წითლების დღე
11-11-2013
წითლების დღე
საქართველო 19:15 კანადა

ნოემბრის ტესტ-მატჩების პირველ დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადის ეროვნული გუნდი დაამარცხა და შარშან, ვანკუვერში წაგებისთვის რევანში აიღო. შემოდგომის ბოლო თვეს გასამართი სამი მატჩი მილტონ ჰეიგის მიერ საქართველოს ნაკრებში გაწეული შრომის ერთგვარი შეჯამებაა. სწორედ ნოემბრის ტესტებმა უნდა გამოაჩინოს, სწორი გზით მიჰყავს თუ არა ბორჯღალოსნები ახალზელანდიელ სპეციალისტს. მხოლოდ "ნეკერჩხლის ფოთლებთან" (კანადის ნაკრების მეტსახელია. - ავტ.) მატჩით ამაზე მსჯელობა ნაადრევია, ამიტომაც, თქვენს ყურადღებას შეხვედრის მთავარ მომენტებზე შევაჩერებთ,
დანარჩენს კი აშშ-თან და სამოასთან თამაშები გამოაჩენს!

წვიმიანი ამინდის გამო, ხელდახელ ბურთაობას ორივე გუნდი ერიდებოდა და პირველი ნახევარი შედარებით უსახური ამიტომაც გამოდგა. ოღონდ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ვიტო კოლელიშვილი, რომელსაც მეტოქე გუნდის ლამის ნახევარი კი შემოელახა, მაგრამ არბიტრთან და მის წითელ ბარათთან "ვერაფერს გახდა" და გასახდელში ნაადრევად გადაინაცვლა... საბოლოოდ,
პირველ ნახევარში კანადელებმა მასპინძლებზე მეტი საჯარიმო შეასრულეს ზუსტად და ტაიმი 12:9 მოიგეს.
მეორე ნახევარში წითელი ბარათი აღარ გვინახავს, მაგრამ ტაიმი მაინც წითლებისა (ბორჯღალოსნები ნოემბრის სამივე მატჩს ახალი, წითელი ფორმით ითამაშებენ. - ავტ.) იყო და 52-ე წუთზე შეხვედრის ერთადერთი ლელოც დავდეთ: მარცხენა ფლანგზე წამოწყებული ჩინებული შეტევა თედო ზიბზიბაძემ დაასრულა და ბურთი ზედ კუთხის ალამთან დაამიწა! გარდასახვა მერაბ კვირიკაშვილმა შეასრულა ზუსტად და 16:12 დავწინაურდით. მალევე, სტუმრებმა საჯარიმო დარტყმით ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა ლელოდან ათ წუთში, "მეკომ" კიდევ ერთხელ დაჰკრა ზუსტად და მას შემდეგ, ანგარიშიI აღარც შეცვლილა - 19:15!

მომავალ შაბათს, საქართველოს ნაკრების მორიგი გამოცდაა - 14.00 საათზე, რუსთავის ახალ, სარაგბო სტადიონზე აშშ-ის ნაკრებს უნდა დავუხვდეთ. "არწივების" (ასე მოიხსენიებენ აშშ-ის ნაკრებს. - ავტ.) სახით პრინციპული მეტოქე კი გვყავს, მაგრამ ამერიკელებისთვის აქამდეც არაერთხელ მოგვიგია. აი, ნოემბრის მთავარი მატჩი კი 23-ში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გველის სამოას უძლიერეს ნაკრებთან!
glaxuna
11 ნოემბერი 2013 17:09
მიდით ქართველებო...ყველაზე მამაცი,გულიანი და ღირსეული ქართველები ხართ. თქვენი გამარჯვებები...ერის გამარჯვებების საწინდარია!!!

იბრძოლეთ თავდადებით ე რ ი ს ღირსებისა და ავტორიტეტისათვის...
ჯავახელი
11 ნოემბერი 2013 11:29
მიდით ლომებო სამოა არა რუმინეთი..ბოლომდეე დაანგრიეთ!!!

რედაქტორის რჩევით