"ოქროს საჭეს" ქართველებიც ირჩევენ
11-11-2013
"ოქროს საჭეს" ქართველებიც ირჩევენ
"ოქროს საჭე" საავტომობილო სამყაროში იგივეა, რაც "ოსკარი" კინოინდუსტრიაში!

მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო დაჯილდოების - "ოქროს საჭის" მფლობელს წელს საქართველოშიც გამოავლენენ. "ოქროს საჭე 2013" არის გამოკითხვა, რომელიც საავტომობილო ჟურნალ "აუტო ბილდ საქართველოსა" და კომპანია "ვისოლის" მხარდაჭერით იმართება. აქცია სექტემბერში დაიწყო და წლის მიწურულს წლის საუკეთესო ავტომანქანები 6 სხვადასხვა კლასში გამოვლინდება. ქართველ ავტომოყვარულებს სასურველი ავტომანქანისთვის ხმის მიცემა შეუძლიათ "აუტო ბილდ საქართველოს" (www.autobild.ge), ასევე, "პალიტრამედიის" სხვა
დასხვა მედიასაშუალების ვებგვერდებზე (www.ambebi.ge, www.palitratv.ge, www.adami.ge), "ვისოლის" ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსებული სპეციალური ბანერების მეშვეობით.


შალვა ბუაჩიძე ("აუტო ბილდ საქართველოს" მთავარი რედაქტორი): - "ოქროს საჭის" დაჯილდოების ცერემონიალი გერმანიაში 1976 წლიდან იმართება და თამამად შეიძლება ითქვას, დღეს ეს ჯილდო საავტომობილო სამყაროში იმავე მასშტაბისაა, როგორიც "ოსკარი" კინოინდუსტრიაში! ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელებს ყოველწლიურად  ასახელებენ ევროპის 25
ქვეყანაში და მოხარული ვართ, რომ ამიერიდან ასეთი შესაძლებლობა ქართველებსაც მიეცემა.

"ოქროს საჭის" ნომინანტთა გამოვლენაში "აუტო ბილდ საქართველო" 2008 წლიდან, ანუ გამოცემის დღიდან მონაწილეობს. გამოკითხვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება, 6 სხვადასხვა კლასის უახლესი მოდელებიდან შეირჩევიან ფინალისტები, რომლებსაც "აუტო ბილდის" რედაქტორები ყოველ შემოდგომაზე იტალიაში ვტესტავთ და შესაბამისი ქულებით ვაფასებთ. ასეთი ტესტ-დრაივი წელს უკვე გაიმართა, შედეგებიც გაგზავნილია და "აუტო ბილდ საქართველოს" დეკემბრის ნომერში გამარჯვებული ავტომანქანების შესახებაც მოგიყვებით. თუმცა, ჩვენთვის გაცილებით საინტერესოა, რომელ ავტომანქანებს ანიჭებენ უპირატესობას ქართველი ავტომოყვარულები. ამის დასადგენად სექტემბერში დავიწყეთ გამოკითხვა და წლის ბოლოს გამოვავლენთ 2013 წელს წარმოებულ მოდელებს, რომლებიც ადგილობრივ მომხმარებლებში ყველაზე დიდი მოწონებით სარგებლობენ. რჩეული ავტომანქანისთვის ერთი  IP მისამართიდან ხმის მიცემა მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი, რაც გამორიცხავს გამოკითხვის შედეგების გაყალბებას".

წლის საუკეთესო ავტომანქანების გამოვლენაში აქტიურად არიან ჩაბმული საავტომობილო მარკების ოფიციალური წარმომადგენლობები, დილერები და სხვადასხვა მარკის ავტომანქანების ფან-კლუბები. გამოკითხვის მხარდაჭერისა და "ოქროს საჭის" ნომინაციაში დასახელებული კონკრეტული მოდელების რეკლამირების მიზნით აქციები ყოველ შაბათს სხვადასხვა ავტოცენტრში გაიმართება. გასულ შაბათს პირველ ასეთ აქცია-ღონისძიებას უმასპინძლა "ნისანის" ცენტრმა, რომელიც "ოქროს საჭის" ნომინაციაში მცირელიტრაჟიანი Nissan Note-ით არის წარმოდგენილი. ცენტრის სტუმრებს "ნისანის", "აუტო ბილდ საქართველოსა" და "ვისოლის" წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. გაიმართა ახალი Nissan Tiida-ს პრეზენტაცია, მსურველებისთვის კი ტესტ-დრაივიც მოეწყო...

"ოქროს საჭე 2013-ის" პირველ მხარდამჭერ აქციას "ნისანის" ცენტრში საზეიმო ცერემონიალს კომპანია "ვისოლის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე ესწრებოდა.
"ოქროს საჭე 2013" ძალიან საინტერესო კონკურსია, ბევრ ქვეყანაში ტარდება და მიხარია, რომ საქართველოშიც ჩაეყარა საფუძველი. ამ კონკურსში თანამედროვე მანქანები მონაწილეობენ, თანამედროვე მანქანებს კი მაღალი ხარისხის საწვავი სჭირდებათ, ასეთი ხარისხი საქართველოში კომპანია "ვისოლს" გააჩნია. ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ "აუტო ბილდის" ამ კონკურსში ჩავერთოთ და ყოველწლიურად მივიღოთ მონაწილეობა", - განაცხადა ფხაკაძემ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით