კოკაია გადადგა - კვირის პალიტრა

კოკაია გადადგა

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა კლუბის პრეზიდენტ ილია კოკაიას განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კოკაია იმერული კლუბის პრეზიდენტის თანამდებობიდან მიდის. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ იმერული კლუბის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ფეხბურთის ფედერაციის თავკაც ზვიად სიჭინავას ულტიმატუმით მიმართა - თუ სამი დღის ვადაში არ გადადგები, თანამდებობიდან მე წავალო... ზვიად სიჭინავა ჯერაც სფფ-ის პრეზიდენტია, ილია კოკაიამ კი სიტყვა შეასრულა და "ზესტაფონიდან" წასვლის შესახებ გამოაცხადა.

"ჩემი ღრმა რწმენით, ფედერაცია დღეს არა ფეხბურთის სახლად, არამედ ვიწრო, პირადი და ხშირ შემთხვევაში მერკანტილური ინტერესების რეალიზების საშუალებად იქცა", -  ნათქვამია კოკაიას განცხადებაში. გარდა ამისა, ზესტაფონური კლუბის ექსპრეზიდენტი უკმაყოფილოა საფეხბურთო კლუბების არათანაბარი დაფინანსების პრინციპითა და "საფეხბურთო ოჯახის სათავეში რეალური ძალის არმქონე პრეზიდენტის ყოფნით, რომლის უნიათო საქმიანობის მწვერვალი გახლდათ სფფ-ის დაფუძნებული იურიდიული სტრუქტურის ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც საკონტრაქტო სისტემა პირდაპირი დარტყმის ქვეშ დააყენა".