"იმის თქმა, რომ ამ წლებში არაფერი გაკეთებულა, უმადურობაა..."
18-11-2013
"იმის თქმა, რომ ამ წლებში არაფერი გაკეთებულა, უმადურობაა..."
"ამ წლებში შეცდომებიც დავუშვით, მაგრამ შეცდომას მხოლოდ ის არ უშვებს, ვინც არაფერს აკეთებს!"

"ყველამ დაინახა, რომ სკამს ნამდვილად არ ვებღაუჭები"


საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებამდე (11 დეკემბერს არის დანიშნული. - ავტ.) სამი კვირა დარჩა, მაგრამ ახლავე შეიძლება ითქვას, რომ ქართულ კალათბურთს ახალი მესაჭე ეყოლება. ბესიკ ლიპარტელიანმა, რომელიც ბოლო 12 წელიწადია, ფედერაციას ხელმძღვანელობს, გასულ კვირას დაადასტურა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ასე რომ, საკალათბურთო სამყაროს არჩევანის გაკეთება მიხეილ ახვლედიანს, ვლადიმერ ბოისას,
კახაბერ შენგელიასა და მიხეილ გაბრიჩიძეს შორის მოუწევს. თუმცა, კანდიდატებზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ, მანამდე კი იმის გარკვევა ვცადეთ, ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო თუ ზეწოლის გამო...


- 2013 წელს გასამართ არჩევნებში მონაწილეობას რომ აღარ მივიღებდი, ჯერ კიდევ ორი წლის წინ, მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც საქართველოს
ნაკრებმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე... თუმცა, ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო იმის მოსმენა, რასაც მიხეილ ახვლედიანი და მისი თანამოაზრეები ამტკიცებენ, - რომ ქართული კალათბურთი კრიზისშია, წლებია არაფერი გაკეთებულა და ა.შ. ახალი პრეზიდენტი სპორტის მინისტრმა კი არ უნდა დანიშნოს, საკალათბურთო სამყარომ უნდა აირჩიოს და ერთი წლის განმავლობაში სწორედ ამიტომ აღარ გავახმაურე ჩემი გადაწყვეტილება. როცა ახვლედიანის გარდა, სხვა კანდიდატებიც გამოჩნდნენ, ჩავთვალე, რომ მოვიდა დრო, ქართველი ქომაგისთვის მეჩვენებინა - სკამს ნამდვილად არ ვებღაუჭები და არც წესდებაა ჩემზე "მორგებული"... მიმაჩნია, რომ დღეს ყველა კანდიდატი თანაბარ პირობებშია, დანარჩენი კი საკალათბურთო სამყარომ გადაწყვიტოს!

- წასვლა ჯერ კიდევ 2011 წელს გადავწყვიტეო... ჩათვალეთ, რომ რაკი ნაკრებმა ევრობასკეტზე ითამაშა, თქვენი მისია შესრულებული იყო?
- 2001 წელს, როცა პრეზიდენტი გავხდი, ფედერაციის ბიუჯეტი მხოლოდ 37 ათასი ლარი იყო, არ თბებოდა არც ერთი დარბაზი, არ არსებობდა საქართველოს ნაკრები... მალე მივხვდით, რომ ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბების, სახელმწიფოს დახმარების გარეშე ქვეყანაში კალათბურთი ვერ განვითარდებოდა. ასე შეიქმნა ეროვნული გუნდი 2004 წელს. უცხოელი სპეციალისტის დასაქირავებელი თანხა არ გაგვაჩნდა და ბატონ ბადრი პატარკაციშვილს ვთხოვეთ, თბილისის "დინამოს" უცხოელ მწვრთნელს ნაკრების თავკაცადაც ემუშავა... მას შემდეგ ნაკრებმა ბევრი მწვრთნელი და ნატურალიზებული მოთამაშე გამოიცვალა. რამდენჯერმე ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრამდე ცოტა დაგვაკლდა და ბედნიერი ვარ, ეს ჩემი პრეზიდენტობის ბოლო წლებში მაინც რომ შევძელით! მოკლედ, კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი, მაგრამ იმის თქმა, რომ ამ წლებში არაფერი გაკეთებულა, უმადურობაა... და ფედერაციის ახალი ხელმძღვანელი მეტის გაკეთებას თუ შეძლებს, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს?

- თუ ამ წლებში ყველაფერი კარგად იყო, რატომ არ არის საკალათბურთო სამყარო ერთიანი, რატომ ვხედავთ პრეზიდენტობის ამდენ მსურველს?
- 2001 წელს, როცა ფედერაციის პრეზიდენტი გავხდი, ამ პოსტისთვის მხოლოდ ორი კანდიდატი - მე და ბატონი მიხეილ ქორქია ვიბრძოდით. 2005 და 2009 წლების არჩევნებზე კი, სამწუხაროდ, არავის გასჩენია სურვილი, ჩემთვის კონკურენცია გაეწია.

- ფიქრობთ, რომ ეს კარგია?
- რა თქმა უნდა, არა! ალბათ, გარკვეულწილად ამანაც მოადუნა ჩვენი ყურადღება, შესაძლოა, რაღაცები გამოგვრჩა კიდეც, მეტი უნდა გველაპარაკა იმ შესწორებებზე, რაც წესდებაში შევიტანეთ. თუმცა, თავად წესდების გამო უსამართლოდ გვედავებიან, ნამდვილად არავისზე არ არის მორგებული და კანონმდებლობასაც სრულად შეესაბამება. არ უარვყოფ, ალბათ, ამ წლებში შეცდომებიც დავუშვით, მაგრამ შეცდომას მხოლოდ ის არ უშვებს, ვინც არაფერს აკეთებს! ყველანაირად შევეცადეთ, მრავალწლიანი ჩავარდნის შემდეგ ქართული კალათბურთი ისევ წამოგვეწია წინა პლანზე. არჩევნებს რაც შეეხება, ვერავინ იტყვის, რომ 2005 ან 2009 წლებში ფედერაციის პრეზიდენტობა სურდა და ხელი შეუშალეს!

- გამგეობის სხდომამ დელეგატების რაოდენობის ორმოცამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, ამაზე რას იტყვით?
- დელეგატების არჩევის პრინციპის დადგენისას შეცდომა რომ არ დაგვეშვა, გამგეობის წევრებმა თვე-ნახევრის განმავლობაში საკალათბურთო სამყარო კარდაკარ მოვიარეთ. ყველას სურს, ხმის უფლება ჰქონდეს, მაგრამ სათითაოდ ვერ მივცემდით მანდატს. ამიტომაც ვეტერან კალათბურთელთა კავშირს, მსაჯთა კავშირსა და მწვრთნელთა კავშირს 2-2 მანდატი დავუთმეთ, რვა მანდატი ექნება ფედერაციის გამგეობას, რომლის  წევრების უმეტესობასაც ასევე ვეტერანი კალათბურთელები შეადგენენ, დანარჩენი 26 მანდატი კი საკალათბურთო კლუბების, ბავშვთა სკოლებისა და რეგიონული ფედერაციების წარმომადგენლებს გავუნაწილეთ.

- გიფიქრიათ, რითი დაკავდებით ფედერაციიდან წამოსვლის შემდეგ?
- მიმაჩნია, რომ ქართული კალათბურთის ისტორიაში მცირედი წვლილი მეც მიმიძღვის და მინდა, ყველას მადლობა ვუთხრა, ვისთან ერთადაც მიმუშავია. ამ წლებში ძალიან რთული გზა გავიარე - ვიყავი კალათბურთელიც, მწვრთნელიც, ფედერაციის პრეზიდენტიც... სად და როგორ გავაგრძელებ საქმიანობას, დრო გვიჩვენებს. ისე კი, სპორტის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია და ისევ სპორტში დავრჩები.
ბაჩო
19 ნოემბერი 2013 19:12
ანდრიას ვეთანხმები

და ბესოც არ არის წარმატებული პრეზიდენტი. ამ ნაკრების საფუძველი წინა საუკუნის ბოლო წლებში ჩაიდო და ეხლა ამუშავდა. ამას დავუმატოთ ბავშვთა ლიგები, რომლებშიც გაბატონებულია მშობელთა მუდამ შუბლშეჭმუხნული გუნდი (ასეც არის). მშობლებზეა ჩამოკიდებული ნებისმიერი მწვრთნელი და მათ დასაცავად ბესოს ხმაც არ ამოუღია.
და ეს ადამიანი ამბობს რომ, წარმატებული იყო მისი პრეზიდენტობა და ნაკრებმა მისი წყალობით მიაღწია რამეს?

რა ვთქვათ ვაჟა ჭკუასელზე? ამდენი ტიტული რომელ მწვრთნელს აქვს მითხარით ვინმემ და ეს მწრთნელი დღეს ახლიდან იწყებს სკოლის კეთებას, მაშინ როდესაც ბესო ლიპარტელიანის და მერაბ კეკელიძის მეშვეობით სკოლა დაკნინდა (სამაგიეროდ ბესოს საკალათბურთო აკადემია დადგა ფეხზე).

სიმართლეს თვალებში უნდა ვუყუროთ!!!
andria
18 ნოემბერი 2013 21:49
რაღაც ძალიან არეული ამ ხალხში თავიანთი ნაკეთების აღქმის და შეფასების უნარი.ვინმემ ამიხსენით რატომ არის ეს კაცი,წარმატებული პრეზიდენტი კალათბურთის ფედერაციის?ნუთუ ისაა წარმატება ჯერ ერთი მეცენატი რომ გაძლევს ფულს და იმით აკეთებ საქმეს და შემდეგ მხოლოდ სახელმწიფოს კმაყოფაზეა მთელი ფდერაცია?ვერცერთი სერიოზული სპონსორი.სამარცხვინო,ეროვნული ჩემპიონატი რომელიც,მხოლოდ სახელმწიფო გუნდების პირველობათაა ქცეული და ისიც ვერ მოხერხდა ამ წლების განმავლობაში ზედიზედ 2 წლის განმავლობაში რომელიმე მეორე-მესამე ხარისხოვან ევროტურნირზე გადამბულად ეთამაშათ აქაურ კლუბებს.არაა პირველი ლიგა,აღარაფერს ვამბობ უფრო დაბალ ლიგებზე.ჩემპიონატის დაწყების წინ არავინ იცის ხოლმე რამდენი კლუბი დაიწყებს ტურნირს და მივა თუ არა ბოლომდე ეს კლუბები,ან ევროპის ჩემპიონატზე ვინმეს დაავიწყდა როგორ მოვხვდით?გუნდების რაოდენობა რომ არ გაეზარდათ ეს ხომ დალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო?ამდენი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა რამოდენიმე წლით მართლა მაღალკვალიფიციური ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის გადაბირება.რა ხდება რეგიონებში იცის ვინმემ/თითო-ოროლა ქალაქის გარდა ბავშვთა სექციებიც კი არ არსებობს,მე პირადად ქუთაისელი ვარ და ვიცი რამდენად მძიმე სიტუაციაა აქ ბავშვთა კალათბურთში.ამდენი წლის განმავლობაში ვინმემ იკითხა რა კვალიფიკაცია აქვთ იმ ხალხს ვინც ბავშვებს ავარჯიშებენ პერიფერიებში?ვინმემ ამ მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის რამე გააკეთა?სემინარი მაინც თუ ჩატარებულა ამ ხალხისთვის აღარაფერს ვამბობ სრულფასოვან კურსებზე და ლიცენზირების სისტემაზე.კალათბურთელების ამ კონტიგენტით რაც ლიპარტელიანის პრეზიდენტობის დროს იყო გაცილებით მეტის მიღწევა რომ,შეიძლებოდა ეს მგონი საკამათო არ უნდა იყოს.

რედაქტორის რჩევით