მარადონა: "პელე რას მიქვია!" - კვირის პალიტრა

მარადონა: "პელე რას მიქვია!"

ფეხბურთის უგვირგვინო მეფე, არგენტინელი დიეგო მარადონა ვერაფრით ეგუება იმ ფაქტს, რომ ვინმე შეიძლება მას პელეს ამჯობინებდეს. ახირებულ არგენტინელს არც პელე რჩება ვალში და მათი ეს ქიშპი უკვე წლებია, გრძელდება. დაპირისპირებული გენიოსები იქამდეც კი მივიდნენ, რომ ახლა საკუთარი "მემკვიდრეების" შედარება  დაიწყეს - ერთი მესის აქებს და ადიდებს, მეორე - ნეიმარს.

მარადონას ბოლო გამოსვლის მიზეზი ფიფას გადაწყვეტილება გახდა: მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვაში - "მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი" - მარადონამ გაიმარჯვა, ფიფამ გამარჯვებულად ორივე დაასახელა, მიზეზად კი ის მოიყვანეს, რომ მარადონას თამაში მეტმა ადამიანმა ნახა, ვიდრე - პელესი, ამიტომ მისი მომხრეები უფრო აქტიურობდნენ და ინტერნეტსაც იყენებდნენ.

ამით გაწიწმატებულმა მარადონამ განაცხადა, რომ "პელე მასთან ახლოსაც ვერ მივა" და ის "თასს კი არა, ნეხვს იმსახურებს. როგორ არის პელე მსოფლიოში პირველი, როდესაც იგი მის მშობლიურ ბრაზილიაშიც კი მეორეა?" - იკითხა მარადონამ.

ამ კითხვამ სპორტული ჟურნალისტები საგონებელში ჩააგდო. მარადონას ჰკითხეს, გარინჩას გულისხმობდა თუ რონალდოს, არგენტინელმა კი განაცხადა, რომ ავტომრბოლელი აირტონ სენა ჰყავდა მხედველობაში. რაც შეეხება გარინჩას, 2006 წელს მისი და პელეს ურთიერთობას მარადონამ პრესკონფერენცია მიუძღვნა; "გარინჩას ცოლმა მიამბო, რომ პელე მას არ დაეხმარა და გაჭირვებაში მიატოვა. იგი სიღატაკეში გარდაიცვალა. რა ჰქვია კაცს, რომელიც მეგობარს ასე მოექცევა?"

პელესაც აქვს არგუმენტები, თუ რატომ არ შეიძლება იყოს მარადონა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. "მარჯვენა ფეხით კარგად ვერ ურტყამდა და თავით ვერ თამაშობდა," - განაცხადა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ორი წლის წინ. მარადონას ბოლო გამოხდომაზე კი არანაკლებ ეპატაჟურ ფეხბურთის მეფეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, ალბათ, ამისთვის დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს.