"ვიცი, რომ უფროსებშიც წარმატებით ვიჭიდავებ!" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ვიცი, რომ უფროსებშიც წარმატებით ვიჭიდავებ!" (ექსკლუზივი)

"ძიუდო ჩემთვის ყველაფერია!"

"გაფრთხილების, მეტოქის პასიურობის ხარჯზე გამარჯვება არ მიყვარს!"

"დრაკონებს კი არა, ლომებს შორის გავხდი ჩემპიონი"

ბექა ღვინიაშვილი 18 წლის 26 ოქტომბერს გახდა, ოღონდ საკუთარ თავს საჩუქარი წინასწარ, ერთი დღით ადრე გაუკეთა და ლუბლიანაში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთივე შეხვედრა იპონით მოიგო! ქართველმა ძიუდოისტმა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ჯერ კადეტთა შორის გაიმარჯვა, გასულ კვირას კი დუბლი ახალგაზრდებს შორისაც შეასრულა - ახალგაზრდებს შორის სექტემბერში მოგებულ ევროპირველობას მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც წაამატა. რუისელი ფალავნისგან არც წმინდად მოგებული შეხვედრები გვიკვირს, ლუბლიანის მსგავსად, ბექამ ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ყველა მატჩიც ხომ ვადაზე ადრე დაასრულა გამარჯვებით! უკვე კარგა ხანია, ახალგაზრდა სპორტსმენი გვარს ამართლებს, დაღვინებული, ზრდასრული ფალავანივით ჭიდაობს და აგერ უკვე მერამდენედ დაამტკიცა, რომ მისი სახით ქართულ ძიუდოს ახალი ვარსკვლავი ეზრდება. ბექა ღვინიაშვილს ლუბლიანაში შევეხმიანეთ და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთად დაბადების დღეც მივულოცეთ:

- ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ, ლუბლიანაშიც საჩემპიონო განწყობით ჩამოვედი. რამდენიმე შეხვედრაში დაღლილობა დამეტყო და სუნთქვის პრობლემებიც შემექმნა, რადგან უკანასკნელი სამი დღე ცოტა ვიავადმყოფე, მაგრამ მთავარია, ამან ჩემპიონობაში ხელი არ შემიშალა...

- ნაავადმყოფარმა თუ ხუთივე შეხვედრა იპონით მოიგე, ჯანმრთელი რაღას იზამდი?!

- თავს ვერც შეკრების დროს ვგრძნობდი კარგად, ამას გაცივებაც დაერთო და... ყველაზე მეტად მეორე წრეში გამიჭირდა რუს რამაზან მალსიგენოვთან, დაღლილობა აშკარად მეტყობოდა, მაგრამ მაინც დავაიპონე. ნახევარფინალსა და ფინალში მეორე სუნთქვა გამეხსნა...

- ევროპის ჩემპიონატის მსგავსად, ლუბლიანაშიც ყველა მატჩში იპონით გაიმარჯვე... ეს იმას ნიშნავს, რომ ბექა ღვინიაშვილს თავის ასაკში ბადალი არა ჰყავს?

- რადგან ევროპის ჩემპიონატზეც გავიმარჯვე და მსოფლიოზეც, ალბათ, ასეა (იცინის). მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა უძლიერესი ძიუდოისტი ასპარეზობს და იქ ჭიდაობა გაცილებით რთულიც არის და საინტერესოც. სად ევროპელთან ჭიდაობა და სად - აზიელთან? მაგალითად, ფინალში რომ მოვუგე, ის ყაზახი მოჭიდავე ყველაზე გამოცდილი და ძლიერი იყო ჩემს დღევანდელ მოწინააღმდეგეებს შორის. ფიზიკურადაც კარგად იყო მომზადებული... შემტევი სტილის მოყვარული ვარ და უმეტესად გდებების წყალობით ვიგებ ხოლმე. გაფრთხილების, მეტოქის პასიურობის ხარჯზე გამარჯვება არ მიყვარს! ქართული ჭიდაობის ტურნირებზე ხშირად მნახავთ და რა გასაკვირია, გდებები განსაკუთრებულად რომ მიყვარდეს? გეთანხმებით, აქტიურ ჭიდაობას რისკიც ახლავს და შესაძლოა, მეტოქის კონტრილეთს "წამოეგო", მაგრამ ხომ იცით, ვინც არ გარისკავს, ვერც გაიმარჯვებს!

- სექტემბერში მშობლიურ რუისში გამართულ ქართული ჭიდაობის ტურნირზეც იოლად გაიმარჯვე... საერთოდ, რაც წესები შეიცვალა, ძიუდო კიდევ უფრო დაუახლოვდა ჩვენებურ ჭიდაობას და ეს ქართველი ძიუდოისტების შედეგებსაც დაეტყო...

- ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებამდე ქართული ჭიდაობის ტურნირებზეც გავიმარჯვე, რამაც პრაქტიკაც შემძინა და მეტი თავდაჯერებაც. ჩვენებურ ჭიდაობას ვერაფერი შეედრება, ეროვნულ ჭიდაობას ყველა ქართველი ძიუდოისტი უნდა იყენებდეს და აუცილებლად გამოადგებათ. მით უმეტეს, თქვენც აღნიშნეთ, რომ წესების შეცვლის შემდეგ ძიუდო კიდევ უფრო დაემსგავსა ქართულ ჭიდაობას.

- დაჯილდოებისას, ოქროს მედალთან ერთად, ლუბლიანის სიმბოლო - მწვანე დრაკონიც გადმოგცეს... დრაკონებში გამარჯვებას განსაკუთრებული გემო ექნებოდა...

- დრაკონებს კი არა, ლომებს შორის გავხდი ჩემპიონი. უბრალოდ, დრაკონის გამოსახულებით დამაჯილდოეს (იცინის).

- 18 წლისას ასაკობრივ ტურნირებში უკვე ყველაფერი მოგებული გაქვს, მაგრამ დიდების ტურნირებზე გამოსვლა, ალბათ, ჯერ მაინც ადრეა შენთვის... შენც ასე ფიქრობ?

- ეს მწვრთნელებისა და მამაჩემის გადასაწყვეტია... თავად ნამდვილად არა მაქვს პრობლემა - ვიცი, რომ უფროსებშიც წარმატებით ვიჭიდავებ! მეტიც, მგონია, რომ დიდებში უკეთ ვიასპარეზებ, რადგან გამოცდილ სპორტსმენებთან ბრძოლა უფრო მიადვილდება, ვიდრე ახალბედებთან. რატომ? მიყვარს, როცა მეტოქე "მომყვება", დროის გაყვანას კი არ ცდილობს, მიტევს და ილეთის გასაკეთებლად იწევს...

- 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვალერი ლიპარტელიანი ჭიდაობს და თუ უფროსებში გადასვლას დააპირებ, ლიპოსთან მოგიწევს პაექრობა. მოგისინჯავთ ძალა? ტურნირებზე არა, მაგრამ, ალბათ, ვარჯიშის დროს მაინც გიჭიდავიათ...

- არა, ლიპოსთან ჯერ ნამდვილად არ მიჭიდავია. არც მგონია, ჯერ მასთან საპაექროდ ვიყო მზად. დანარჩენი კი, თუ შევხვდებით, ტატამზე გამოჩნდება.

- ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე წელს გუნდური ტურნირიც იმართება და, ალბათ, მოუთმენლად ელით...

- მთელი გუნდი საჩემპიონოდ ვართ შემართული, გუნდური ჩემპიონობის მოპოვება უფრო გვინდა, ვიდრე ინდივიდუალური მედლების. საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ნაკრებს რატომ უნდა ჩამოვრჩეთ, უფროსები თუ გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები, ჩვენ რატომ ვერ უნდა შევძლოთ?!

- გყავს მისაბაძი ძიუდოისტი, ვისი ჭიდაობაც ყველაზე მეტად მოგწონს?

- როცა აქტიური სპორტსმენი იყო, ყველაზე მეტად ზურაბ ზვიადაურის ჭიდაობის სტილი მომწონდა. ვალერი ლიპარტელიანისა და ჯარჯი ზვიადაურის ჭიდაობაც მომწონს. მეც მათნაირი სტილი მაქვს...

- გისურვებ, ზვიადაურების კვალზე წახვიდე და ოლიმპიური ჩემპიონი გახდე! მანამდე კი ის გავიხსენოთ, ვარშავის ტურნირის შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ფეირ-პლეის სპეციალური სერტიფიკატით რომ დაგაჯილდოვა...

- ვარშავაში ჩემთან შეხვედრისას, უნგრელმა კრისტაიან ტოტმა ტრავმა მიიღო და ჭიდაობას ვეღარ აგრძელებდა. ქართველებს მეტოქის პატივისცემა არ გვესწავლება, ბუნებრივია, წამოდგომაშიც დავეხმარე და ტატამიდანაც გავიყვანე... სწორედ ამის გამო დამაჯილდოეს ფეირ-პლეის სერტიფიკატით, რომელსაც აწერია: "ძიუდო სპორტზე მეტია!"

- შენთვის ძიუდო მანამდეც ხომ იყო სპორტზე მეტი?

- მოკლედ გეტყვით - ძიუდო ჩემთვის ყველაფერია!

- დასასრულ, რაზე ოცნებობ, რა არის ბექა ღვინიაშვილის მიზანი?

- (იღიმის). როცა მივაღწევ და ყველა დაინახავს, ამაზე მერე ვილაპარაკოთ.