალიან დიდია, თუ კლუბში ვერ ვითამაშე, ნაკრებს როგორღა გამოვადგები? შესაძლოა, ივნისის ორი მატჩით ისე გაიფუჭო საქმე, ნაკრებს გადამწყვეტ მატჩებში ვეღარ დაეხმარო... ელიტური დივიზიონიდან რომელიმე ქართველი მორაგბე თუ ჩამოსულა ნაკრებში იმდენჯერ, რამდენჯერაც მე? მაგრამ ისეთ გუნდებთან, "თბილისის თასზე" რომ ითამაშეს, საქართველოს ნაკრებმა ლიდერების გარეშეც უნდა მოიგოს! მნიშვნელოვან შეხვედრებში ყოველთვის გუნდთან ვარ, მაგრამ საკლუბო კარიერასაც თუ არ მივხედე, რა გამოვა... ქართველებს ჯერ არ გვითქვამს ჩვენი სიტყვა მსოფლიო რაგბიში და მოდუნების უფლება არა გვაქვს!

- ნოემბრის ტესტ-მატჩებში კანადას, აშშ-სა და სამოას უნდა ვუმასპინძლოთ...
- და გაინტერესებთ, ვითამაშებ თუ არა (იცინის)? რა თქმა უნდა, ჩამოვალ! ზაფხულში რატომაც ვერ ჩამოვედი, უკვე გითხარით, თორემ მნიშვნელოვან მატჩებში ნაკრებს არც გამოვკლებივარ და არც გამოვაკლდები! აშშ და კანადაც ძლიერი მეტოქეები არიან, სამოასთან თამაში კი განსაკუთრებით რთული იქნება. ჩვენ კი არა, მათთან თამაში ბობოლა ნაკრებებსაც უჭირთ. ფრანგები მეუბნებიან, წინათ სამოას ნაკრების მოთამაშეები ჭკუას არ აყოლებდნენ თამაშს, ფონს გასვლას მხოლოდ უხეშობით ცდილობდნენო, ახლა კი ჭკვიანური თამაშიც ისწავლეს და უძლიერესი გუნდი ჰყავთ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით