USA მართლიანი წაგება? - კვირის პალიტრა

USA მართლიანი წაგება?

საქართველო 23:25 აშშ

საქართველოს ნაკრები მასზე უკეთ ორგანიზებულ  გუნდთან დამარცხდა!

აშშ-ის ნაკრები თბილისში მოსაგებად ჩამოვიდა. მოიგეს კიდეც და მიუხედავად იმისა, რომ მარცხთან ძალიან ახლოს იყვნენ, ძნელად თუ მოგვიბრუნდება ენა იმის სათქმელად, რომ "არწივებმა" (აშშ-ის ნაკრების მეტსახელია.- ავტ.) უსამართლოდ გაიმარჯვეს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია წაგება დავაბრალოთ უიღბლობას, მსაჯს (რომელმაც ზოგიერთ ეპიზოდში მართლაც საკამათო გადაწყვეტილებები მიიღო), მაგრამ მარცხის უმთავრესი მიზეზი მაინც ჩვენივე შეცდომებსა და არასწორ გადაწყვეტილებებში უნდა ვეძებოთ. რაც უნდა მწარე იყოს ასეთი მატჩის უკანასკნელ წამებზე წაგება, ფაქტი ფაქტად რჩება: საქართველოს ნაკრები დამარცხდა მასზე უკეთ ორგანიზებულ გუნდთან!

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებს ისევ აკლია სტაბილური მოთამაშე, რომელიც საჭირო მომენტშიI მართებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს და შეტევისთვის სწორი მიმართულების მიცემაც შეეძლება. ახლა კი, გამოდის, რომ შერკინებაში მოპოვებული უდიდესი უპირატესობის ქულებად გარდასახვა ძალიან გვიჭირს და უკანახაზელთა იშვიათი აფეთქებების იმედად ვართ.

ამერიკელებთან შეხვედრაში ასეთი აფეთქება რამდენჯერმე ვნახეთ და 9-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილებაც ამის დამსახურებაა, ოღონდ, ჩვენდა სამწუხაროდ, სტუმრები დამხვდურებზე სწრაფად შლიდნენ თამაშს, ხაზიც უფრო ბევრჯერ "გაჭრეს" და მხოლოდ დაშვებული შეცდომების რაოდენობით ჩამოგვრჩნენ.

აშშ-ის ნაკრები მსოფლიო რეიტინგში კანადელ მეზობლებსაც ჩამორჩება და საქართველოს ნაკრებსაც, ოღონდ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რაკიღა ერთი კვირით ადრე კანადელებს მოვუგეთ, "არწივებსაც" აუცილებლად გავუყენებდით მათ გზას. პირიქით - აგერ, მერამდენედ დამტკიცდა, რომ ბორჯღალოსანთათვის აშშ-ის ნაკრები მართლაც "უხერხული" მოწინააღმდეგეა! ორი წლის წინ ვაკის არენაზე ამერიკელებს მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ დროში დადებული ლელოს ხარჯზე ვძლიეთ, ამჯერად კი, ბედის ირონიით, ბოლო წამებზე წაგების სიმწარე თავადაც გამოგვაცდევინეს.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბორჯღალოსნებს 23 ნოემბერს, სამოასთან მატჩში ვნახავთ, ამერიკელებს კი რუსთავის ახალ, სარაგბო სტადიონზე ვუმასპინძლეთ და... დასანან მარცხთან ერთად, ოკეანის გაღმა სარეიტინგო ქულებიც გავატანეთ.  მილტონ ჰეიგის სამწყსო პრინციპულ მეტოქეს შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებებით დაუხვდა. ვიტო კოლელიშვილი დისკვალიფიკაციის, გუნდის კაპიტანი - ირაკლი მაჩხანელი კი ტრავმის გამო მოვისაკლისეთ, რის გამოც კაპიტნის სამკლავური მამუკა გორგოძეს გადაეცა. "გულივერას" (გორგოძის მეტსახელია. - ავტ.) შესაჩერებლად ამჯერადაც 4-5 მეტოქე იყო საჭირო, გუნდისთავი მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილებებსაც ემოციურად აპროტესტებდა, მაგრამ... სამწუხაროდ, ჩვენი გუნდისთვის იღბლიანი არც რუსთავის სტადიონი აღმოჩნდა და არც კაპიტანი.

კანადასთან მატჩის მეორე ტაიმი მოტეხილი თითით ითამაშა მერაბ კვირიკაშვილმა. ბორჯღალოსანთა საუკეთესო მექულეს თამაში "არწივებთანაც" საეჭვო გახლდათ, თუმცა, საბოლოოდ მაინც ითამაშა და ქართველთა მიერ მოპოვებული 23 ქულიდან 18 სწორედ "მეკოს" ანგარიშზეა, ოღონდ ტრავმის კვალი კვირიკაშვილს მაინც ეტყობოდა, რადგან ისეთი საჯარიმოებიც ააცილა, სხვა დროს აუცილებლად რომ გაიტანდა... სხვათა შორის, გვარიანი სხვაობით ვიყავით წინ, როცა ბურთის კიდეზე გადატანას "მეკომ" 60-იოდე მეტრიდან(!) დარტყმა ამჯობინა და ააცილა, მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი ბურთი კიდეზე მოიგერია. როგორც მერე გაირკვა, ნაადრევად...

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და ჯერ კვირიკაშვილის ზუსტი საჯარიმოს, მერე კი მის მიერვე გატანილი ლელო-გარდასახვის ხარჯზე 10:0 დავწინაურდით. 21-ე წუთზე სტუმრებმა სწრაფი ლელოთი გვიპასუხეს, რასაც ზუსტი საჯარიმო დარტყმების გაცვლა მოჰყვა. მას მერე კი, რაც ჩვენს დამრტყმელს ზედიზედ ორი დარტყმა გაუცუდდა, "არწივებმა" ხაზი სწრაფი შეტევით "გაგვიჭრეს" და შესვენებაზე ორქულიანი უპირატესობით წავიდნენ - 13:15.

თამაში თხუთმეტი წუთის განახლებული იყო, როცა სტუმართა შერკინების ბურჯი ადგილიდან ისე სწრაფად მოსწყდა, არწივს მართლაც შეშურდებოდა და რუსთავის სტადიონზე წაგების სურნელი დატრიალდა - 13:22! მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ფარ-ხმალი არ დაუყრიათ და ათიოდ წუთში ამერიკელებს ულამაზესი ლელოთი უპასუხეს. კვირიკაშვილმა გარდასახა, ძირითადი დროის ამოწურვამდე 5 წუთით ადრე კი საჯარიმო დარტყმაც  ზუსტად შეასრულა - 23:22!

ამას შეხვედრის ყველაზე დრამატული წუთები მოჰყვა: ძირითადი დრო უკვე ამოწურული გახლდათ, როცა იმის იმედად, რომ არბიტრი თამაშს დაასრულებდა, "მეკომ" მძლავრი დარტყმით აუტში გაგზავნა ბურთი... ჩვენდა სამწუხაროდ, ზელანდიელმა მსაჯმა თამაში განაახლა, შეხვედრის 86-ე(!) წუთზე კი "არწივებს" გამარჯვების მომტანი ჯარიმა აჩუქა.

P. S. ასე რომ, თავად განსაჯეთ, ზედმეტია თუ არა კითხვის ნიშანი სტატიის სათაურის ბოლოს?